ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ლიდერობას დადებითად, მთელ მსოფლიოში, ყველაზე მეტი აფასებს - გლობალური გამოკითხვა


თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი, აშშ-ის პრეზიდენტთა მთავარი სამუშაო ოთახი.
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი, აშშ-ის პრეზიდენტთა მთავარი სამუშაო ოთახი.

როგორ აფასებენ შეერთებული შტატების მსოფლიო ლიდერობას საქართველოში?

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია „გალოპის“ ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ლიდერობა მოსწონთ. მისი მაჩვენებლები ჩინეთზე მეტია, რომელიც საზოგადოების გლობალურ გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს. "გალოპის" ახალი ანგარიში ორშაბათს, 6 მაისს გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ამერიკის, ისე ჩინეთის პოპულარობამ გასულ წელთან შედარებით, იკლო. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო 20 წლის გამოკითხვათა ანალიზით, ამერიკის დემოკრატი ლიდერები გლობალურად უფრო ფართო მხარდაჭრით სარგებლობენ, ვიდრე რესპუბლიკელი მმართველები.

უახლესი გამოკითხვა აჯამებს 2023 წელს, 133 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგებს. "გალოპის" გამოკითხვაში, შეერთებული შტატები უპირატესობას ამ 133 სახელმწიფოდან 81-ში ინარჩუნებს. 52 ქვეყანაში კი ჩინეთი ლიდერობს.

შეერთებული შტატების უპირატესობა ყველაზე მაღალია კოსოვოში, სადაც გამოკითხულთა 84%-ს ვაშინგტონის ლიდერობა მოსწონს და მხოლოდ 6%-ს არ მოსწონს. ამერიკის პოპულარობა ასევე მაღალია ისრაელში, სადაც მისი პოპულარობის მაჩვენებელი 81%-ზეა.

ჩინეთი კი ყველაზე უფრო მოსწონთ რუსეთში. პეკინის ლიდერობას, რუსეთში, გამოკითხული მოსახლეობის 82% იწონებს. გასულ წლის მონაცემებთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ ამერიკის პოპულარობის მაჩვენებელი ჩინეთთან შედარებით, გაზრდილია.

რაც შეეხება საქართველოს, შეერთებული შტატების ლიდერობას დადებითად გამოკითხულთა 38% აფასებს. 34%-ს ის არ მოსწონს, 29% კი პასუხისგან თავს იკავებს, ან საკითხი არ იცის.

რუსეთის პოპულარობა 2023 წელს კვლავ დაბალი დარჩა და 22%-ს არ აღემატება. მისი რეიტინგები მსოფლიო ლიდერობის მხრივ განსაკუთრებით დაეცა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ერთადერთი რეგიონი, სადაც რუსეთის პოპულარობამ წელს შედარებით იმატა, აფრიკის ქვეყნებია.

მსოფლიო ლიდერობაში უპირატესობის ქონა მნიშვნელოვანია ქვეყნის გავლენიანობისთვის, ნათქვამია "გალოპის" უახლეს ანგარიშში. „დიდ ძალაუფლებას, რომელსაც აქვს მოწონების მაღალი მონაცემები ინტერესის ზონის ქვეყნებში, სხვა ფაქტორების შენარჩუნებით, საკუთარი მიზნების მიღწევის მეტი შანსი შეიძლება გააჩნდეს",- წერენ კვლევის ავტორები. მათი აზრით, აღნიშნული მონაცემები მოსახლეობის დონეზე ამ ე.წ. რბილი ძალის გამოყენებისთვის საჭირო და "მნიშვნელოვანი კომპონენტია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG