ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დიქტატურად გარდაქმნას ცდილობს.
"კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად გარდაქმნას. ჩვენ ამერიკა უპირველეს ადგილას უნდა დავაყენოთ და საქართველოს ყველანაირი დაფინანსება შევუწყვიტოთ, თუკი ეს მოხდება", - წერს ჯო უილსონი.
ცოტა ხნით ადრე, მან ასევე დაწერა, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ ძალიან ნათელია:
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა როგორია მისი პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას შეასრულებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა", - თქვა კონგრესმენმა.
კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ჯიმ რიშმაც, რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა წევრმა.
"4 კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი აპროტესტებს მისი მთავრობის მიერ საშიში გზით წასვლას. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ოცნებას, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი გახდეს. მხარს ვუჭერ ხალხის შეუპოვრობასა და თავდადებას უფრო ნათელი მომავლისადმი - მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც ის უძლებს", - წერს რესპუბლიკელი სენატორი. მანამდე ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ თავდასხმები უნდა დასრულდეს. ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაისაჯონ.
ამავე თემაზე კომენტარი გამოაქვეყნა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ ადერჰოლტმაც. ალაბამელი კონგრესმენი და ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს: "საჭიროა საქართველოს ამერიკული სანქციები დაუწესდეს". ადერჰოლტი ქართველი ხალხის გვერდით დგომის შესახებაც წერს.
29 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ინაუგურაციაზე არ არიან მიწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობს - საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.