ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წლის შემდეგ რეალობა საქართველოშიც იცვლება


სოჭის ოლიმპიადის შემდეგ აფხაზეთს შესაძლოა საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის მოტივაცია გაუჩნდეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. ამის შემდეგ რუსეთმა ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო აფხაზეთში საჰაერო, საზღვაო და საზღვრის დაცვის ბაზების ასაშენებლად.
რუსეთის მიერ მშვიდობის იძულებით დამყარების შემდეგ, აფხაზეთში, შავი ზღვის ამ სუბტროპიკულ სანაპიროზე სიმშვიდე და თვითდაჯერება ბრუნდება. ხალხი რუსულ ენაზე საუბრობს, რუსულ რუბლს იყენებს და რუსულ პენსიებს იღებს. აქ მატარებლები მხოლოდ ჩრდილოეთის მიმართულებით დადიან - მარშრუტით სოხუმი- სოჭი-მოსკოვი.
ამ ახალ სტაბილურობაზე ტურისტული სეზონის მოლოდინიც მიუთითებს. წელს აფხაზეთში 2 მილიონ რუს ტურისტს ელოდებიან. იზიდა ჭანია სოხუმში ყოველკვირეული გაზეთის „ნუჟნაია გაზეტას“ გამომცემელია.
ის ამბობს, რომ ზაფხულში სასტუმროს მოძებნა ძალიან ძნელია. კურორტები და სასტუმროები გადაჭედილია და ტურისტების რაოდენობას ვერ აუდიან.
აფხაზები ამბობენ, რომ ისინი რუსულ რივიერაზე კი არა, დამოუკიდებელ აფხაზეთში ცხოვრობენ. ბესლან ბარათელია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკას ასწავლის.
„ის ხალხი, ვინც ომი და ბლოკადა გამოიარა, აქ ეკონომიკური მოსაზრებების გამო არ არიან. ხალხი არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მაღალია შემოსავალი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში ვიდრე აფხაზეთში. აქ საუბარი იმაზეა, თუ როგორ გადარჩა ეს ხალხი, და როგორ მოიტანეს ამ ადამიანებმა დამოუკიდებლობა,“ - ამბობს ბარათელია.
1992-93 წლებში საქართველოსთან ომში გამარჯვების ნიშნებს აქ ყველგან შეხვდებით. აქ კიდევ არის შემორჩენილი დაბომბილი შენობები, რომლებიც ერთ დროს 200 ათასზე მეტი ქართველის სახლები იყო, რომლებმაც აფხაზეთი იძულებით დატოვეს. 20 წლის შემდეგ რეალობა საქართველოშიც იცვლება. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან, აფხაზეთის პატრონთან ურთიერთობის აღდგენისთვის მუშაობს. ივანიშვილს საქართველოსა და აფხაზეთს შორის რკინიგზის აღდგენა სურს. სამხედრო აღლუმის გაუქმება და რეინტეგრაციის სამინისტროსთვის - შერიგების სამინისტროს დარქმევა სეპარატისტული რესპუბლიკისთვის ერთგვარი სიგნალია. ზოგიერთი ქართველის გამოთვლით, 2014 წლის თებერვალში სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ რუსეთისთვის აფხაზეთის მნიშვნელობა შემცირდება. რუსეთისთვის აფხაზეთს ამჟამად ერთგვარი ბუფერული ზონის დანიშნულება აქვს, რომელმაც ოლიმპიადის ადგილები უნდა დაიცვას.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩიკირბა ამ ვითარებას ფრთხილად უყურებს.
„ჩვენ საქართველოსთან ახალი ეპოქაში ვართ. ჩვენ საბედნიეროდ უფრო უსაფრთხოდ ვართ. საქართველო ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი აღარ არის. ის უცხო ქვეყანაა,“ - ამბობს ჩიკირბა.
თუმცა, ის ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსთან საზღვრის სხვა მონაკვეთების გახსნას გეგმავს. წლის ბოლოსთვის ერთის ნაცვლად, ხუთი ასეთი პუნქტი გაიხსნება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთის ფინანსური დახმარება შემცირდება, აფხაზეთს საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის მოტივაცია გაუჩნდება.
როგორც ჩიკირბა ამბობს, აფხაზეთი საქართველოდან პოზიტიურ სიგნალებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან სოხუმი საქართველოსგან მშვიდობიან ნაბიჯებს მხოლოდ მიესალმება.
XS
SM
MD
LG