ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დაისჯება ტრავერტინების დაზიანების გამო?!


უნიკალური ტრავერტინების ველის განადგურება.
გოგიტა ბუხაიძის ფოტო
უნიკალური ტრავერტინების ველის განადგურება. გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ხევის ულამაზესი ტრავერტინების ველის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას არავინ იღებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:15 0:00
ბმული


გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, ამ დრომდე ვერ დაადგინეს, თუ ვინ არის კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე, ბუნების ულამაზესი ძეგლის - ტრავერტინების განადგურებაზე პასუხისმგებელი.

ტრავერტინების ნაწილი სტეფანწმინდისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, გასული საუკუნის 40-იან წლებში აგებული, „პოჩტოვაიას“ სახელით ცნობილი, გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შეიწირა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა - კომპანია „მამისონმა“ ბუნების ძეგლი მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით გასულ კვირას გადათხარა.

სახელმწიფო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაო პროექტი შეთანხმებული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა გარემოს დაცვის სამინისტრომ. მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში მისი სამინისტროს ინფორმირებას არ ითვალისწინებდა.

მინისტრ დავით ნარმანიას უწყება კი ამტკიცებს, რომ მონაკვეთი, რომელიც ტრავერტინებისგან გაიწმინდა, სინამდვილეში გვირაბის საექსპულატაციო გზა იყო და იმის გამო, რომ გვირაბის შეკეთება ბოლო 25 წლის მანძილზე არ მომხდარა, ეს მონაკვეთი ბუნებრივად ტრავერტინმა დაიკავა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ამბობს:

„როცა პროექტი დგება, იქ წერია, არის თუ არა არეალში რაიმე ბუნების ან არქიტექტურული სტატუსის მქონე ძეგლი, რასაც სჭირდება სპეციალური ნებართვა. ამ შემთხვევაში, როცა წინასწარი პროექტი დაიდო არაფერი ეგეთი არ დაფიქსირებულა. ის, რომ ტრავერტინების ველი სილამაზე იყო ამას არავინ უარყოფს, პლუს ამას ტურიზმისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა ხდება ამის გვერდზე. გვირაბი საჭიროებდა სასწრაფო შეკეთებას. ან უნდა გადავწყვიტოთ და ვთქვათ, რომ ამ გვირაბს სხვა მისასვლელი გზა არ აქვს. თუმცა ისიც არ შეიძლება, რომ ამის გამო ადამიანები დაგვეღუპნონ. ამიტომ, რაღაცის დათმობა მოგვიწევს.

კი, ბატონო ვაღიარებთ რომ კომუნიკაცია უკეთესი უნდა ყოფილიყო და ბოლომდე ვიზიარებთ იმას, რომ დაიდოს დასკვნა - რომ გაირკვეს - იყო თუ არა ეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შესათანხმებელი.. თუ იყო რა დაირღვა.“

სტეფანწმინდის რაიონში მდებარე ტრავერტინების ველს ბუნების ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ხეთაგურმა და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხაჩიძემ, ასევე წინა მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ სინქრონულად ჩააგდეს კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის“ შესახებ.

მანამდე დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე წელი იმუშავა და მთელი საქართველოს მასშტაბით შეარჩია 100 ადგილი, მათ შორის, ტრავერტინების ველი, რომელიც ახალ კანონს უნდა დაეცვა.

სტეფანწმინდის ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი რომ ჰქონოდა აუცილებელი იქნებოდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ასეთია სახელმწიფოს პოზიცია. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ეკოლოგები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, კანონით „გზაგამტარი გვირაბის საინჟინრო ნაგებობის აგება და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა“ - გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება, რაც ამ შემთხვევაში არ გაკეთებულა.

ეს კი სისხლის სამართლის 306-ე და 297-ე მუხლების დარღვევაა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გარეშე საქმიანობა და სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური პეტიციის ფარგლებში ამ ვანდალიზმის გამოძიებას მოითხოვს.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ იკვეთება როგორც იურიდიული, ისე მორალური პასუხისმგებლობის საკითხი

„ეს ფაქტი გახმაურდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ წარმომადგენლებმა სოციალური ქსელით გაარცელეს ამ ვანდალიზმის ამსახველი ფოტოები. არადა, იქ გამგეობაც არის, სტეფანწმინდის რაიონის დეპუტატიც (მირიან წიკლაური, „ქართული ოცნება“ -ზ.წ) იმ პერიოდში იქ იყო. კიდევ სხვა დეპუტატებიც..ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები;

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ ვიცი, მაგრამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლობა იქ არის. კაციშვილს ერთი კვირის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. აი, ეს არის პრობლემა! ახლა ამბობენ, რომ შევაჩერეთო. თუ შესაჩერებელი იყო ერთი კვირა სად ისხდა ეს ხალხი?!“

ტრავერტინი მცირე სიმკვრივის, ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცლოვანი ქანია, რომელიც ცხელი ან ცივი მინერალური წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის ან არაგონიტის დალექვის შედეგად, საუკუნეების მანძილზე წარმოიქმნება და ულამაზეს სურათს ქმნის.

საქართველოში ტრავერტინი გვხდება რაჭაში, იმერეთში, სვანეთში, ასევე ოკუპირებულ შიდა ქართლში, ჯავის რაიონის სოფელ ბრითათაში. თუმცა, ყველაზე კარგად გამოხატული ტრავერტინი მაინც თრუსოს ხეობასა და ჯვრის უღელტეხილზე იყო, სადაც ასეთ „მინდვრებს“ 20 ჰექტარზე მეტი ეკავა.

2005-08 წლებში, ნახშირმჟავას აირის მოპოვების დაწყებამ, თრუსოს ხეობაში თითქმის მთლიანად გაანადგურა ტრავერტინების ველი, ასევე აბანოს ბუყბუყა ტბა. მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტები რომლებიც აქ გადიოდა, სწორედ ნახშირმჟავას აირის მოპოვების დაწყების შემდეგ გაუქმდა.

უნიკალური ტრავერტინები იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში; ხუანლულში, ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში; ირანის ბადაბ-ე სურტში, იტალიის სატურნიასა და თურქეთის ფამუქ-ქალეში ყოველ წლიურად მილიონობით ტურისტს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც იზიდავს . ყველა მათგანს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ნიშანდობლივია, რომ თბილისში, ტრავერტინების დაცვისადმი მიძღვნილ აქციაზე მხოლოდ ათი ადამიანი მივიდა

XS
SM
MD
LG