ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნივერსიტეტის დიპლომი ყოფილ პატიმრებს


ორგანიზაცია „კოლეჯი და საზოგადოებრივი საბჭო“ ყოფილ პატიმრებს უნივერსიტეტის დიპლომის აღებაში ეხმარება

შეერთებული შტატების ციხეებში სასჯელს მილიონზე მეტი ქალი იხდის. გათავისუფლების შემდეგ მათი დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ ციხეში ბრუნდება. ძირითადი მიზეზი ან ახალი დანაშაულია, ან - თავდების პირობების დარღვევა.

ქალაქ ნიუ იორკის ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილეებისთვის ეს მონაცემი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. ციხეში დაბრუნებულთა პროცენტი იქ თითქმის ნულს უტოლდება. საუბარია ორგანიზაცია „კოლეჯი და საზოგადოებრივი საბჭოს“ საქმიანობაზე, რომელიც ყოფილ პატიმრებს განათლების მიღებაში ეხმარება.

ბედფორდ ჰილი ნიუ იორკის შტატში ყველაზე დიდი და ყველაზე კარგად დაცული ქალთა სატუსაღოა. ამ ციხეში მოხვედრილი ქალების მესამედმა საშუალო სკოლის დონეზე წერა-კითხვაც კი არ იცის. მაგრამ სასჯელის მოხდის პერიოდში მათ შეუძლიათ არამარტო სკოლა დაამთავრონ, არამედ კოლეჯის დიპლომიც კი აიღონ.

ვივიენ ნიქსონმა ბედფორდში სასჯელი დაახლოებით 15 წლის წინ მოიხადა. ის ახალგაზრდობაში ფასიანი ქაღალდების გაყალბებისთვის დააპატიმრეს. შემდეგ მან ბედფორდის საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ შეიტყო, რომელიც სასჯელმოხდილ ქალებს უნივერსიტეტის დიპლომის აღებაში ეხმარებოდა.

კოლეჯში მოწყობა ყოველთვის მინდოდა. სწავლის შეწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ციხეში რამდენიმე წლის გატარების შემდეგ სრული საოცრება იყო, რომ აღმოვაჩინე ორგანიზაცია, რომელიც ამ ოცნების განხორციელებაში დამეხმარებოდა“ - ყვება ვივიენი.

ორგანიზაცია „კოლეჯი და საზოგადოებრივი საბჭო“ 2000 წელს დაარსდა.

„იცით რა მაკლდა? და რა აკლდა სამყაროს? ხალხი, რომელიც ადამიანის გადარჩენილ იმედებს და ოცნებებს მოუვლიდა. რომელიც გვეტყოდა, არა უშავს, მთავარია ძალიან მოინდომო. არ უნდა დათანხმდე ნებისმიერ სამუშაოს მხოლოდ იმიტომ რომ ადრე რაღაც დააშავე. რატომ უნდა იყო მთელი ცხოვრება მრეცხავი ან დამლაგებელი? თუ სურვილი გაქვს, მიზნის მიღწევაში ჩვენ დაგეხმარებით“ - ამბობს ვივიენი.

დანარჩენი დახმარების პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოფილი პატიმრების შრომითი დასაქმებით და დაბინავებით არიან დაკავებულები, ორგანიზაციამ გადაწყვიტა უფრო რთული და ხანგრძლივი სამუშაო ჩაატაროს, რომელიც შედეგითაც ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა.

ვივიენ ნიქსონი დღეს ამ ორგანიზაციის უფროსია და პატიმარი ქალების განათლებას პირადად ხელმძღვანელობს. მის მოწაფეებს შორისაა მია სავიჯი, რომელსაც ის საბუთების შეგროვებაში და კოლეჯში მოწყობაში დაეხმარა.

„ყველაფერი წყალივით წავიდა, ლა გვარდიის საჯარო კოლეჯმა მიმიღო. წერილი რომ მივიღე, არ მჯეროდა. ახლა მეორე სემესტრს ვიწყებ“ - ამბობს მია.

ვივიენის დახმარებით სელინა ფულფორდი უნივერსიტეტში სწავლობს.

„ ახლა უკვე მაგისტრატურის მეორე ხარისხზე ვმუშაობ. შემდეგ ჩემს დებს სადოქტორო პროგრამაშიც შევუერთდები. დღეს ნიუ როშელის კოლეჯში მიწვეულ პროფესორად ვმუშაობ. ასე რომ ყველას, ვისაც დახმარება გჭირდებათ, პირდაპირ ჩემთან მოდით“ - აცხადებს სელინა.

ყოფილ პატიმრებს ეს თვისებაც აერთიანებთ: მზად არიან დახმარების ხელი ნებისმიერ გაჭირვებაში ჩავარდნილს გაუწოდონ. საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ დაცემულს ეს მომენტი არასოდეს ავიწყდება და მას მომავალში გამოსწორების დიდი შანსი აქვს.

ვივიენ ნიქსონი ყვება, რომ უკვე 270 ყოფილ პატიმარს დაეხმარნენ, ახალი ცხოვრება დააწყებინეს და წარსულის სირცხვილი წარმატებით დააძლევინეს.

„ყველას ვეხმარებით, ვინც ჩვენთან მოდის. იმედის უკანასკნელ ნაპერწკალს ვპოულობთ, ვაცოცხლებთ და ვანთებთ მას ისე, რომ ადამიანებს მომავლის რწმენას საბოლოოდ ვუბრუნებთ“ - ამაყად ამბობს ვივიენი.

და აქვს კიდეც საქმე საამაყოდ: არცერთი მისი სტუდენტი ციხეში არ დაბრუნებულა.

XS
SM
MD
LG