ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპრეცედენტო მასშტაბის გაფიცვა კაზრეთში


გაფიცულები მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ფონზე კაზრეთში
გაფიცულები მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ფონზე კაზრეთში

გაფიცულები "არ ემ ჯი ჯგუფს" (RMG Group) და დეპუტატ კობა ნაყოფიას კორუფციაში ადანაშაულებენ

უკვე მე-12 დღეა პარალიზებულია საქართველოს სამთო-მომპოვებელი მრეწველობის გიგანტი - არ ემ ჯი ჯგუფი (RMG Group). როგორც, სპილენძისა და ბარიტის მოპოვებაზე ორიენტირებული - არ ემ ჯი კოპერი (RMG Copper), ისე, ოქრო-ვერცხლის მომპოვებელი - არ ემ ჯი გოლდი (RMG Gold).

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, სადაც სპილენძისა და ოქროს საბადოებს ამუშავებენ, გაფიცვამ, პირველად, შარშან ნოემბერში იფეთქა. კომპანიის ადმინისტრაციამ მაშინ, დაძაბული ვითარება მეცამეტე ხელფასის გაცემით, დროებით ჩააცხრო.

ხელმეორედ გაფიცვა კაზრეთში, 14 თებერვალს დაიწყო და უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ამის მიზეზი, იანვრის ბოლოს, 184 თანამშრომლის განთავისუფლება გახდა. კომპანიამ ეს ნაბიჯი მსოფლიოში ოქროზე ფასების ვარდნითა და მძიმე კრიზისული მდგომარეობით ახსნა.

სამსახურიდან გაშვებულებს სოლიდარობა 500-მდე მუშამ გამოუცხადა. მეხუთე დღეა კაზრეთში, მადნეულის კომბინატთან, რვა მუშა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გაფიცვის დროს უმძიმესი ტრაგედიაც მოხდა. „არ ემ ჯი გოლდში“ სამუშაოს დაკარგვის გამო, ორი შვილის მამამ სლავა კუჭაშვილმა სამწუხაროდ თავი მოიკლა. იგი გუშინ დაკრძალეს.

ბოლო დღეებში, კაზრეთში, სადაც 7000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს გაფიცვამ უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ მუშათა პროტესტს უკვე შეუერთდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, ექიმები, კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ დრომდე არ მუშაობს სკოლები. ბევრმა მცირე მეწარმემ პროტესტის ნიშნად დაბაში მაღაზიებიც კი დაკეტა.

გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნებია: გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენა, ხელფასების გაზრდა, შრომის პირობების გაუმჯობესება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და არ ემ ჯი ჯგუფის (RMG Group) მენეჯმენტის შეცვლა. გაფიცული მუშები მენეჯმენტს კორუფციაში ადანაშაულებენ:

„დირექტორებს 40 000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ აქვთ. უფრო მეტიც, ზოგს დოლარებში აქვთ ხელფასები: 40 000, 60 000 და 100 000-ებს თვითონ იღებენ“

„მოვუწოდებ აქედან მთავრობას, რომ ცოტა მეტი ყუდღება მიაქციოს ამ ხალხს. თორემ არ ვიცი, შეიძლება უმართავი პროცესები წავიდეს და ამაზე, ჩვენ საგაფიცვო კომიტეტი პასუხისმგებლობას ვიხსნით.“

„კობა ნაყოფიას ბიჭს, აქ სუყველამ იცის, თვეში ჰქონდა 220 000 ლარი! მამამისს რა ექნებოდა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ნაყოფიას ბიჭი აქ არავის უნახია. რას აკეთებდა და წარმოადგენდა არავინ იცის. 2013 წელს, აგერ პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიის მოგებამ 161 მილიონი შეადგინა და ამის საპასუხოდ 184 კაცი გამოგვიგდეს გარეთ.“

კაზრეთელები კობა ნაყოფიას სახელს და ელიტურ კორუფციას ერთად შემთხვევით არ ახსენებენ. 2004 წელს, პრეზიდენტი სააკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე და პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია, სწორედ ნაყოფიას მეშვეობით გავიდნენ, რუსეთის საწვავისა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ სერგეი გენერალოვზე და მის პარტნიორ სიმან პოვარიონკინზე.

