ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?


ოპოზიციის მომხრეთა 18 გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე და ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა უმრავლესობა უკვე დასრულებულია და დამდგარია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პოლიტიკურ ბრალდებათა სანიმუშო მაგალითია - ასეთ სკანდალურ დასკვნას აკეთებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოცულობით კვლევაში „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები".

კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ჰოლანდიის საელჩომ დააფინანსა, პარასკევს მოხდა. კვლევაში შევიდა 2007 და 2009 წლებში ოპოზიციის გამოსვლების დროს ან შემდგომ დაპატიმრებულთა ისეთი სკანდალური საქმეები, როგორიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი დამფინანსებლის მერაბ რატიშვილის საქმე, რომელსაც 9 წელი აქვს მისჯილი;

მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერის ლევან გოგიჩაიშვილის საქმე, რომელსაც 7 წელი მიესაჯა, „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის ვლადიმერ ვახანიას საქმე, მას 3 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს:

„ჩვენ გავაკეთეთ სამართლებრივი შესწავლა და ანალიზი, ძალიან მაღალი დონის. ამას ნამდვილად ხაზი უნდა გავუსვა, იმ საქმეებისა, რომელიც საზოგადოების მიერ აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

აღმოვაჩინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები ამ საქმეებში. ეს მნიშვნელოვანი ხარვეზები გვხვდება ყველა - გამოძიების დაწყებისა და სასამართლო წარმოების დონეზე. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფომ შეძლოს ამ კვლევაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა.

ანუ კონკრეტულად, ყველა საქმესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, რატომ არის ასეთი სერიოზული ხარვეზები და დარღვევები საქმეებში. რაღაც ახსნა ამას ხომ უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ესენი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არის. მაშინ უნდა დაასაბუთოს ყველა კონკრეტული დარღვევა და საქმეზე გამოტანილი განაჩენი.

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ ანუ ვთქვით, რომ ამ 24 საქმეში ძალიან სერიოზული პრობლემებია. ეს დარღვევები რომ არ ყოფილიყო შედეგი სასამართლო განხილვებისა იქნებოდა აბსოლუტურად სხვანაირი.

ეხლა სახელმწიფოსგან ცოტა უფრო კომპეტენტური და დასაბუთებული პასუხი უნდა მოვისმინოთ. ეს ან უნდა ახსნას იმით, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და იმიტომ არის საქმეებში დარღვევები ან იმით უნდა ახსნას, რომ ზოგადად ასე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ადმინისტრაციული საქმეების განხილვა და ზოგადად ყველა საქმე ასე იხილება, რაც ბევრად უარსია ჩემი აზრით პირადად, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

თუ ყველა საქმე ასე იხილება ქვეყანაში, ესეთი სერიოზული ხარვეზებით ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.“

საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ დაიწყო. 2008 წლის ნოემბერში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) ოფოციალურად განაცხადა, რომ რვა ადამიანის პატიმრობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

2009 წლის ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ, უფლებადამცველებმა გაავრცელეს სია, სადაც უკვე ასზე მეტი გასამართლებული ადამიანი მოხვდა.

2009 წლის ივლისში, 84 პოლიტპატიმრის სია გადაეცა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ერთი წლის შემდეგ, თბილისში სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონი უკვე 61 კაციან სიას გაეცნო.

უკვე, წელს, აპრილში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი მერაბ რატიშვილს და ვლადიმერ ვახანიას შეხვდა, პატიმრებს, რომელთაც ქართული საზოგადოების ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენერი, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ საია-ს ეს კვლევა უკვალოდ არ ჩაივლის:

„მე არა მგონია, რომ ეს კვლევა დარჩება მხოლოდ დასკვნად და არავითარი შედეგი ამას არ მოჰყვება. საია-ს ყურს უგდებენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ყურს უგდებენ თუნდაც დონორები, ერთ-ერთი მათგანი ამერიკის შეერთებული შტატები განვითარების სააგენტო, რომელიც აფინანსებს საია-ს. ეს სააგენტო იმიტომ არ აფინანსებს საია-ს რომ მერე უგულვებელყოს ასოციაციის დასკვნები.

იგივე ეხება სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციებსაც, ისინი იმიტომ ფინანსდებიან საერთაშორისო დონორების მიერ, რომ შეასრულონ ის მისია და რომელსაც მათ დონორები უყენებენ.

და თუ დონორი არ წყვეტს დაფინანსებას და საია ფინანსდება 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორების მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ დონორები ამით კმაყოფილნი არიან.

თავისთავად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან დუმილი ან ისეთი მსჯელობა რომ ეს კვლევა კომპეტენტური და სერიოზული არ არის და როცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული საბუთები არ მოყავთ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“.

უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურმა კვლევის ავტორებს არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო უწოდა. ხოლო კვლევა შეაფასა, როგორც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში სამართლებრივი ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობა.

საქართველოს ხელისუფლება ისევე როგორც ადრე, დღესაც კატეგორიულად უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულთა არსებობას. ამავე დროს, ინტერნეტ სივრცეში უკვე მეორე წელია არსებობს სპეციალური ვებ-საიტი „საქართველოს პოლიტპატიმრები“, www.politzek.ge, სადაც ასამდე პატიმრის მონაცემია მოცემული.

XS
SM
MD
LG