ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოჩნდა, რომ ბაქტერიები კოსმოსში წლობით ძლებენ. პლანეტებს შორის სიცოცხლის ტრანსპორტირება გამორიცხული არ არის


იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ბაქტერია კოსმოსში მოგზაურობას უძლებს. ამასთან, მათ არა ერთი და ორი, არამედ შეიძლება 8 წელიც კი იცოცხლონ. აღმოჩნდა, რომ ეს ბაქტერიები კოსმოსის უმკაცრეს პირობებს, ექსტრემალურ ტემპერატურას, დაბალ წნევას და რადიაციასაც კი უძლებს, რომელიც როგორც ცნობილია, უჯრედის მემბრანას და დნმ-ს ანადგურებს.

კვლევა დღეს გამოქვეყნდა, მიკრობიოლოგიის დარგის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Microbiology. სახელი შეიძლება ითარგმნოს, როგორც მიკრობიოლოგიის მიჯნები, საზღვრები. როგორც ირკვევა, მიკრობები, რომლებიც დინოკოკუსის (Deinococcus) ბაქტერიის შუაგულში აფარებდნენ თავს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზედაპირზე 3 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

გამოდის, რომ ასეთმა მიკრობებმა შეიძლება პლანეტებს შორისაც იმოგზაურონ და არ არის გამორიცხული, სიცოცხლე გაავრცელონ იქ, სადაც ამისთვის ხელსაყრელი პირობები დახვდებათ. აღნიშნულ კონცეფციას სახელიც აქვს: პანსპერმია, ანუ სიცოცხლის „თესლის“ სამყაროში მიმობნევა. შესაბამისად, ადამიანებმა სხვა პლანეტებზე რობოტების დასმით და მომავალში მოგზაურობითაც კი, მიკრობული სიცოცხლე შეიძლება თავისდაუნებურად მარსზე, ან სხვა რომელიმე პლანეტაზე ჩაიტანონ.

პანსპერმიის ჰიპოთეზის მიხედვით, სიცოცხლის ე.წ. თესლი მთელ სამყაროშია გაფანტული და დედამიწაზეც ასე მოხვდა. სწორედ პანსპერმიაზე საუბრით იწყება იაპონელი მეცნიერების უახლესი კვლევა, რომელზეც ისინი იაპონიის კოსმოსის კვლევის სააგენტოსთან (JAXA) ერთად მუშაობდნენ.

„ჰიპოთეზა, სახელად პანსპერმია, სიცოცხლის პლანეტათაშორის ტრანსპორტირებას გულისხმობს. ექსპერიმენტების განმავლობაში, მიკროორგანიზმები კოსმოსურ პირობებს აზიარეს, რათა მათი გადარჩენის უნარი და პანსპერმიის ჰიპოთეზა გამოეცადათ. მიკრობებს, რომლებიც გარედან საკმარისი სისქის ფარისმაგვარი ნივთიერებით არიან ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული, კოსმოსში გადარჩენის უნარი აქვთ. ამ პროცესს ჰქვია ლითოპანსპერმია“ - ნათქვამია ნაშრომის პრეამბულაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე 4 მილიარდი წლის წინ, მიკროორგანიზმებით დაიწყო. მაგრამ, ეს მიკროორგანიზმები ჩვენს პლანეტაზე თავისით წარმოიშვა, თუ ასტეროიდების, ან სხვა რაიმე სახის კოსმოსურ გზავნილს ჩამოჰყვა? ეს კითხვა ასტრონომიისთვის და არა მარტო მათთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტურია.

ეს არ არის პირველი კვლევა აღნიშნულ საკითხზე. ადრეული კვლევებითაც დადასტურდა, რომ მეტეორიტებზე ზოგიერთ მიკრობს გადარჩენის უნარი აქვს. თუმცა, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც მიკრობების გადარჩენის ხანგრძლივობას 8 წლამდე საზღვრავს.

რადიაციისადმი მდგრადი ბაქტერიის, დინოკოკუსის (Deinococcus) გამძლეობას ექსტრემალურ პირობებში, კერძოდ - სტრატოსფეროში, იაპონელი მეცნიერები 2015 წლიდან მოყოლებული ცდიდნენ. მეტალის ფირფიტებში განაწილებული ბაქტერიები პირველად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზედაპირზე ნასას ამერიკელმა ასტრონავტმა სკოტ კელიმ დაამაგრა. მას შემდეგ, ნიმუშები დედამიწაზე ყოველწლიურად იგზავნებოდა და მოწმდებოდა. როგორც გაირკვა, იმ ნიმუშებში, რომელთა სისქე 0.5 მილიმეტრს აღემატებოდა, ზოგ ფირფიტაზე მიკრობების 4% გადარჩა.

სამეცნიერო ნაშრომი აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებს შორის, ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმის, თუ რამდენ ხანს შეუძლიათ ბაქტერიებს კოსმოსში გადარჩენა. იმის მიუხედავად, რომ ეს შესაძლოა პანსპერმიის ჰიპოთეზის დადასტურებისკენ გაბედული ნაბიჯი იყოს, ჯერჯერობით ბევრი რამ მიკრობების კოსმოსში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მაინც უცნობი რჩება.

კვლევის ავტორები არიან ტოკიოს, ოსაკას და ნაგაოკას უნივერსიტეტების მეცნიერები. ასევე: იაპონიის რადიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის, ფუკუოკას ინსტიტუტის და იაპონიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს მკვლევრები. ნაშრომის გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის Frontiers in Microbiology 26 აგვისტოს გამოშვებაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG