ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა ოკუპანტებმა რვა საჩხერელი გაიტაცეს


რუსული საოკუპაციო ხაზი აღმოსავლეთ საქართველოში
რუსული საოკუპაციო ხაზი აღმოსავლეთ საქართველოში

მოსკოვმა და ცხინვალმა თბილისის კეთილი ჟესტი ვერც ამჯერად შეამჩნიეს

გასული კვირის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს საქართველოს 13 მოქალაქე გაიტაცეს. ყველა საჩხერის რაიონის მკვიდრია. გატაცებულებიდან 11 სოფელ კორბოულის მაცხოვრებელია. მათგან ერთი ქალია, 5 კი არასრულწლოვანი. მოლაპარაკების შედეგად, ოსებმა მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა გადმოსცეს ქართულ მხარეს.

ამ შემთხვევიდან, 24 საათში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, ამჯერად საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის მცხოვრებლები - 18 წლის გიორგი შუბითიძე და 21 წლის თემურ რიკაძე დაატყვევეს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები ტყეში ჯონჯოლის მოსაკრეფად იყვნენ შესულნი.

საჩხერის რაიონის სოფლებში, რომლებიც ოკუპაციის ხაზს ესაზღვრება უკიდურესი გაჭირვებაა. ტყეში ჯონჯოლის მოკრეფა და ზამთრისთვის დამწნილება აქ, თავის გატანის ლამის ერთადერთ საშუალებად იქცა. ხვანის მიმდებარე ტყიდან გატაცებული გიორგი შუბითიძის ნათესავი გერვასი შუბითიძე ამბობს:

„ყოველ წელს ასე ვართ დატანჯულები. სხვა შემოსავალი კი არაფერი აქვს ახალგაზრდობას, ამ სოფელში არაფერი არ მუშაობს საერთოდ. მიდიან ტყეში, კრეფენ, ორ კაპიკს იშოვიან, 15 იქნება თუ 20 ლარი და ამასაც გვამწარებენ, გვართმევენ...იარაღით რო კაცი დაგადგება ჩვენ მოვერევით იმასა?!

ჩვენი ყველაფერი აქო, გვეუბნებიან ოსები. რა უნდა ქვა მითხარი! გვერევიან და ეგ არი! ოსიც გვერევა, რუსიც გვერევა..რა ვქნათ მითხარი?! ეხლაც წავიდნენ საკრეფად, კრეფენ ჯონჯოლს, კაპარი ჰქვია ხეს..სხვას კი არაფერს..დაესხნენ თავზე, იარაღით მივიდნენ და დაატყვევეს, რაღაც რაღაცეები ბავშვმა რაც დატოვა იქ იპოვეს მერე. 18 წლის ბიჭია, წაიყვანეს და წავიდნენ..ჯერ არაფერი ვიცით...“

საჩხერის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოშია. თუმცა, კორბოულის და ჭალოვნის თემი, რომელშიც სოფელი ხვანიც შედის, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა და უშუალოდ ესაზღვრება ქარელის რაიონის ოკუპირებულ ნაწილს.

საბჭოთა საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობის დროს, საჩხერის ამ ტერიტორიის მოსაზღვრე ზნაურის რაიონი იყო. თუმცა, 1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოლქის გაუქმებასთან ერთად, ზნაურის რაიონიც გააუქმა და ის ქარელის რაიონს მიუერთა. დაბა ზნაურს კი ყორნისი ეწოდა.

2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ, ეს ტერიტორიაც ოკუპირებულია. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ისევ აღადგინა აქ ზნაურის რაიონი. 2010 წლის დეკემბრიდან კი ფრონის ხეობის სოფლებში: ძვილეთსა და მუგუთში ოკუპანტი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეთა სამართველოები განთავსდა.

რუსი ოკუპანტები აღჭურვილნი არიან რუსული წარმოების ვიდეოლოკატორ „დოზორით“, რომლის მეშვეობითაც ავტომატურ რეჟიმში ხდება ტერიტორიის ვიზუალური კონტროლი; ოკუპანტების განკარგულებაშია ასევე უახლესი უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა „სინერგეტი“.

საჩხერის რაიონისთვის ძალიან პრობლემურია სოფელ პერევის მიმართულებაც. 1990 წელს, ოლქის ლიკვიდაციის შემდეგ, პერევის მომდევნო სოფლები - სინაგური, ხახიეთი, ტბეთი, ზემო და ქვემო ქარზმანი, ჯალაბეთი და თედელეთი ჯავის რაიონის ჩამოართვეს და საჩხერეს დაუბრუნეს. 2008 წელს,რუსეთმა ამ ტერიტორიის ოკუპაციაც მოახდინა და 2010 წლის 18 ოქტომბერს მხოლოდ სოფელი პერევი დატოვა.

შარშან ზაფხულში ოსთა "პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა პირველად მოინახულა ეს სოფლები, რომლებიც თავის დროზე ქართველმა ბოლშევიკებმა ოლქს აჩუქეს. თედელეთში ყოფნისას თიბილოვმა თქვა, რომ ეს "ძირძველი ოსური მიწაა" და რუსი მესაზღვრეები მას გულმოდგინედ დაიცავენ.

როგორც ყორნისი-ზნაურის, ისე ჯავის ოსური სოფლების მხრიდან, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, უკვე 100-ზე მეტი საჩხერის რაიონის მკვიდრია მოტაცებული. ბრალდება ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე, საოკუპაციო ხაზის "დარღვევა". სულ 2009 წლის მაისიდან, 900-მდე საქართველოს მოქალაქეა ამ ბრალდებით დაკავებული.

ოკუპანტები ამით არ კმაყოფილდებიან. ჭალვანის თემის რწმუნებული თინა შუბითიძე ამბობს, რომ ბოლო გატაცება ე.წ საზღვრამდე ერთი კილომეტრით შიგნით მოხდა.

„ე.წ საზღვრიდან ეს მოხდა ერთი კილომეტრის დაცილებით, ანუ პირობითად ჩვენს ტერიტორიაზე. ხვანის დასახლება ეს ის სოფელია, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მიწაც კი არ არის რო მოსახლეობამ თავი ირჩინოს. სამსახურებიც მოგეხსენებათ როგორც ჭირს...ამზადებენ ტონობით ჯონჯოლს, რომლითაც მთელი წელი ინახავენ ოჯახებს.“

საკუთარი მოქალაქეების გატაცებას საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს. მოლაპარაკებებში ამ დრომდე ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცნობილია, რომ ექვსი კორბოულელი, მათ შორის ერთი ქალი, და ორი ხვანელი ამჟამად ცხინვალში იზოლატორში იმყოფებიან.

საჩხერის რაიონიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება დროში დაემთხვა ოფიციალური თბილისის მორიგ კეთილ ჟესტს. 2005 წლის გორის სისხლიანი ტერაქტის გამო, სამუდამო პატიმრობამისჯილ გიორგი ზასიევთან, იოსებ კოჩიევთან და გიორგი ვალიევთან, 1 მაისს, გლდანის ციხეში, ცხინვალიდან ჩამოსული მშობლები და ნათესავები შეუშვეს და პროდუქტების შეტანის უფლებაც მისცეს.

XS
SM
MD
LG