ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის გინება და რუსთავი 2-ის შეწყვეტილი მაუწყებლობა


"რუსთავი 2"-ის გამოსახულება, 03.00 საათი, 08.07.2019
"რუსთავი 2"-ის გამოსახულება, 03.00 საათი, 08.07.2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 8 ივლისს, 02 საათსა და 17 წუთზე მაუწყებლობა შეაჩერა. არხის გენერალურმა დირექტორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „რუსთავი 2“-ის დახურვა მოითხოვეს და ჟურნალისტებს ანგარისწორებით დაემუქრნენ. აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა დავით ჟღენტმა, რომელიც საზოგადოებას ჟურნალისტად გაეცნო, კერძოდ ბრძანა:

ჩვენი მოთხოვნა რა არის?! აქ ბოდიშზე არ არის საუბარი, ეს ადამიანები გაბუნია და გვარამია ახლა უშიშროების გამომძიებლებთან უნდა ისხდნენ, როგორც საქართველოს მტრები!"
დავით ჟღენტი, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილე

„მე ორჯერ ვნახე ეს ეთერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტს სპეციალურად დაუწერეს ტექსტი. დაუწერა არხის დირექტორმა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მისი ხელმძღვანელი პირველივე გინებაზე ეთერს გაუთიშავდა! ჩვენი მოთხოვნა რა არის?! აქ ბოდიშზე არ არის საუბარი, ეს ადამიანები გაბუნია და გვარამია ახლა უშიშროების გამომძიებლებთან უნდა ისხდნენ, როგორც საქართველოს მტრები!“ - აღნიშნა ჟღენტმა.

პროტესტი „რუსთავი 2“-ის ეთერში, საკვირაო გადაცემა PS-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას უკიდურესად უხამს მონოლოგს მოჰყვა, სადაც ჟურნალისტმა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-მა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ „გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ ტელეკომპანიის თვირთრეგულირების ორგანო იმსჯელებს.“

PS-ის წამყვანი გიორგი გაბუნია
PS-ის წამყვანი გიორგი გაბუნია

„რუსთავი 2“-ის ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის გინება ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა. მათ გაბუნიას მონოლოგს "საშიში პროვოკაცია" უწოდეს.

ყველაზე შორს საგარეო საქმეთა სამინისტრო წავიდა, რომელმაც სპეციალური განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, "სათანადო შეფასება მისცენ ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს.“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მტკიცებით, სწორედ ხელისუფლებამ გაუკეთა ორგანიზება „სპონტანურ მიტინგს“ ტელეკომპანიასთან, სადაც ჟურნალისტ გაბუნიას და არხის დირექტორის გვარამიას დასჯას მოითხოვდნენ.

„ვიდრე არ მოხდება არხის უსაფრთხოების დაცვა და პოლიცია არ დაიცავს ჩვენს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, მაუწყებლობა იქნება გათიშული“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ და ხაზი გაუსვა, რომ გაბუნიას სამსახურიდან გაშვებას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას შესაბამისი დანაყოფები იცავენ.

საპროტესტო აქციამ კერძო ტელევიზიის წინააღმდეგ 04 საათსა და 30 წუთამდე გასტანა, დაშლამდე პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე მოტხოვნა დააყენეს, მათ შორის - "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა აღარ აღადგინოს,გაბუნიამ და გვარამიამ სამსახური დატოვონ.

„რუსთავი 2-თან აქცია იმაზე ფსკერია, ვიდრე გაბუნიას ჟურნალისტური უფსკრული“
რატი ამაღლობელი, პოეტი

„რუსთავი 2-თან აქცია იმაზე ფსკერია, ვიდრე გაბუნიას ჟურნალისტური უფსკრული“ - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას პოეტი რატი ამაღლობელი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტ გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას.

აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

განახლება: 8 ივლისს, 07 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დილის გადაცემით, "დილა მშვიდობა საქართველო" მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG