ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატ მონაწილეთა სიას კიდევ ერთი კანდიდატი დაემატა. დღეს საარჩევნო მარათონში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ, სენატორმა ბერნი სანდერსმა განაცხადა.
სანდერსმა 2016 წელს საკმაოდ წარმატებული კამპანია წარმართა და დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ბოლო მომენტში მხოლოდ ჰილარი კლინტონთან წააგო. 77 წლის კანდიდატს ბევრი მიმდევარი ჰყავს. მის საარჩევნო პლატფორმას წინა არჩევნებზე საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო კოლეჯები გამოარჩევდა.
სანდერსის გარდა, მსგავს იდეებს სხვა დემოკრატი კანდიდატებიც აჟღერებენ. პარტიის მოწინავე კანდიდატთა სიაში ასევე არიან სენატორები: ელიზაბეტ უორენი, კორი ბუკერი, ემი კლობუჩარი, კირსტენ გილიბრენდი და კამალა ჰარისი.
ვერმონტის შტატის სენატორმა ბერნი სანდერსმა დღეს დილით თავის მხარდამჭერებს ელექტრონული წერილით მიმართა. ის აცხადებს, რომ სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების დაფინანსებაზე უარს ამბობს და კამპანიის წარმოებას მხოლოდ ამერიკელთა მცირე შემოწირულობების ხარჯზე გეგმავს.
წერილში სანდერსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიშ პრეზიდენტს უწოდებს. მისი თქმით, ოპონენტი "პათოლოგიური მატყუარა, ყალბი, რასისტი, სექსისტი და ქსენოფობი" ლიდერია და ის "მართვის ავტორიტარული მიმართულებით ძირს უთხრის ამერიკულ დემოკრატიას".
Facebook Forum