ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არალეგიტიმური არჩევნები აფხაზეთში


აფხაზეთის საპარალამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ.

აფხაზეთში დღეს დილიდან 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, 149 622 ამომრჩეველმა 150 დარეგისტრირებული კანდიდატიდან 35 უნდა აირჩიოს. წელს პარლამენტს აფხაზეთში 5 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებს აფხაზეთში დააკვირდებიან დამკვირვებლები რუსეთიდან, ლატვიიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბახის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან, ვენესუელიდან, ნიკარაგუადან, ტუვალუდან და ცხინვალის რეგიონიდან.

აფხაზეთის საპარალამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ. პაატა დავითაიას განცხადებით ევროკავშირის, ევროსაბჭოს , აშშ-ის სენატის მიერ აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიადაა აღიარებული და ამიტომ ნებისმიერი ქმედებები, რომელიც საერთაშორისო სამართლის პინციპებს ეწინააღმდეგება - არის არალეგიტიმური. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, მათ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების დაგმობისკენ მოუწოდა:

”ეს არჩევნები არალეგიტიმურია, 300 ათასი დევნილი არის ამ ტერიტორიიდან.. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების მიერ, აშშ-ის სენატის მიერ აფხაზეთი აღიარებულია ოკუპირებულ ტერიტორიად. მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას მოეგოს გონს, ერთადერთი შანსი მათი თვითმყოფადობის გადარჩენის არის საქართველოსთან თანაცხოვრება . იფიქრონ იმ გზებზე, თუ როგორ ერთად ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, ყველა დევნილი დაბრუნდეს თავის სახლში.”

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ დღეს აფხაზეთში არა არჩევნები, არამედ მარიონეტების დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს:

”ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოზიცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, აქ ხდება მხოლოდ მარიონეტების დანიშვნა. ოკუპირებულ, ეთნოწმენდა მომხდარ რეგიონში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დეოკუპაციის, მხოლოდ დევნილების დაბრუნების შემდეგ.”

გავრცელებული ინფორმაციით ასარჩევთა შორის აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში არის 2 ქართველი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამბობს:

”ყოველთვის ასე იყო აფხაზეთის სინამდვილეში.. როცა ჩვენი პარლამენტი აირჩიეს, მაშინაც ვიყავით 26 ქართველი, 28 აფხაზი და 11 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი. ალბათ დაახლოებით იგივე პროპორციებს შეინარჩუნებენ, მაგრამ ვფიქრობ, აფხაზების რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ქართველები წინა არჩევის პარლამენტშიც იყვნენ, მათ შორის გალის რეგიონიდან.

გალის მოსახლეობა ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში?

რა თქმა უნდა ღებულობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, მათი მდგომარეობა ძალიან გართულდება.”

ამ დღეებში აშშ-ის სახელმწიოფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რჩება რეგიონში ნარკოტრაფიკის კერად. ანგარიშიდან:

”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარ კორიდორს წარმოადგენს. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში კვლავ ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება.”

გია გვაზავას თქმით, კერძოდ, აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე ნარკოტიკების მოხმარებამ შეიწირა:

”მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს უკუნტროლო ტერიტორიები არის შავი ხვრელები. ახლა, როცა თითქოს რუსეთი აკონტროლებს, თუ მაინც კონტრაბანდა ხდება, ეს უკვე გააზრებული მოქმედებაა.. ძალიან მოდებულია აფხაზეთში ნარკომანია და შიდსი, როგორც ნაომარ, ასევე ახალ თაობაში. საუბედუროდ აფხაზეთში ძალიან ბევრი მოიხმარს ნარკოტიკებს.. ძალიან ბევრი ავტოავარიაბი ხდება .. პირველ წელს ომის დამთავრების შემდეგ 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში. პატარა აფხაზეთისთვის ეს ძალაინ დიდი რიცხვია, ავარიების მიზეზი იყო სიმთვრალე და ნარკოტიკი.”

XS
SM
MD
LG