ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის ლიდერები კემპ დევიდში შეიკრიბებიან


კვირის ბოლოს კემპ დევიდში დანიშნულ დიდი 8-ანის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები ევროპის ფინანსურ კრიზისზე გაამახვილებენ უყურადღებას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირველად დაესწრება დიდი რვიანის სამიტს პრეზიდენტის ამპლუაში. კემპ დევიდში ჩასვლამდე ის თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დიდი რვიანის ლიდერები ევროპაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს დაუჭერენ მხარს.

საბერძნეთის მძაფრმა ფინანსურმა კრიზისმა ევროპელი პოლიტიკოსები დააფიქრა იმაზე უნდა დარჩეს თუ არა ათენი ევროზონაში. გამომდინარე აქედან, ვაშინგტონში დაფუძნებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი საიმონ ჯონსონი ამბობს, რომ დიდმა რვიანმა ისეთი გლობალური საკითხები უნდა განიხილოს, რომლებიც საბერძნეთის მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს:

„იმედია ამ ყველაფერზე ისაუბრებენ. ასევე იმედია, ამერიკელები და სხვები ევროპელებს დაარწმუნებენ იმაში, რომ გადახედონ ევროზონის სტრუქტურას და რამე ისეთი მოიფიქრონ, რაც უფრო მდგრადი და უფრო გაერთიანებული ფინანსური პოლიტიკის წარმოების საშუალებას მისცემს ევროზონის ქვეყნებს.“

პრეზიდენტმა ობამამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპის ლიდერები კრიზისის დაძლევას თავად მოახერხებენ. შესაბამისად, ევროპის ეკონომიკის სტიმულიერბისთვის ამერიკული თანხების გამოყოფისგან ის თავს იკავებდა.

ჯონსონი ამბობს, რომ თუ ევროპაში უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება ვერ მოხდა, ობამამ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს.

„ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით გამოდის კრიზისიდან. თუ ევროპაში მნიშვნელოვანი ფინანსური კატასტროფა მოხდა, ეს პრეზიდენტი ობამას არჩევნებში გამარჯვების შანსებს შეამცირებს.“

დიდი რვიანის ერთი ლიდერი, რომელიც სამიტს არ დაესწრება რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. მან განაცხადა, რომ კრემლში საქმეები აქვს და სამიტზე ყოფილ პრეზიდნეტს და ახლა რუსეთის პრემიერ მინისტრ დმიტრი მედვედევს გაუშვებს.

ე რთი საკითხი, რომელსაც დიდი რვიანი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს აფრიკის კონტინენტზე სურსათის უსაფრთხოებაა. პრეზიდენტი ობამა აფრიკაში სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარების ახალ გეგმას წარადგენს. სწორედ ამ თემაზე ყურადღების გასამახვილებლად მან ბენინის, ეთიოპიის, განას და ტანზანიის ლიდერები კემპ დევიდში მიიწვია.

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სურსათის უსაფრთხოების პროექტის ხელმძღვანელი კრისტინ ვედინგი ამბობს:

„სურსათის უსაფრთხოება ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ოთხი აფრიკელი ლიდერის სამიტზე ჩამოყვანა ობამას მცდელობაა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რამდენი რამ გააკეთა ამერიკამ აფრიკაში და რამხელა შედეგები გვაქვს უკვე.“

2009 წელს ვაშინგტონმა სამ წლიანი ვადით 3.5 მილიარდი დოლარი გამოყო სურსათის გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ვედინგის თქმით, ობამა დიდი რვიანის ლიდერებისგან უწყვეტ დახმრებას ელოდება და იმედს იტოვებს, რომ ამ ინიციატივას ახალი დონორებიც გამოუჩნდება:

„ეს გრძელვადიანი ინვესტიციებია. იმის ნაცვლად, რომ გვალვის ან შიმშილობის დროს ადამიანებს საჭმელი ჰუმანიტარული დახმარების სახით გავუგზავნოთ, ინვესტიციები უნდა ჩავდოთ გრძელვადიანი განვითარების გეგაში.“

დიდი რვიანის რამდენიმე ლიდერი კემპ დევიდიდან პირდაპირ ჩიკაგოს ნატოს სამიტზე წავა.

დიდი რვიანის სამიტი თავაპირველად ჩიკაგოში იყო დაგეგმილი. მაგრამ მოგვიანებით, პრეზიდენტმა ობამამ ის მერილენდის შტატში, ვაშინგტონთან ახლოს მდებარე კემპ დევიდში გადაიტანა, რადგანაც ეს ადგილი დემონსტრანტებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ დიდი რვიანის ქვეყნებია ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, რუსეთი და შეერთებული შტატები.

XS
SM
MD
LG