„არსებობს ფენომენი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეესწრო და რომელთა ახნსნა ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი სახის მეცნიერებით უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ცნობილმა ამერიკელმა გენერალმა ეიჩ-არ მაკმასტერმა, თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. კონგრესის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამ საკითხის შესასწავლად პენტაგონში შექმნილი უწყება, რომელიც ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს იკვლევს, აცხადებს, რომ მათი უცხოპლანეტური წარმოშობის დამადასტურებელი „გადამოწმებადი მტკიცებულება“ აქამდე არ უნახავთ. მიმდინარე თვეში შეერთებული შტატების კონგრესში ამ თემაზე ორი მოსმენა გაიმართა, რომელთა შესახებ დღეს რუბრიკა “გალილეოში” გიყვებით.
დაახლოებით ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ამერიკელი კანონმდებლები კვლავ დაუბრუნდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხის განხილვას. მათ ახლა ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს უწოდებენ. 13 ნოემბერს, წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო და ანგარიშვალდებულების კომიტეტში, მოწმეთა მორიგი ჯგუფის ჩვენებები მოისმინეს.
„ამოუცნობი ანომალიური ფენომენი წინააღმდეგობრივ საკითხად რჩება. მათ სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთები, ვისაც ამ მოსმენის ჩატარება არ სურდათ, რადგან ეშინოდათ იმის, რაც შეიძლება აქ გამჟღავნებულიყო. თუმცა, ჩვენ მათ მტკიცედ დავუდექით“, - აღნიშნა გამხსნელ სიტყვაში წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ნენსი მეისმა, რომელიც მოსმენას თავმჯდომარეობდა.
დემოკრატი კონგრესმენის, ჯარედ მოსკოვიცის თქმით, “ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტებისადმი მზარდი უნდობლობის ფონზე, მეტი გამჭვირვალობა არამარტო საჭიროა, არამედ შესაძლებელიცაა. ცხადია, შეგვიძლია ეროვნული უსაფრთხოების ლიმიტების პატივისცემა, მაგრამ ჩვენი ვალია, ელექტორატი მეტი ინფორმაციითა და ზედამხედველობით უზრუნველვყოთ”.
როგორც შარშან, კონგრესში წელს მისული ახალი მოწმეებიც აცხადებენ, რომ მათი აზრით, ფაქტების დიდი ნაწილი კვლავ ზედმეტად გასაიდუმლოებულია, როგორც არჩეული ხელისუფლებისგან, ისე - რიგითი ამერიკელებისგან.
"[მიღებულ] ელექტრონულ წერილზე მიმაგრებული იყო “გოუ-ფასტის” სახელით ცნობილი ვიდეო, რომელიც საზღვაო ფლოტის წვრთნებზე, “ეფ-18”-ის წინა ინფრაწითელმა სენსორმა დააფიქსირა… უცნობი მფრინავი ობიექტი სრულიად უცნობი იყო, რომლის მსგავსი არსენალში არაფერი გვაქვს. წერილის მიზანი ცხადი გახლდათ, ავტორს აინტერესებდა: ხომ არ ვიცოდით ვინმემ რაიმე ისეთი საიდუმლო ტექნოლოგიის დემონსტრაციაზე, რითიც ამ ობიექტის არსებობა აიხსნებოდა… მომდევნო დღეს ეს წერილი ჩემი და სხვა ადრესატების ანგარიშიდან ახნა-განმარტების გარეშე გაქრა”, - ამბობს ტიმ გოლოდეტი - თადარიგის კონტრადმირალი და ოკეანოგრაფი.
პენტაგონის დაზვერვის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ლუის ელიზონდო ფიცის ქვეშ იძლევა ჩვენებას, რომ ამ უცხოპლანეტური წარმოშობის ტექნოლოგიების ნაწილს ამერიკაც ფლობს და მისი ზოგიერთი მტერიც:
"ამოუცნობი ანომალიური ფენომენი რეალობაა. ეს მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც არც ჩვენი დამზადებულია და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მთავრობის, მგრძნობიარე სამხედრო ობიექტებს მთელ პლანეტაზე აკვირდება. მეტიც, შეერთებული შტატები, ისევე როგორც ჩვენი ზოგიერთი მტერი, მათი ტექნოლოგიების ნაწილს ფლობს. ვფიქრობ, უკვე რამდენიმე ათწლეულია [ამ ტიპის] შეიარაღებაში მიმდინარე საიდუმლო შეჯიბრის შუაგულში ვართ, რომელიც გადამხდელთა ფულით არასწორად ფინანსდება და დამალულია არჩეული ოფიციალური პირებისგან”.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ენდი ოგლესმა მას სთხოვა დაეზუსტებინა, ხშირად უნახავთ თუ არა ეს ფენომენი ბირთვული ობიექტების მახლობლად: “ბატონო ელიზონდო, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ისინი გამორჩეულად ხშირად ჩნდებიან ბირთვული ობიექტების მახლობლად”? ელიზონდომ უპასუხა: “დიახ, ბატონო კონგრესმენო, სრულებით დარწმუნებული ვარ ამაში, ისევე როგორც ჩემი კოლეგები მთავრობაში”.
გამომძიებელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი ამტკიცებს, რომ პენტაგონში მოქმედებს საიდუმლო პროგრამა, სახელწოდებით - “უბიწო თანავარსკვლავედი“ (Immaculate Constellation), რომელსაც ხელთ აქვს ამ ფენომენის არსებობის დამადასტურებელი ბევრი მასალა, მათ შორის - გაცილებით უკეთესი ხარისხის ვიდეოები, ვიდრე ის, რაც პენტაგონმა გასულ წელს გამოაქვეყნა:
"მას შემდეგ, რაც “უბიწო თანავარსკვლავედზე” [მასალა] გამოვაქვეყნე, წინა თვეში, კიდევ ერთი წყარო გამოჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ ნახა 13-წუთიანი მაღალი გარჩევადობის ფერადი ვიდეო, რომელზეც ქუვეითის სანაპიროსთან, ოკეანიდან, თეთრი სფეროს ფორმის ამოუცნობი ანომალიური ფენომენი ამოდის. ვიდეო ვერტმფრენიდანაა გადაღებული”.
მაიკლ გოლდმა, ნასას ყოფილმა თანამშრომელმა კი დასძინა: “როგორც ამბობენ, სიმართლე ზედაპირზე დევს. უბრალოდ მეტი ნება და სიმამაცე გვჭირდება, რომ მას თვალი გავუსწოროთ”.
ამ მოსმენიდან 6 დღის შემდეგ, 19 ნოემბერს კონგრესში კიდევ ერთი მოსმენა გაიმართა. ამჯერად სენატში, შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტში მიიწვიეს თავად კონგრესის მიერვე, ორი წლის წინ, პენტაგონში შექმნილი ამოუცნობი ანომალიური ფენომენის შემსწავლელი სპეციალური სამსახურის უფროსი ჯონ კოსლოსკი.მისი მისამართით, წინა მოსმენაზე, არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის - ინფორმაციის დამალვის შესახებ.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ [მთავრობის] ყველა სააგენტომ ტანდემში იმუშაოს, მონაცემთა შეგროვების, ტენდენციების ამოცნობისა და ანალიტიკური ჩარჩოების შემუშავება-განვითარების მიმართულებით. ამოუცნობი ანომალიური ფენომენის აღმოჩენის, მათზე დაკვირვებისა და რეაგირების ჩვენი უნარი, უახლეს ტექნოლოგიებსა და მთავრობის ყველა შტოს სრულ თანამშრომლობას მოითხოვს”, - განაცხადა დამსწრეებისადმი სიტყვით მიმართვაში ჯონი ერნსტმა, რესპუბლიკელმა სენატორმა
კოსლოსკი, ზოგიერთ გამოვლენილ ფაქტში, ანომალიის არსებობას არ უარყოფს. მაგრამ, ის იმასაც ხაზს უსვამს, რომ მათი უცხოპლანეტური წარმოშობის დამადასტურებელი, „გადამოწმებადი მტკიცებულება“ სამთავრობო უწყების თანამშრომლებს აქამდე არ უნახავთ.
“დღემდე, AARO-მ ამერიკის მთავრობისგან 1 600-მდე ანგარიში მიიღო… ბევრ მათგანში ისეთი ჩვეულებრივი რამ დადასტურდა, როგორიცაა ჩიტები, საჰაერო ბუშტები, უპილოტო საფრენი სისტემები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა არ გვქონდა საკმარისი მონაცემები, რათა კომპლექსური ანალიზი ჩაგვეტარებინა. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებული ანგარიშების მხოლოდ მცირე პროცენტში იყო პოტენციური ანომალია… მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ დღემდე არ გვინახავს უცხოპლანეტელთა არსებობის, მათი აქტივობის ან ტექნოლოგიების დადასტურებადი მტკიცებულება”, - აღნიშნავს ჯონ კოსლოსკი, პენტაგონში მოქმედი უწყების, AARO-ს დირექტორი.
სენატში კოსლოსკის მისვლას, წინ უსწრებდა მისი უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი კვლევა, სადაც მსურველებს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენზე დოკუმენტების წარდგენის თაობაზეც აკვალიანებენ. ნაშრომის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფიზიკის კანონებითა და ინჟინერიის გამოცდილებით, მათ სულ ცოტა, ორ ათეულ შემთხვევაში, ანომალიური ფენომენი ვერაფრით ამოხსნეს, თუმცა მოვლენების შესწავლა ჯერ ისევ გრძელდება.
“რაც ამ ანგარიშიდან დავინახე, ჩვენ ამოვხსენით ბევრი შემთხვევა, მაგრამ 40-იანი წლებიდან მოყოლებული, მათი ნახევარი, აქამდე, კვლავ გაურკვეველი რჩება… არ ვიცით, როგორ დაფრინავს სხვადასხვა ამოუცნობი ანომალიური ფენომენი, რა ტექნოლოგიას იყენებენ ისინი, რა არის მათი მისია, რა მიზანი აქვთ... თანაც, ბევრი დაფრინავს ჩვენს სამხედრო ბაზებთან, თუ ჩვენს ბირთვულ ობიექტებთან“, - აღნიშნავს აქამდე შედგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით კრისტენ ჯილიბრენდი, დემოკრატი სენატორი და სენატში გამართული მოსმენის თავმჯდომარე.
ერთი რამ, რაზეც როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის მოსმენის ყველა მონაწილე თანხმდება, არის ის, რომ აუცილებელია სტიგმის, სტერეოტიპის დაძლევა, რომელიც დღემდე ასოცირდება ამ ანომალიური მოვლენების შესახებ ღიად საუბართან და მათზე ანგარიშების შედგენასთან. ადამიანები არ უნდა უფრთხოდნენ მათ შესახებ მოყოლას და მოწმედ გამოსვლას, რადგან ეს ამ ფენომენის შესწავლასა და ქვეყნისთვის უსაფრთხოების პოტენციური რისკების გამოვლენას ძლიერ აფერხებს, აცხადებენ ისინი.
Facebook Forum