ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16 წლის პატიმრის საქმე: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?


16 წლის გოგი ძველაია ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაიცვალა
16 წლის გოგი ძველაია ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაიცვალა

საქართველოს ციხეებში ე.წ „მაყურებლები“ - პრივილეგირებული, მოძალადე პატიმრები კვლავაც მწვავე პრობლემაა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:30 0:00
ბმული

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო ერთი წლის მანძილზე პირველად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის განცხადებით, გუშინ, ქუთაისის მეორე საპრობილეში, სენაკელმა გოგი ძველაიამ თავი მოიკლა.

16 წლის ახალგაზრდა, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე ციხიდან 28 აგვისტოს გამოვიდა, თუმცა ქურდობის ბრალდებით, იგი 5 ოქტომბერს ისევ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ, ძველაიამ განცხადება დაწერა და ცალკე საკანი მოითხოვა, „გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან“ პრობლემების გამო.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარი პატიმარ ძველაიას მიერ განცხადების დაწერის ფაქტს ადასტურებს. მინისტრი ასევე ამბობს,რომ ძველაიამ იცოდა - რამდენიმე დღეში საპყრობილედან გირაოს საფუძველზე უნდა განთავისუფლებულიყო.

„გირაო ჰქონდა შეფარდებული, იცოდა, რომ რამდენიმე დღეში გავიდოდა საპყრობილედან. ის იყო ცალკე საკანში, თავად მოითხოვა რომ ცალკე საკანში ყოფილიყო, ვინაიდან, მისი თქმით, პრობლემები ჰქონდა გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე ინახულეს, მათ შორის სოციალური სამსახურის მუშაკებმა. ზუსტად ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან და რო შებრუნდა უკვე თვითმკვლელობის ფაქტი იყო.“

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში ამბობენ, რომ 16 წლის გოგი ძველაიას პრობლემები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან, ქუთაისის მეორე საპყრობილეს, ე.წ მაყურებლებთან ჰქონდა.

ოჯახში მიაჩნიათ, რომ პატიმარი რომელიც გირაოთი გათავისუფლებას ელოდა, თავს არ მოიკლავდა და იგი მოკლულია. (ამასთან ცნობილია,რომ ძველაიას პირველი პატიმრობის დროსაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა - ზ.წ)
გარდაცვლილის მამა თენგიზ ძველაია ამბობს

„მოკლულია და მერეა ჩამოკიდებული. არ მინდაო ქუთაისის ციხეშიო მამაო, ასე მითხრა - ხო იციო, იქ რა კონფლიქტიც მაქვსო. კონფლიქტი ჰქონდა ვიღაცასთან, რომელსაც კანონიერი ქურდობა უნდა. იმას შემოუთვლია, რო გაიგო ეს რო გადაჰყავდათ, მოგკლავ ძველაიაო.“

სასჯელაღსრულების სამინისტროში არ უარყოფენ საქართველოს ციხეებში ე.წ „მაყურებლების ინსტიტუტის“ არსებობას, თუმცა ამბობენ, რომ ეს მძიმე გადმონაშთი, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდეგ, მემკვიდრეობით ერგოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, წინა წლებში ციხეები 700-მდე „მაყურებლის“ მეშვეობით იმართებოდა, რომლებსაც პირდაპირ სამინისტროს და ციხეების ადმინისტრაციები „ნიშნავდნენ“. ეს დღემდე უმწვავესი პრობლემაა. იმართება თუ არა დღეს ციხეები "მაყურებელების" მეშვეობით? მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს

„ე.წ მაყურებლებს" რა უფლებებიც ჰქონდათ, იმის ნახევარი უფლებები ეხლა რო ჰქონდეთ, ვერცერთი პატიმარი ამაზე ღიად ვერ ისაუბრებდა, უბრალოდ შეეშინდებოდათ. რო არ ეშინიათ, სწორედ ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ციხის „მაყურებელებს“ ძველი ძალაუფლება აღარ აქვთ.“

სოზარ სუბარის სამინისტროს „შალ ლაქად“ რჩება პატიმარ ლევან კორტავას საქმე, რომელიც გეგუთის ციხეში 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

სამინისტრო თავიდან ამტიცებდა, რომ კორტავა კიბიდან დაგორდა.
შემდგომმა გამოძიებამ დაადასტურა რომ კორტავა არაერთგზის ცემის შედეგად დაიღუპა. პატიმრის ცემა ციხის ე.წ „მაყურებლებს“, ციხის თანამშრომელმა ილია შანშაშვილმა დაავალა.

საბოლოოდ, ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შანშაშვილის გარდა, გეგუთის კოლონიის კიდევ სამ ყოფილ თანამშრომეეს და მოძალადე პატიმრებს დაეკისრათ.

სამინისტრომ გეგუთის კოლონიის უფროსი, მისი მოადგილეები, რეჟიმის და უსაფრთხოების უფროსებიც გაანთავისუფლა, თუმცა მათ მიმართ გამოძიება არ დაწყებულა. არადა, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ე.წ „მაყურებლებთან“ კოლონიის მთელი ადმინისტრაცია თანამშრომლობდა და კორტავას შემზარავი სიკვდილიც ამ მიზეზით დადგა.

ციხეებში პრივილეგირებული, მოძალადე პატიმრების - „მაყურებლების“ არსებობის გამო სახალხო დაცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს

„მაყურებლების“ ინსტიტუტი არსებობდა წლების განმავლობაში, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს და არსებობს დღესაც. უბრალოდ, განსხვავება არის ის, რომ დღეს ამაზე ღიად საუბრობენ პატიმრები, ღიად ვსაუბრობთ ჩვენ, რისი შესაძლებლობაც წლებიც მანძილზე არ არსებობდა.“

სასჯელაღასრულების სამინისტროდან „ამერიკის ხმას“ აცნობეს, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებში 18 პატიმარი დაიღუპა, აქედან სამმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, 31 დეკემბრამდე საპატიმროებში 9 პატიმარი გარდაიცვალა.
2004-2012 წლებში კი საქართველოს ციხეებში საერთო ჯამში 794 პატიმარია დაღუპული.


პატიმრების სიკვდილიანობა საქართველოს ციხეებში (2004-2013 ოქტომბერი)

2004 – 42
2005 - 40
2006 – 89
2007 – 101
2008 – 90
2009 – 91
2010 – 142
2011 – 140
2012 – 59
2013 – 18 (7 ოქტომბრის ჩათვლით)
XS
SM
MD
LG