ასე, სულ რაღაც 33 000 000 დოლარად, გადავიდა საქართველოს ოქროსა და სპილენძის წარმოება, „ქართული კრიშით“, რუსი მილიარდელების ხელში. მაშინ ამ საწარმოებს „მადნეული“ და „კვარციტი“ ერქვა. 2005-2012 წლებში, წარმოებას კობა ნაყოფიას ან მასთან დაახლოებული პირების მეშვეობით, გენერალოვ-პოვარიონკინის „პრომიშლენნიე ინვესტორის“ შვილობილი - GeoProMining-ი მართავდა,

მაგალითისთვის, 2009 წელს, „კვარციტის“ გენერალური დირექტორის თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში, კობა ნაყოფიას 19 წლის ვაჟი, ნიკა ნაყოფია დაინიშნა. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, მან ხელფასის სახით - 11 075 166 ლარი ანუ 6 439 050 დოლარი მიიღო.

თავად უფროსმა ნაყოფიამ „მადნეულის“ გენდირექტორად ოთხ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2008 წელს, ბოლნისის მაჟორიტარის სტატუსით პარლამენტში გადაინაცვლა, თუმცა ოქროსა და სპილენძის წარმოების ძირითადი ფინანსური ნაკადები კვლავაც მის ხელში რჩებოდა.

გახმაურებული კორუცფიული ხარჯებიდან აღსანიშნავია: ბოლო წლების, ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მხატრული ფილმი, ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღე“, რომელიც სწორედ მამა-შვილი ნაყოფიების პროდიუსინგითა და დაფინანსებით გადაიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტმა 22 მილიონ დოლარს გადააჭარბა, არაოფიციალურად კი „აგვისტოს 5 დღე“ ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა. ამას დაემატა ფილმის პომპეზური პრემიერა თბილისში, რომელსაც მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის, შერონ სტოუნიც დაესწრო.

2012 წლის ზაფხულში, „მადნეული-კვარციტის“ შემოსავლებიდან, ფორმალურად, ბოლნისის გამგეობისთვის, შეძენილი იქნა 40 000 დოლარის ღირებულების სპორტული მანქანა - „ფორმულა ალფა“, რომელსაც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი იყენებდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი ხარჯები და „ვალდებულებები“ კომპანიას უამრავი ჰქონდა.

დღეს კობა ნაყოფია ისევ ბოლნისის მაჟორიტარია, თუმცა კაზრეთში კარგა ხანია არ გამოჩენილა. ნაყოფია ამტკიცებს, რომ „არ ემ ჯი ჯგუფის“ აქციონერი აღარ არის და „ამ ბიზნესიდან გამოსულია“. ამავე დროს დეპუტატი სრულად იზიარებს კომპანიის პოზიციას მუშების დათხოვნასთან დაკავშირებით.

ორშაბათს, გაზეთ „ბოლნისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კობა ნაყოფია ამბობს, რომ ასეთ მძიმე დროს, „არ ემ ჯი ჯგუფისთვის“ სხვა ვალდებულებების აკიდება კომპანიას საერთოდ გააჩერებს.

ვიცი, რომ კომპანიას არასახარბიელო მდგომარეობა აქვს ფინანსური კუთხით. იცით, რომ ოქროს ფასიც დავარდა, მომარაგების კუთხითაც ვერ არის საქმე კარგად, მადნის ნაკლებობაა და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, თუ კომპანიას კიდევ სხვა პრობლემებს ზემოდან დავადებთ, ვერ იმუშავებს და უფრო უარესი მდგომარეობა არ შეიქმნება? მე ვფიქრობ, რომ კონსენსუსი უნდა გამოინახოს და უნდა განაახლოს კომპანია მუშაობა.“

(უცნაურია, მაგრამ, კრიზისის მიუხედავად, „არ ემ ჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალურ სპონსორობას - ზ.წ)

საინტერესოა, რომ 2012 წლის ზაფხულში, „კრიზისულ მდგომარეობაში“ მყოფი „მადნეული“ და „კვარციტი“, 9 წლის წინ, 33 000 000 დოლარად გაყიდული წარმოება, ორმა რუსმა მილიარდელმა, დიმიტრი კორჟევმა და დიმიტრი ტროიცკიმ უკვე 120 მილიონ დოლარად შეიძინეს. ახალი სახელები: არ ემ ჯი კოპერი - „მადნეულს“ და „არ ემ ჯი გოლდი“ – „კვარციტს“ სწორედ ახალმა მფლობელებმა უწოდეს.

თუმცა, დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე ე.წ ფრონტინგთან გვქონდეს, როცა ერთი ბიზნეს-ჯგუფი, რეალური ზრახვების დაფარვის მიზნით, სხვა კომპანიის სახელით მოქმედებს (ნიშანდობლივია, რომ წიაღისეულით სარგებლობის ორი ლიცენზია, 2011 წელს, ძალზედ უცნაურად კვიპროსის ოფშორში გაიყიდა. ეს მაშინ როცა „კვარციტისა“ და „მადნეულის“ გაყიდვაზე საუბარიც კი არ იყო -ზ.წ)

2013 წელს, მომზადებულ კვლევაში, სახელმწოდებით „მადნეული კანონზე მაღლა“ (იხილეთ http://www.osgf.ge/files/2013/2013/Madneuli_kanonze_magla.pdf
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ GeoProMining-მა მოახერხა საწარმოების საქმიანობის ისტორიის „გაკეთილშობილება“, საწარმოების გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და შედეგად, სარფიანად გაყიდვა.

საბჭოთა საქართველოში, მადნეულის საბადოების შესწავლა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. 50-წლების ბოლოს, კაზრეთში, მადნეულის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ექსპლუატაციაში 1975 წელს შევიდა.

1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, მადნეულის წარმოება გაჩერდა. პირველი უცხოელი ინვესტორი კაზრეთში, ავსტრალიური კომპანია „ბოლნისი მაინინგი“ გახდა. „მადნეული“ და „კვარციტი“ მაშინაც დიდი კორუფციული ვნებებისა და სასტიკი დაპირისპირების ასპარეზი იყო.

პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აქ რამდენჯერმე გადაიკვეთა: პრეზიდენტის მძახლის გურამ ახვლედიანის, ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალიძისა და მათთან დაახლოებული, ქართველი თუ უცხოელი დირექტორების ინტერესები.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დატაცებისთვის „კვარციტისა“ და „მადნეულის“ არაერთი დირექტორი (მგალობლიშვილი, ლეი, სეკოლდი, ჩხეიძე, ლობჟანიძე) იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ გამოძიებულა.

ყველა ასეთი „საქმე“ კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის (სახელისუფლებო ლობის) მოშორებით ან ჩანაცვლებით, „გავლენის სფეროს“ გადანაწილებით სრულდებოდა. ასე იყო ჯერ შევარდნაძის, შემდეგ უკვე სააკაშვილის მმართველობის დროს. დარგის ექსპერტთა აზრით, დღესაც მორიგი ასეთი „სერიის“ მომსწრენი ვხდებით.

ცნობისათვის, „არ ემ ჯი ჯგუფის“ წარმოებული ოქრო და სპილენძის მადნები, საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო პროდუქციის სიაშია და მათი წილი, 2013 წლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის რვა პროცენტზე მეტია (სპილენძის მადნები და კონცეტრატები-5,6%, ოქრო-2,5% - ზ.წ).
XS
SM
MD
LG