ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სავალდებულო პროგრესი“ საქართველოსგან


"ევროკომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ერმანი.

„ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლისმომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ VLAP-ის მოთხოვნების მიღმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დღეს მნიშვნელოვან მოვლენას ულოცავენ ერთმანეთს - ეს ვიზა-ლიბერალიზაციის მორიგი ეტაპის წარმატებით დაძლევას ეხება და იმის მომასწავებელია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საკთხის გავლისა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც რამდენიმეთვიან პერიოდს გულისხმობს, ტექნიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზო გადაადგილებას, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ჩვენი ეს პრაგმატული პოლიტიკა, მინდა კიდევ და კიდევ აღვნიშნო, რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ერმანი საქართველოს ულოცავს ამ უნიშვნელოვანეს წარმატებას და ამბობს, რომ საქართველომ მიაღწია „სავალდებულო პროგრესს“: „საქართველომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიაღია სავალდებულო პრგრესს და უზრუნველყო რეფორმების განხორციელება, სტანდარტების შესაბამისად. ევროკომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია უკანასკენლი სამი წლის განმავლობაში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც გაწერილია სამოქმედო გეგმაში, გახდა მყარი და ეფექტური, რაც ვალდებულების და უწყვეტი ძალისხმევის ნათელი გამოხატულება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და ასევე ეს ხდებოდა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. მე ვთვლი, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღწევი გეგმის დაკმაყოფილება ევროვნული პრიორიტეტი გახლავთ დღეს საქართველოში.“

ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. საქართველოში კარგად აცნობიერებენ, რომ პუტინის ზემოთხსენებული ნაბიჯი პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან.

"ამერიკის ხმა" ჯიპას ასოცირებულ პროფესორს, პოლიტოლოგს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს: „დიდი ხნის წინ შეეძლო, რა თქმა უნდა, გაეუმებინა რუსეთს ვიზები. ამას არ სჭირდებოდა ევროკომისია ან სხვა რამ ამისთვის - ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ რეალობად იქცა ჩვენთვის ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა, მაშინ განაცხადა პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, მანამდე არაფერი უთქვამს.“

თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას იმ საფრთხეებსაც ეხება, რამაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის განვითარების გზაზე შეიძლება იარსებოს: „იმის ვარიანტი და საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაიწელოს, არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მივიღეთ მწვანე შუქი და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იაქტიურებს ჩვენი მთავრობა. ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენმა მთავრობამ არ ჩაიდინოს რაიმე ცუდი, რაიმე სასწაულად ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, რუსთავი 2-ის დახურვა, რაც პროცესებზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს, რა თქმა უნდა. ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს დამშვიდობება უვიზო მიმოსვლასთან.“

ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთობლიობაში განიხილავს, ამდენად, მოსალოდნელია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთეებით ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიც ისარგებლებენ.

XS
SM
MD
LG