ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ იღუპებიან პატიმრები საქართველოს ციხეებში?


მე-7 საპყრობილე თბილისში
მე-7 საპყრობილე თბილისში

სახალხო დამცველი საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ 2010 წელს საქართველოში პატიმართა სიკვდილიანობამ 100-ს ათეულით გადააჭარბა, რაც მთავარია - ეს ციფრი ყველაზე მაღალია ვარდების რევოლუციის შემდეგ.

2006 წელს პენიტენციალურ სისტემაში 89 პატიმარი გარდაიცვალა, 2007 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 101 იყო, 2008-2009 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, 90 და 91 პატიმარი დაიღუპა.

2010 წლის წინასწარმა მონაცემებმა კი ყველა წინა მაჩვენებელს გაუსწრო. სახალხო დამცველი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულებით სისტემაში უკვე ტრადიციად იქცა მომაკვდავი პატიმრების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა.

ამ ხერხით სისტემაში სიკვდილიანობის სტატისტიკის ხელოვნური შემცირება ხდება. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამერიკის ხმასთან ამბობს

“2010 წელს არის ყველაზე დიდი რაოდენობა გარდაცვლილი პატიმრების, რაც კი ყოფილა 2005 წლიდან მოყოლებული. 100-ს აცდა ეს რაოდენობა და აცდა, როგორც ვიცი, არა ერთი და ორი პატიმრით. მე დაზუსტებულ ციფრს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დაიგვიანა მონაცემებმა სხვადასხვა უწყებებიდან.

ჩვენ გარდაცვლილების რაოდენობას ვამოწმებთ არა მარტო ოფიციალური დოკუმენტაციის საფუძველზე, ასევე ადგილზე ვიღებთ ინფორმაციას ყველა დაწესებულებაში. პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიდა სიტყვაზე რვა წლის განმავლობაში და მერე ორი დღის გაყვანილი გარდაიცვალა გარეთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ გარდაცვილილი სტატისტიკაში არ მოხვდეს.

გასაგებია რომ ადგილი სხვა არის და ეს არ არის სასჯელაღსრულებითი სისტემა, თუმცა მე სტატისტიკაში ამ გარდაცლილ პატიმარს ყოველთვის ვთვლი და მივაწერ იმ პატიმრებს, რომლებიც გარდაიცვალნენ დაწესებულების შიგნით.

გამოძიება უმეტეს შემხთვევაში არა სათანადოდ წარმოებს და ძალიან ხშირად არის დროში გაწელილი და შედეგს არ იძლევა. ძალიან ხშირად დაგვიანებით ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, როდესაც უკვე პატიმარს აღარ ეტყობა არანაირი დაზიანების კვალი და აზრიც აღარ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას.“

სტატისტიკისადმი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დამოკიდებულებაზე ამ უწყების ოფიციალური ვებ-გვერდიც მეტყველებს.

სისტემაში პატიმართა რაოდენობის შესახებ მონაცემები მხოლოდ 2008 წლის ჩათვლით არის გამოქვეყნებული. იგივე ეხება სტატისტიკას ამნისტირებულთა, შეწყალებულთა ვადამდე და სასჯელისგან განთავისუფლების და სასჯელის გადავადების შესახებ.

რაც შეეხება სტატისტიკას გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ამ მონაცემებს სამინისტრო უკვე დიდი ხანია არათუ არ აქვეყნებს, არამედ აღარც გასცემს.

ექსპერტთა თქმით, სისტემაში უამრავი პრობლემაა, არასათანადო მოპყრობიდან დაწყებული სხვადასხვა დაავადებების კერებით დასრულებული.

მძვინვარებს ისეთი საშიში ინფექციური დაავადება, როგორც ტუბერკულოზია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების ძირითადი პრობლემები ქსნის ტუბდაწესებულებაში ეტაპირებისთანავე იწყება.

„ეტაპირების შემდეგ, რამდენიმე დღით პატიმრებს ე.წ იზოლატორებში ათავსებენ. ეს იზოლატორები გახლავთ ძველ საბჭოთა დროს აშენებული კარცერები, რომელში არაფერი არ შეცვლილა რეალურად იქ არ არის ელემენტარული დასაწოლიც კი. და, ამ რამდენიმე დღიანის მოთავსების შემდეგ ანაწილებენ უკვე სამკურნალო დაწესებულებაში.

აი, ამისთანა არაადამიანურ ყოფაში მოქცეულია ავადმყოფი პატიმარი, წარმოიდგინეთ ექვსი საათია ეტაპით გზაში, ვთქვათ ბათუმიდან მოყავთ, შემდეგ ათავსებენ კარცერში, სადაც დაწოლის საშუალება არ არის.

მე ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. ეს არის ძალიან გახშირებული ფორმა ანუ მარტო 2011 წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე შვიდი პატიმარი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ეს გამაოგნებელი ფაქტია. ასაკი მერყეობს 23-დან 48 წლამდე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სისტემაში ხვდებოდა ჯანმრთელი.“

მსჯავრდებულთა რაოდენობა ქვეყანაში არსებულ 18 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაახლოებით, 26 ათასიდან 29 ათასამდე მერყეობს.

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე

ამ მონაცემით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ყოველი 100 ათასი მაცხოვრებლიდან საქართველოში 500-ზე მეტი პატიმარია. სისტემაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ კომენტარში სამინისტროს პირველი პირი ხათუნა კალმახელიძე კერძოდ ამბობს

„სიკვდილიანობა პენიტენციალურ სისტემაში რაღა თქმა უნდა იქნება. ისვე, როგორც გარეთ. ადამიანები იღუპებიან სამწუხაროდ ყოველდღიურად. ეს არის სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. უხშირეს შემთხვევაში ეს არის ასაკიდან გამომდინარე.“

საქართველოს ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობა უკვე მოხვდა გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაისთს ვოტჩის“ 2010 წლის ანგარიშში.

მთავარ პრობლემად დასახელდა გადავსებული ციხეები, რაც დაკავშირებულია სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების სიმცირით და სასჯელის ალტერნატიული სახეობების არარსებობით. უფლებადამცველები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ასევე ციხეების ადმინისტრაციის, ბადრაგის და სპეცნაზის სისასტიკეზე პატიმართა მიმართ, თუმცა არცერთი ასეთი შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ არის.

XS
SM
MD
LG