ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალიზმის ახალი ფერები - ამერიკულ პოლიტიკაში სოციალისტური იდეები იკვეთება


ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, დემოკრატი კანონმდებელი ნიუ-იორკიდან
ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, დემოკრატი კანონმდებელი ნიუ-იორკიდან

ტრადიციულად, შეერთებული შტატების ისტორიაში, სოციალიზმი სალანძღავ სიტყვად იყო მიჩნეული. შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულების მანძილზე სოციალისტი უფრო პოლიტიკურ იარლიყს წარმოადგენდა, ვიდრე ვინმეს პოლიტიკური იდეოლოგიის აკურატულ აღწერას. ამერიკული სტერეოტიპებით, სოციალიზმი უსამართლოდ იყო გაიგივებული კომუნიზმთან, საკუთრების, წარმოების, თუ სოფლის მეურნეობის საჯარო ფლობასთან და იდეაც უმეტესად ტოტალიტარიზმთან ასოცირდებოდა.

მაგრამ, დრო აშკარად იცვლება. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სოციალისტური იდეები შეერთებულ შტატებში თანდათან უფრო იკიდებს ფეხს. დემოკრატ კანდიდატთა პლატფორმაში რამდენიმე ისეთი იდეა მკვიდრდება, განსაკუთრებით ეკონომიკური, საგადასახადო და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სოციალიზმთან უფროა ახლოს, ვიდრე კაპიტალიზმთან.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, რიჩარდ ვულფის თქმით, შეერთებულ შტატებში რამდენიმე ისეთი პრობლემა მომწიფდა, რომელიც "წესით ისეთ მდიდარ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, არ უნდა ჰქონდეს". მაგალითად, ის ასახელებს უმაღლეს განათლებას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იმდენად გაძვირდა, რომ "ჩვენ ვეღარ მოგვიფიქრებია, როგორ, რა გზით დავასრულებინოთ ჩვენს შვილებს კოლეჯის კლასები".

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში 44 მილიონ ადამიანს ე.წ. სტუდენტური ვალი აქვს, ანუ კოლეჯის დასამთავრებლად აღებული ბანკის სესხი, რომლის გადახდას ისინი ხშირად ათწლეულების მანძილზე ვერ ახერხებენ. ისეთი პროფესიების დასაუფლებლად, როგორიცაა სამედიცინო სპეციალობები, სტუდენტებს ზოგჯერ 300 000 დოლარამდე ვალის აღება უწევთ.

პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ამაზე 2020 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატებიც ალაპარაკდნენ. ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს, ეს თემა ორი წლის წინ, 2016 წლის არჩევნებზე წამოწია და ახალგაზრდა ამომრჩევლების საკმაოდ დიდი მასის მობილიზება შეძლო. სანდერსი მაშინ უფასო უმაღლესი განათლების შემოღების იდეით გამოდიოდა.

მართალია მაშინ დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინტონთან წააგო, მაგრამ მისი იდეები იმდენად პოპულარული იყო, რომ დღეს პარტიის ახალი კანდიდატებიც თავისი პლატფორმისთვის სანდერსის იდეებს მიმართავენ. სანამ წელს სანდერსი საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში მონაწილეობის განცხადებას გააკეთებდა, დემოკრატთა რიგებში უკვე იყვნენ საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებიც მარცხნივ ჩვეულებრივზე მეტად იხრებოდნენ და საყოველთაო ჯანდაცვაზე, თუ ახალ საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრობდნენ.

ექვსიდან ხუთი დემოკრატი სენატორი პირობას დებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვისთვის იბრძოლებს, რაც ცოტა ხნის წინ ამერიკელებისთვის წარმოუდგენელი იდეა იქნებოდა. ესენი არიან: კორი ბუკერი (ნიუ-ჯერსი); კირსტენ ჯილიბრანდი (ნიუ-იორკი); კამალა ჰარისი (კალიფორნია); ელიზაბეტ უორენი (მასაჩუსეტსი) და ბერნი სანდერსი (ვერმონტი). მხოლოდ მინესოტის სენატორი ემი კლობუჩარი არ პირდება ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებას.

ამასობაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო და უფრო ხშირად უწოდებს ოპონენტებს სოციალისტებს, რითაც ამერიკელთა თვალში მათ დამცირებას ცდილობს. ძალიან ხშირად ისმის ეს სიტყვა დემოკრატების ახალი ვარსკვლავის, წარმომადგენელთა პალატის ახალგაზრდა წევრის ალექსანდრია ოკასიო კორტეზის მიმართ, რომელიც ნიუ-იორკის შტატს წარმოადგენს და წარსულში ბერნი სანდერსის კამპანიაში მუშაობდა.

