ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დადასტურდა ჩვენი გალაქტიკის შეჯახება ჯუჯა გალაქტიკა “გაიასთან” - ასტრონომების აღმოჩენა რუბრიკაში “გალილეო”


“ეს იყო გადამწყვეტი მომენტი” - თქვა ასტრონომმა კარმე გალიარმა, ესპანელმა ასტროფიზიკოსმა, რომელმაც წარმოადგინა ახალი ნაშრომი ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ. გალაქტიკა “ირმის ნახტომი”, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა და მილიარდობით სხვა ვარსკვლავი ერთიანდება, თურმე უფრო მცირე ზომის გალაქტიკას შეეჯახა.

ეს დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა. ე.წ. ჯუჯა გალაქტიკას, რომელსაც “ირმის ნახტომი” შეეჯახა, სახელად “გაია-ენცელადუსი” ჰქვია. მასთან შერწყმის შედეგად, ჩვენი გალაქტიკის მასა დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა.

ამ ყოველივემ დასაბამი მისცა ვარსკვლავების დაჩქარებულ ფორმირებას, რაც 2-დან 4 მილიარდ წლამდე გრძელდებოდა. ახალი აღმოჩენის შესახებ გაიას კოსმოსური ობსერვატორიის მეცნიერებმა განცხადება პირველად ორშაბათს გააკეთეს.

მართალია ორი გალაქტიკის შეჯახება დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი გალაქტიკის, “ირმის ნახტომის” ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს არ იყო ვარსკვლავებისთვის ერთგვარი დამანგრეველი პროცესი - განმარტავენ ასტრონომები.

“კოსმოსური გაგებით ეს დაჯახება დიდი მოვლენა იყო, მაგრამ ეს რომ დღეს მომხდარიყო, ჩვენ შესაძლოა ვერც შეგვეტყო ეს მზის სისტემაში, ადამიანის ცხოვრების დონეზე” - აღნიშნავს კარმე გალიარი. ეს იმიტომ, რომ ესპანელი ასტრონომის თქმით, გალაქტიკაში ვარსკვლავებს შორის ძალიან დიდი მანძილებია, იმდენად გიგანტური დაცილებებია, რომ შეიძლება ეს მანძილი ცარიელ სივრცეებადაც კი ჩაითვალოს.

ამასთან, გალაქტიკების შეჯახების დროს, “ინდივიდუალური ვარსკვლავები ერთმანეთს არ ეჯახებიან. ისინი ვერ გრძნობენ მოვლენის სიძლიერეს და იმ შესაძლო თანამდევ გავლენას, რასაც ის [შეჯახება] პლანეტარული სისტემების ევოლუციის გზით, ინდივიდუალურ დონეზე ახდენს” - ამბობს კარმე გალიარი.

"ირმის ნახტომი" 10 მილიარდი წლის წინ. ფოტოს უფლება Instituto de Astrofisica de Canarias
"ირმის ნახტომი" 10 მილიარდი წლის წინ. ფოტოს უფლება Instituto de Astrofisica de Canarias

"ირმის ნახტომი" დღეს. ფოტოს უფლება: Instituto de Astrofisica de Canarias
"ირმის ნახტომი" დღეს. ფოტოს უფლება: Instituto de Astrofisica de Canarias

მილიონობით ვარსკვლავის პოზიციების, სიკაშკაშის, და მათ შორის მანძილების უზუსტეს გათვლებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავების ერთ, შედარებით მცირე ჯგუფს, განსხვავებული შემცველობა ჰქონდა. კერძოდ, მათ წყალბადის და ჰელიუმის გარდა სხვა ელემენტები გაცილებით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე “ირმის ნახტომის” გალაქტიკის ვარსკვლავებს.

ხანგრძლივი კვლევის შედეგად, ასტრონომებმა მიზეზსაც მიაკვლიეს, რაც ორი გალაქტიკის შეჯახება-შერწყმას უკავშირდება და სავარაუდო დროსაც, როცა ჩვენს გალაქტიკაში ეს კოლოსალური მოვლენა მოხდა. ახლად შესწავლილი ვარსკვლავები მზისგან ახლა დაახლოებით 6 500 სინათლის წლით არიან დაცილებული. მათი შესწავლა გაიას კოსმოსური ტელესკოპით გახდა შესაძლებელი, რომელიც ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის.

თავად “ირმის ნახტომმა”, ისევე როგორც სხვა გალაქტიკებმა, ჩამოყალიბება საყოველთაოდ მიღებული თეორიის თანახმად, დიდი აფეთქებიდან მალევე, დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ დაიწყეს. გალაქტიკების დაჯახებას და შერწყმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათი ჩამოყალიბების ისტორიაში და დღევანდელი სახის მიღებაში.

ასტრონომები ამბობენ, რომ “ირმის ნახტომში” დღეს 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. მათ შორისაა მზეც, რომელიც სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ახალგაზრდაა და დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა.

კვლევის ავტორები არიან ესპანეთის, საფრანგეთის და იტალიის მეცნიერები: კარმე გალიარი, კრის ბრუკი, ტომას რუიზ-ლარა, მატეო მონელი, ედუარდ ბერნარი, ვანესა ჰილი და სანტი კასისი. სამეცნიერო ნაშრომი (ინგლისური სახელწოდებით Uncovering the Birth of the Milky Way Through Accurate Stellar Ages With Gaia) 22 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალის “ნეიჩერ” ასტრონომიულ დამატებაში (Nature Astronomy).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG