ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა საქართველოს მამისონის უღელტეხილიც წაართვა


მამისონის მეტეოსადგურზე ქართული დროსა აღარ ფრიალებს
მამისონის მეტეოსადგურზე ქართული დროსა აღარ ფრიალებს

გასულ კვირას, რუსეთმა საბოლოოდ დაასრულა, მის მიერვე აღიარებული "სამხრეთ ოსეთის" "სახელმწიფო საზღვრის" ცალხმრივი დემარკაცია.

საოკუპაციო ხაზი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრის ბოლო მონაკვეთზე გაევლო. რუსმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციის დროშა ოფიციალურად აღმართეს. ზემო რაჭის, ბოლო სოფლის, გლოლას მცხოვრები, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ამბობს, რომ გუშინ საზღვარზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა.

„მამისონზე პირდაპირ მეტეოსადგური რო იყო, იქ დგას რუსის ჯარი, ჩვენი ჯარი დგას, შოვს რომ გაცდები ასე 2 კილომეტრში. არ გაგიშვებენ ვარიანტი არ არის. არც ჩვენ არ გვიშვებენ ჯერ (საძოვრებზე), ეშიანიათ, რო ამოვიდა რუსის ჯარი და დროშები რო აფრიალესო, რაღაცა ხდება, მთელი პოლიცია და ჯარი იქ იყო ეხლა, საიდუმლო არის ჯერჯერობით, არ ამბობენ რა ხდება“

მამისონის უღელტეხილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. აქ გადის, დღეისათვის, ამორტიზებული ოსეთის სამხედრო გზა, ის როკის გვირაბის ალტერნატივად განიხილება.

მამისონიდან ოდნავ მოშორებით, კუდარის უღელტეხილიდან ეშვება, ძაურიყაუ-ცხინვალის ახლადგახსნილი გაზსადენი. მისი მშენებლობისთვის რუსეთმა 500 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

და რაც, მთავარია, რუსეთი წელს აპირებს მილიარდი დოლარის ღირებულების გრანდიოზული ზამთრის კურორტის - მამისონის მშენებლობის დაწყებას. კურორტი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაშენდება, და სწორედ იმ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე გადმოიჭიმება, რომელიც რუსებმა ახლახანს დაიკავეს. პროექტის იდეის ავტორი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი ამბობს, რომ კურორტის მაკეტი უკვე მზად არის.

„მამისონი, ყველაზე ამბიციური პროექტია ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, კურორტი უკვე დაგეგმა ავსტრიულმა ფირმა გეისლერ ანდ ტრიმელმა, ეს ფირმა ოთხ ვარსკვლავიანზე ნაკრებ პრესტიჟულ პროექტებს ხელს არ კიდებს, მათი აშენებულია სპორტული ქალაქი ნიურბურგრინში და ასევე მიუდნენ ისინი დასვენების ორგანიზებას ოსეთში, ეს იქნება კავკასიის კურშეველი“

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მამისონის უღელტეხილის დატოვების და საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ. სასაზღვრო პოლიციის პრესს-სამსახურის უფროსმა, ლეიტენანტმა თეა პატეიშვილმა გვითხრა.

"ხელმძღვანელობა მამისონთან დაკავშირებით არ აკეთებს არავითარ კომენტარს, იმიტომ, რომ სიმშვიდეა აბსოლიტურიო".

რა არჩევანი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგრესიული მცოცავი ანექსიის პირობებში. სამხედრო ანალიტიკოსი კახა კაციტაძე ფიქრობს რომ მოქმედების მხოლოდ ოთხი ვარიანტია დარჩენილი.

"პირველი ვარიანტი, კაპიტულაცია ანუ ყველაფერს ყლაპავ, არაფერზე რეაგირებას არ ახდენ. მეორე ვარიანტი, კიდე უფრო უარესი, არათუ რეაგირებას არ ახდენ, არამედ იკავებ პირდაპირ პრორუსულ პოზიციას.

მესამე ვარიანტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საშუალებებით, მაქსიმალურად სცადო, რომ ომამდელი სტატუს-ქვო მაინც იქნეს აღდგენილი და მეოთხე ვარიანტი არის მილიტარიზილებული, სამხედრო პასუხი, ეს მოცემულ მომენტში, ძალის გამოყენებით, რასაკვირველია, სასაცილოა, რო ვილარაკოთ რო გადაწყდება. მაგრამ ყველა ვარიანტში, მთელი ეროვნული სულისკვეთების სამხედრო სულისკვეთებაზე გადაწყობა, იმ ანგარიშით, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც რევანშის მომენტი მოვა“.

თავის დროზე რაჭის ერთ-ერთი მშვენება მამისონის უღელტეხილი, ქართველი ბოლშევიკების სტალინის, ორჯონიკიძის, ბუდუ მდივანის მოღალატეობრივი მოქმედებებით აღმოჩნდა ოსური ავტონომიური ოლქის საზღვრებში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მამისონი რუსეთსა და საქართველოს შორის ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლებოდა, თუმცა 1995 წელს თბილისმა იქ მაინც გახსნა სასაზღვრო პუნქტი. დღეს ამ პუნქტში უკვე რუსი მესაზღვრეები ცხოვრობენ.

მამისონის უღელტეხილის დაკარგვით, ოკუპირებული ქართული მიწების საერთო რაოდენობამ 12 ათასს ხუთასს კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, შედარებისთვის, ეს ერთნახევარჯერ მეტია კვიპროსის ფართობზე და თითქმის უტოლდება ჩერნოგორიის ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG