ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სურს ივანიშვილს?


პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
ბმული



პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. დღეს გამოქვეყნებულ მის ღია წერილში ვკითხულობთ:

ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემ მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ - კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა.

და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როდესაც გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ.

მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მე დავამტკიცე, რომ უკადრისი არასოდეს არაფერი ჩამიდენია.

მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში. თავს ვარიდებდი და არ ვერეოდი ამ საქმეში. ანუ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც „კულუარებიდან“ მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია „კულუარებიდან მართვა“,- ნათქვამია ივანიშვილის წერილში.
რა სურს ივანიშვილს? წერილში ამ კითხვას ის პასუხობს და ამბობს: „უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი."

ოპონენტები ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლას ორი მიზეზის გამო აკრიტიკებენ. პირველი, ის, რომ იგი პასუხისმგებლობას გაურბის და მეორე: იგი ხელს უწყობს ჩამოყალიბდეს ქვეყნის კულუარებიდან მართვის მანკიერი პრაქტიკა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მოღვაწეობის დადებითი და უარყოფითი ასპექტების თაობაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ, აცხადებს:

ბიძინა ივანიშვილის დადებითი ის იყო, რომ მან მოახერხა ოპოზიციის ერთ მუშტად შეკვრა, მისი პოლიტიკაში შემოსვლის გარეშე ეს, ალბათ, გაჭირდებოდა. მან ეს შეძლო თავისი დიდი ფინანსური შესაძლებლობებით და რაც მთავარია, არ უნდა დავუკარგოთ და საკმაო რისკი გასწია თავისი ოჯახით. პიროვნული მამაცობის გამოვლინება ყველას არ შეუძლია, ბუნებრივია. რომ არ ყოფილიყო მისი ფაქტორი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ასე იოლად არ მოხდებოდა. ეს, აუცილებლად, პლუსად უნდა მივიჩნიოთ. ასევე, როგორც კი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, პირველ ხანებშივე პრესისთვის, ტელევიზიისთვის მეტ-ნაკლებად უფრო თავისუფალი მედია გარემო შეიქმნა, რაშიც თავად ამ ტრანსფორმაციასაც მიუძღვის დიდი ღვაწლი, მაგრამ ივანიშვილის წვლილიც საკმაოდ დიდია. ესეც ასევე პლუსებში უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, პირველად შექმნა პრეცედენტი პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომ ადამიანი, რომელიც არჩეულია და ჯერ კიდევ დიდი ნდობით სარგებლობს, თვითონ ამბობს უარს ხელისუფლებაზე და ესეც პლუსია. თუმცა მისი ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ იგი გაურბის პასუხისმგებლობას. რამდენად რეალობასთან იქნება ეს აზრი ახლოს, მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება უარყოფითს, მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, თუ შეინარჩუნებს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე და კონკრეტულად იმ მთავრობაზე, რომელიც მან დატოვა, არ იქნება ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის. აქ საუბარია იმაზე, რომ თვითონ ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია ვერ ჩამოყალიბდა კოალიციის შემადგენლობაში. თავად კანდიდატები, ვინც დასახელდა თავის დროზე პრეზიდენტობის და პრემიერობის, არ ყოფილა ინსტიტუციონალურად წამოყენებული. ანუ პარტიებს კი არ დაუსახელებია, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა. ეს უკვე სისუსტეა და არამგონია კარგ მაგალითად შეფასდეს მთლიანობაში“.

საქართველოს ყოფილი პრემიერი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას გეგმავს.
ნინო დალაქიშვილი






XS
SM
MD
LG