ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი შეწყდა. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი სკოლებში მასობრივად ჩაიშალა. უამინდობის გამო მუშაობა თბილისის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამაც შეწყვიტა.
დღეს დილიდან თბილისის ზოგიერთ უბანში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება - ლოტკინის დასახლებაში, წყნეთში, ბაგებსა და ზაჰესში თითქმის შეუძლებელი იყო. ამ რაიონებში სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახებებზე ვერ გავიდნენ. გართულებული იყო მოძრაობა ვარკეთილში, გლდანულაში, ავჭალასა და თემქაზე.
დილიდან გადაადგილება ჭირდა დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებშიც, ვინაოდან მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა დააგვიანეს.
განათლების და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სასწავლო პროცესის საქართველოში ორშაბათს აღდგება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯემალ დოლიძე ამბობს, რომ დიდთოვლობა როგორც თბილისში, ისე დანარჩენ საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ყველაზე დიდი თოვლი ამჟამად რიკოთის უღელტეხილზეა.
დიმიტრი შაშკინი: „უამინდობამ სამწუხაროდ შექმნა პრობლემები, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 70 პროცენტ სკოლებში და ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ ხუთშაბათს და პარასკევს არდადეგები გამოცხადდეს, შეჩერდეს სასწავლო პროცესი, რომელიც ორშაბათს განახლდება.“
ჯემალ დოლიძე: „საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, გარდა კოლხეთის დაბლობის ნაწილისა თოვლის საფარით არის დაფარული. დღეს დილით თბილისში 10 სანტიმეტრი იყო თოვლის საფარი, ეხლა ალბათ უფრო მეტია. ყველაზე დიდი თოვლი, იქ სადაც ჩვენ გვაქვს მეტერეოლოგიური სადგური, არის სურამის გადასასვლელის მახლობლად, 1250 მეტრის სიმაღლეზე 210 სანტიმეტრი თოვლია.“
ძლიერი ყინვების გამო მცხეთაში არაგვის შესართავთან მდინარე მტკვარი გაიყინა. ასევე გაყინულია თბილისის ზღვის სამხრეთ ნაწილი, სადაც ყინულის სისქემ ხუთ სანტიმეტრს მიაღწია. მთლიანად გაყინულია თბილისის გარშემო მდებარე ტბები, მათ შორის ლისისა და კუს ტბა.
წინა დღეებში ტემპერატურა -27 გრადუსამდე დაეცა საქართველოს მაღალმთიანეთში, -21 გრადუსი დაფიქსირდა სამხრეთ საქართველოში. მომდევნო დღეებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში -26 გრადუს ელიან. თბილისში, სადაც ტემპერატურა ღამით -9 გრადუსამდე დაეცა, სინოპტიკოსები ისევ ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ.
ანალოგიური ყინვები თბილისში მეოცე საუკუნის 50-იან და 70-იან წლებშიც დაფიქსირდა, მდინარე მტკვარი მაშინაც გაიყინა. სარეკორდო ყინვა თბილისში კი, მე-19 საუკუნეში, 1897 წელს აღინიშნა, მაშინ ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციის დასაძლევად მერიის სარეზევო ფონდიც იქნება გამოყენებული
„როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება. რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს ჩვენ ამისთვის მზარდ უნდა ვიყოთ. თუ რამე დამატებითი რესურსები არის საჭირო სარეზერვო ფონდი გამოვიყენოთ, რომ ეს უამინდობა მინიმალურად შეეხოს ჩვენს მოქალაქეებს.
ჩვენ გვახსოვს 2005 წელი, როცა შეგვიწყვიტეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოწოდება, ქვეყანაში ანალოგიური სიცივე იყო, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ეს პრობლება მადლობა ღმერთს დავძლიეთ.“
დიდთოვლობისა და ყინვის გამო საქართველოში რამდენიმე ათეული სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მათ შორის, კახეთში - ილტოს, ინწობას და გომბორის ხეობის სოფლები;
დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონის ოცდაათამდე სოფლები. მცხეთა-მთიანეთში - თრუსოსა და გუდამაყრის ხეობის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის 50-მდე სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.
რთული სიტუაციაა აჭარაში, რაჭაში, სამეგრელოსა, სამცხე-ჯავათეთისა და სვანეთის სოფლებში. ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ამინდის გამოსწორებდამდე აიკრძალა.
ამის გამო მეორე კვირაა რუსეთისკენ მიმავალი სომხეთის 20-მდე სატვირთო ავტომანქანა სოფელ არაგვისპირშია გაჩერებული. ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 4 000-მდე აბონენტს, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.