ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიცოცხლის ნიშანი ვენერაზე - რუბრიკა „გალილეო“


ორმა სხვადასხვა ტელესკოპმა (JCMT და ALMA), სხვადასხვა დროს, ვენერაზე აღმოაჩინა მხოლოდ დედამიწისთვის და მიკრობული სიცოცხლისთვის დამახასიათებელი აირის, ფოსფინის (PH3) მოლეკულის კვალი. მეცნიერებმა ის დედამიწის კარის მეზობელი პლანეტის ღრუბლებში, მისი ატმოსფეროს ზედა ნაწილში იპოვეს.

აღმოჩენამ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“ ორშაბათს გამოქვეყნდა, ასტრობიოლოგები და პლანეტების მეცნიერები ძლიერ გააკვირვა. მედიაში კი ეს ყოველივე მორიგი აჟიოტაჟის საბაბი გახდა.

საქმე იმაშია, რომ ფოსფინის აირის მიღება მხოლოდ ინდუსტრიული საქმიანობით, ან მიკრობების აქტივობით ხდება. ვენერაზე მისი არსებობის მიზეზი, მეცნიერების აზრით, მხოლოდ ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი: პლანეტის რომელიღაც ნაწილში სიცოცხლე იყო, ან არის, და მეორე: ვენერაზე სრულიად გაურკვეველ აქტივობებს აქვს ადგილი, მაგალითად - გეოქიმიურს, ან ფოტოქიმიურს, ისეთს, რაც ადამიანისთვის ცნობილი არ არის.

ასტრონომები აქამდეც, უკვე ათწლეულებია სპეკულირებენ, რომ ვენერის ღრუბლებში შეიძლება მიკრობები არსებობდეს. მაგრამ, „როცა პირველად ვნახეთ მინიშნება ვენერის სპექტრში ფოსფინის არსებობაზე, ეს შოკი იყო“ - ამბობს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტიდან, ჯეინ გრეივსი. ის პირველი იყო, ვინც ჰავაიზე მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით (JCMT) ვენერაზე ფოსფინის კვალი შენიშნა.

მისი აღმოჩენის დადასტურებას, შემდეგ ჩილეში მდებარე ატაკამას ტელესკოპის (ALMA), გაცილებით მგრძნობიარე 45 ანტენა დასჭირდა. როგორც არმოჩნდა, ფოსფინის კონცენტრაცია ვენერაზე მაღალი არ არის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პლანეტის ღრუბლებში ყოველ მილიარდ მოლეკულაზე შეიძლება მხოლოდ 20-მდე ფოსფინის მოლეკულა მოდიოდეს.

მკვლევრებმა შემდეგ ფოსფინის წარმოქმნის მიზეზებზე რამდენიმე თეორია დაამუშავეს. მაგალითად, თუ რამდენად შეიძლებოდა პლანეტაზე მისი წარმოქმნა ბუნებრივი, არაბიოლოგიური პროცესებით. ხომ არ შეიძლებოდა მისი მიღება მზისგან, ვულკანით ამოფრქვეული მინერალებისგან, ჭექა-ქუხილის დროს და ა.შ.

ყველა ეს თეორია მალევე გაცამტვერდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამგვარი პროცესებით, ვენერაზე ტელესკოპის მიერ ნანახი რაოდენობის მხოლოდ ერთი მეათიათასედის მიღება თუ შეიძლება.

ფოსფინი ორი ნივთიერებისგან შედგება: წყალბადი და ფოსფორი. მას დედამიწის ბაქტერია ქმნის: იღებს ფოსფორს მინერალებიდან, ან ბიოლოგიური ნივთიერებებიდან, ამატებს წყალბადს და გამოყოფს ფოსფინის აირს. თუკი ვენერაზე რაიმე ცოცხალი ორგანიზმი არსებობს, ის სავარაუდოდ, ძალიან განსხვავდება დედამიწელი ბიძაშვილებისგან, იმის მიუხედავად, რომ მასაც შეუძლია ატმოსფეროში ფოსფინის გამოშვება - აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები.

თავად ვენერაზე, მეცნიერების აზრით, ცოცხალი ორგანიზმი ვერ გადარჩება. მის ვულკანურ ზედაპირზე ტემპერატურა 426 გრადუსს აღემატება და ტყვიასაც კი გაადნობს. თუმცა, სხვა ვითარებაა ვენერის ღრუბლებში, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 50 კილომეტრით მაღლაა.

წნევა და ტემპერატურა ღრუბლებში სიცოცხლისთვის იმდენად მტრულად განწყობილი არ არის, როგორც ვენერის ზედაპირზე, თუმცა მაღალი მჟავიანობის გამო, მაინც დაუნდობლად გამოიყურება. დედამიწის ღრუბლებისგან განსხვავებით, ვენერის ღრუბლები წყლის ნაცვლად, გოგირდის მჟავის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს და იქ სიმშრალე ბევრჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ, ყველაზე მშრალ უდაბნოში. სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით იყო სენსაციური ფოსფინის მოლეკულების აღმოჩენა ვენერაზე.

„სიცოცხლე ვენერაზე?.. დადგა დრო ვენერა გახდეს პრიორიტეტი“ - დაწერა ორშაბათს „ტვიტერზე“ ჯიმ ბრაიდენსტინმა. ის ნასას - შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტოს - ადმინისტრატორია.

ვენერაზე ფოსფინის აღმოჩენის ავტორები არიან ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომელშიც ერთიანდებიან ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და იაპონიის მეცნიერები. ნაშრომის დეტალურად გაცნობა ხელმისაწვდომია სამეცნიერო ჟურნალის „ნეიჩერ“ ასტრონომიის ნაწილში. ნაშრომი 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG