ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაპოვნია ყველაზე დიდი დინოზავრი


რუბრიკა "გალილეო" არგენტინაში ნაპოვნი ტიტანოზავრის, მსოფლიოსთვის ჯერჯერობით ცნობილი ყველაზე დიდი დინოზავრის შესახებ მოგითხრობთ

რუბრიკა „გალილეო“ დღეს ახალი, გიგანტური დინოზავრის აღმოჩენის შესახებ მოგითხრობთ. არგენტინაში დაახლოებით 7-სართულიანი სახლის სიმაღლის და ორჯერ უფრო გრძელი ტანის მქონე დინოზავრის 200-მდე ძვალი იპოვეს. მეცნიერების ვარაუდით, ეს მსოფლიოსთვის ჯერჯერობით ცნობილი ყველაზე დიდი დინოზავრია.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
ბმული

ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში, შეერთებულ შტატებში სრულიად უცნაური ფორმის დინოზავრის ძვლები იპოვეს. ის დაახლოებით 68 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ტანით თითქოს ქათამს გავდა, მაგრამ თავი გაურკვეველი, ბრტყელი ფორმის ქვეწარმავლს მიუგავდა. გამომეტყველება იმდენად ბოროტი უნდა ჰქონოდა, რომ მეცნიერებმა მას მეტსახელად ჯოჯოხეთის ქათამი შეარქვეს. დაახლოებით ერთ თვეში, 18-19 მაისს მსოფლიოს მედიაში ახალი სენსაცია გამოჩნდა: არგენტინაში ანთროპოლოგებმა კაცობრიობისთვის აქამდე ცნობილი უდიდესი დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს.

რამდენიმეს გარდა, ტიტანოზავრის ტანის თითქმის ყველა ძვალი ნაპოვნია. სრული ჩონჩხის აღსადგენად მას თავი, კისრის და კუდის რამდენიმე ძვალი აკლია. არგენტინელმა ანთროპოლოგებმა მედიას საშუალება მისცეს ბარძაყის ძვლისთვის ფოტო გადაეღოთ. ის 2 მეტრი და 40 სანტიმეტრია. ძვლების ზომების მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტიტანოზავრი დაახლოებით 80 ტონას იწონიდა, საშუალოდ იმდენს, რასაც 14-15 ზრდასრული აფრიკული სპილო ერთად აღებული. ის 10 ტონით აჭარბებს აქამდე ყველაზე მძიმეწონიან დედამიწაზე მოსიარულე დინოზავრს, რომელსაც არგენტინოზავრი შეარქვეს.

ტიტანოზავრის სიმაღლე 20 მეტრი იქნებოდა, სიგრძე კი ორჯერ მეტი, 40 მეტრი. კოლოსალური გაბარიტების მიუხედავად, ტიტანოზავრი ერთგვარი „კეთილი“ გიგანტი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ის ხორცს არ მიირთმევდა და შიმშილს ხეების კენწეროებით იკმაყოფილებდა. მეცნიერების აზრით, ტიტანოზავრი დედამიწაზე პალეოლითის ხანაში, სავარაუდოდ, 90-100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
დინოზავრის პირველი ძვალი რამდენიმე წლის წინ არგენტინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელ სომბრეროსთან ერთმა ადგილობრივმა ფერმერმა იპოვა. მეცნიერები ძვლების ძებნას და კვლევას დღესაც აგრძელებენ. დასრულებული სამეცნიერო კვლევა სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არგენტინელი ტიტანოზავრი აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი დინოზავრია. პროფესორი ნილ კლარკი გლაზგოს პალეონტოლოგიის მუზეუმიდან, ამბობს, რომ კოლორადოს შტატში 1870 წელს აღმოჩენილი დინოზავრი შესაძლოა 120 ტონამდე იყოს. ინდოეთში 1980 წელს აღმოჩენილი დინოზავრი კი -220 ტონამდე.

თუმცა, არგენტინელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზემოთ ნახსენები დინოზავრის ძვლების იმდენად მცირე რაოდენობაა ნაპოვნი, რომ მსგავსი ვარაუდი დაუშვებელია. არგენტინაში კი მათ ტიტანოზავრის 200-მდე ძვალი იპოვეს. ბოლო აღმოჩენა კიდევ ერთი ნიშნით არის საინტერესო. იქ არა ერთი, არამედ ერთ ადგილზე 7 დინოზავრის ძვლები იპოვეს. ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ გვალვის დროს, შესაძლოა ეს ერთ-ერთი წყლიანი ოაზისი იყო და ამიტომ დინოზავრებმა თავი იქ ერთად მოიყარეს.

არგენტინელ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჟოზე ლუის კარბალიდო ამბობს, რომ დინოზავრის ძვლები „არაჩვეულებრივა მდგომარეობაშია“ შემონახული და შემდგომ შესწავლას საჭიროებს. ტიტანოზავრის ძვლებმა ბინა ჯერჯერობით არგენტინის პალეონტოლოგიის მუზეუმში დაიდეს. დინოზავრის ჩონჩხი ხშირად გასაყიდად აუქციონებზე გააქვთ. ამერიკაში ნაპოვნი ერთ-ერთი ასეთი ჩონჩხი, მეტსახელად მისტი, რომელიც სიმაღლეში 19 მეტრი და სიგრძეში 17 იყო, გასული წლის შემოდგომაზე დიდი ბრიტანეთის აუქციონზე 650 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონის მფლობელების ცნობით, ის ანონიმურმა ორგანიზაციამ შეიძინა, რომელმაც პირობა დადო, რომ 150 მილიონი წლის წინანდელი მისტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი ზომის დინოზავრის ჩონჩხს წარმოადგენს, საზოგადოებისთვის ღია და ხელმისაწვდომ ადგილზე გამოიფინება.
XS
SM
MD
LG