ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

700 პატიმარი ქსნის ციხეში წამებაზე საუბრობს


რატომ არ რეაგირებს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის ანგარიშებზე?
რატომ არ რეაგირებს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის ანგარიშებზე?

„ლევან ლეჟავამ არ მომისმინა შემაგინა და დამარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც დანარჩენმა თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა. წავიქეცი, თუმცა მათ გააგრძელეს წიხლებით ჩემი ცემა. როცა კოჭის ტკივილის გამო დავიყვირე, ამის გამო ერთ-ერთმა ამწია და დამანარცხა იატაკზე. შემდეგ ისევ ნატკენ კოჭზე ჩამარტყეს.

ლეჟავას ბრძანებით მოიტანეს ხელბორკილები და ორივე ხელით დამაბეს ხელებაწეულ მდგომარეობაში და მიმაბეს ე.წ „ტურნიკზე“. შემდეგ ლეჟავამ მოატანინა ელექტროშოკი, მადებდა მკლავებზე და კისერზე. თან მაგინებდა და ამბობდა - ენაზე დავადოთო!

ამავდროულად მაფურთხებდნენ. ასე დაბმულ მდგომარეობაში ვიყავი დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი. მდარაჯობდა მორიგე, რომელიც ლეჟავამ მკაცრად გააფრთხილა, რომ არ მიეცა ჩემთვის მდგომარეობის შეცვლის საშუალება და ასე ვყოფილიყავი ჩამოკიდებული.

რამდენიმე საათის შემდეგ გადამიყვანეს ახალი ზონის სამარტოო საკანში, სადაც არ მქონდა არც ტუალეტის ქაღალდი, არც საპონი, არც გადასაფარებელი და არც ლეიბი.“

ეს ჩვენება პატიმარ პაატა მოდებაძეს ეკუთნის, რომელიც ქსნის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდიდა. მსგავსი შემზარავი ჩვენებები, სადაც საუბარია ელექტრო შოკით წამებაზე, ჯგუფურ ცემაზე, ხელბორკილებით დაკიდებაზე და წამების სხვა ფორმებზე სახალხო დამცველის ოფისს სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებაში მყოფმა 700 პატიმარმა მისცა.

2004 წლის შემდეგ, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა მიმდინარეობს, ეს კოლექტიური საჩივარი თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა.

„პატიმრები ახსენებენ როგორც „ტრადიციულ“ წიხლებით, ხელით და სხვა და სხვა საგნებით გამოყენებით ცემას, ასევე ახსენეს ელექტრო შოკი„
ნათია იმნაძე.



პატიმრები წამებაში ქსნის ციხის ადმინისტრაციის კონკრეტულ თანამდებობის პირებს ადანაშაულებენ.

მათ შორის, ქსნის ციხის დირექტორს შოთა თოლორდავას, მის მოადგილეს ბაჩო რუხაიას, რეჟიმის უფროსს ლევან ლეჟავას, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დიმიტრი ჩხეიძეს, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს გელა იოსავას და სხვებს.

რამდენიმე მათგანი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშებში გასულ წლებშიც მოხვდა, თუმცა თითქმის ყველა ასეთი საქმე ჩაიფარცხა. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და ოფისის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე კერძოდ ამბობენ:

გიორგი ტუღუში: „ამ ჩვენებებს სერიოზულ დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი რომ დაახლოებით 700 პატიმარმა განაცხადა ამის შესახებ. მათ დაასახელეს დირექტორი თოლორდავა, ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა.“

ნათია იმნაძე: „პატიმრები ახსენებენ როგორც „ტრადიციულ“ წიხლებით, ხელით და სხვა და სხვა საგნებით გამოყენებით ცემას, ასევე ახსენეს ელექტრო შოკი.

რამდენიმე მათგანი საუბრობს დახჩობის იმიტაციაზე ანუ წყლით სავსე ჭურჭელში თავს გვაყოფინებდნენო. ასახელებ ლევან ლეჟავას, დიმა ჩხეიძეს, რომლებიც ფიგურირებენ გასულ წლებში ჩვენთან შემოსულ საჩივრებში. ჩემი ინფორმაციით, მათზე არაერთი გამოძიებაა დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.“

ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ჩვენება პატიმარ პ. ო-ს ეკუთვნის, რომელიც ქსნის ციხის მაღალი თანამდებობის პირებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა ვინაიდან პატიმარმა ო-მ სავარაუდოდ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ჩვენება უარყო.

სასჯელაღსრულების იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების უპრეცედენტო კოლექტიურ საჩივარზე კომენტარს არ აკეთებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, წამების ფაქტების გახმაურების შემდეგ, სამინისტრომ ყველაზე აქტიური 30-მდე პატიმარი, მათ შორის პაატა მოდებაძე, ქსნიდან ორთაჭალის ციხეში გადაიყვანა და პირობები გაუუარესა. გიორგი ტუღუში ამბობს:

„შემიძლია ცალსახად გამოვთქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრების ორთაჭალაში გადაყვანა ცალსახად არის დაკავშირებული ამ ფაქტთან, რომ მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.“

International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 653 პატიმარი გარდაიცვალა, განსაკუთრებით დიდი სიკვდილანობა 2010 და 2011 წლებში აღინიშნა, როცა ქართულ ციხეებში შესაბამისად 142 და 140 პატიმარი დაიღუპა.

700 პატიმრის კოლექტიური საჩივრის გამო სახალხო დამცველმა უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, თუმცა ჯერჯერობით ისევ უშედეგოდ.

XS
SM
MD
LG