„ამერიკა არასდროს გახდება სოციალისტური ქვეყანა“ - განაცხადა პრეზიდენტმა 5 თებერვალს, ერისადმი გაკეთებულ საყოველთაო მიმართვაში. ბევრმა ანალიტიკოსმა ეს ფრაზა 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისად აღიქვა. ისინი ფიქრობენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ოპონენტებთან საბრძოლველად თადარიგს წინასწარ იჭერს.

რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს სოციალიზმის ელემენტები რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის, დემოკრატებში ჩატარებული „გალოპის“ გამოკითხვა საპირისპიროს ადასტურებს. მსგავსი პროგრამები თანდათან უფრო პოპულარული ხდება და მათ დემოკრატთა 57 პროცენტი ემხრობა.

ლიალ ჰარისონი, ფილადელფიელი აქტივისტი ორგანიზაციიდან „სოციალისტური ალტერნატივა“ ამბობს, რომ ამ იდეების პოპულარიზებაში და თავად სიტყვის „სოციალიზმი“ მეტ მიმღებლობაში უდიდესი როლი ითამაშა ბერნი სანდერსის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ. „ხალხმა, რიგითმა, მშრომელმა ამერიკელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მინიმალური ხელფასი საათში $15 დოლარი უნდა იყოს, მე მინდა საყოველთაო ჯანდაცვა. მე მჭირდება უფასო კოლეჯი. მგონი, სოციალისტი ვარ“ - ამბობს ლიალ ჰარისონი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2016 წლიდან ორგანიზაციაში „ამერიკის დემოკრატი სოციალისტები“ 60 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. შედარებისთვის: 2015 წელს მათ მხოლოდ 5-ათასიანი მატება ჰქონდათ.

თუკი აქამდე ერთგვარი კონსენსუსი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალიზმი ცუდია, ახლა, კონსერვატორების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, სოციალიზმი ან დიქტატორულ რეჟიმს, მაგალითად სტალინის რუსეთს, ან ეკონომიკურად დაუძლურებულ ვენესუელას, თუ ჩრდილოეთ კორეას დაუკავშირონ, დემოკრატებში სოციალიზმის ელემენტები აშკარად უფრო მყარად იკიდებს ფეხს. ისინი მზად არიან პოლიტიკური თავისუფლებების დათმობის გარეშე, გაზარდონ გადასახადები ყველაზე შეძლებულ კლასზე და სანაცვლოდ, ჯანდაცვა და განათლება რიგითი ამერიკელებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. ეს მათი აზრით, საშუალო კლასის გაზრდას დაეხმარება.

„ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცივი ომის საფრთხეს ასცდა, არ გაზრდილან იმ შიშით, რომ ბოროტი რუსები ატომურ ბომბს გვესვრიან“ - ამბობს რიჩარდ ვულფი. იანვარში, „აქსიოსის“ გამოკითხვამაც აჩვენა, რომ 18-დან 24 წლამდე ამერიკელების 61 პროცენტი კაპიტალიზმს სოციალიზმს ამჯობინებს. ეს მაშინ, როცა ეროვნული მასშტაბით, მოსახლეობის 61 პროცენტს კაპიტალიზმი ურჩევნია.

თავად რესპუბლიკელების წამყვანი ტელეარხის, „ფოქს ნიუსის“ მიერ იანვარში ჩატარებულმა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ ამერიკელების 70 პროცენტი ემხრობა გადასახადების გაზრდას იმ ამერიკელებისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 10 მილიონ დოლარს აღემატება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, სოციალისტური იდეები მომავალში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და ის ასაკს, თუ პარტიული კუთვნილების ჩარჩოებს გასცდეს.

„26 წლის რომ გავხდი და მშობლების ჯანმრთელობის დაზღვევა მომეხსნა, კინაღამ გავგიჟდი საავადმყოფოების მუშაობაში რომ ჩავიხედე და სამედიცინო დაწესებულებების სისტემებს გავეცანი. იქამდე მივედი, რომ ექიმთან მისვლა აღარ მინდონდა“ - ამბობს ადრიანა ორიცი, პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც თავს სოციალისტად სულ არ თვლის. მას უბრალოდ სურს, რომ ჯანდაცვა და განათლება რიგითი ამერიკელისთვის შედარებით ხელმისაწვდომი გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG