ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელ ლიდერებს გულთბილი მიღება არ ელით


პარასკევს კემპ დევიდში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტზე მსოფლიოს ეკონომიკაში ევროზონის გამო შექმნილ პრობლემებს განიხილავენ

„დიდი რვიანი“ პარასკევს ვაშინგტონის გარეუბანში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო აგარაკზე იკრიბება. ანალიტიკოსების აზრით, შეხვედრის ეპიცენტრში ევროზონის ფინანსური პრობლემები და ის საფრთხე მოექცევა, რაც მის გამო გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას შეექმნა. პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ევროზონის ქვეყნების ლიდერებს, განსაკუთრებით კი საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელებს, სამიტზე კოლეგებისგან განსაკუთრებული კრიტიკა ელით.

ევროპის კონტინენტი ეკონომიკური კრიზისის ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. სამშაბათს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი შეთანხმების მიხედვით ბერლინში ძლიერი შტორმის მიუხედავად ჩავიდა. მის დასახვედრად გამზადებული კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სამიტი ძალზე დროულია.

ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებთან და „დიდი რვიანის“ წევრებთან ერთად სამუშაოს მეტი მონდომებით უნდა შევუდგეთ, რათა მაღალი საკრედიტო მაჩვენებლები თავიდან ავირიდოთ. შეხვედრა სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის ფუნდამენტური საძირკველის ჩაყრის საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

შემჭიდროვებული ეკონომიკის მქონე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ცვლილებების მოთხოვნა კიდევ უფრო გაძლიერდა, რათა ბიუჯეტის შეკვეციდან აქცენტი ეკონომიკის შემდგომ ზრდაზე გადავიდეს. ეკონომიკურმა პრობლემებმა საბერძნეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. საპარლამენტო არჩევნებზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. შემდეგ, ხმის უმრავლესობის მქონე პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბება დათქმულ ვადებში ვერ შეძლო და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დაინიშნა.

სტეფანი რიკარდი, ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ამბობს, რომ „დიდი რვიანის“ არაევროპელ ლიდერებს პრეტენზიები ექნებათ და ეს გასაკვირი არც არის. მათ მესიჯს საკმაოდ მარტივი ფორმულირება ექნება:

ევროზონის ლიდერებო, საკუთარი პრობლემა თავად უნდა მოაგვაროთ. ეს არც შეერთებული შტატების პრეროგატივაა და არც კანადის. ეს ევროპის პრობლემაა და საკუთარი სახლი თავად უნდა დაალაგოთ“.

ევროკავშირის ლიდერები ევროზონის ფინანსური კრიზისიდან გამოსახსნელად ჩინეთის აყვავებულ ეკონომიკას მოიაზრებენ. ნოტინგემის უნივერსიტეტში ჩინური პოლიტიკის პროფესორი, სტივ ცანგი თვლის, რომ ჩინეთის იმედი მათ სულ ტყუილად აქვთ.

მათი გადასახედიდან არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის დასაბუთებისთვის, რომ მუყაითად მშრომელმა ჩინელმა საკუთარი შემოსავალი მდიდარი ევროპელების, და ბევრი პარამეტრით, ზარმაცი ევროკავშირის მოქალაქეების დასახმარებლად დახარჯოს“ - აცხადებს პროფესორი ცანგი.

„დიდი რვიანის“ შეხვედრას შეერთებულ შტატებში რუსეთის ახალი, ძველი პრეზიდენტი -ვლადიმირ პუტინი- არ დაესწრება. მოსკოვში ამბობენ, რომ მას პრობლემები შინაც თავზე საყრელად აქვს. კემპ დევიდში ის ექსპრეზიდენტს, ამჟამდ პრემიერ-მინისტრს -დმიტრი მედვედევს- აგზავნის.

პოლიტოლოგები ხუმრობენ, რომ „დიდი რვიანის“ ახალ წევრს, ფრანსუა ოლანდს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ნათლობის ნაცვლად შამფურზე წამოაგებენ. ბერლინისკენ მიმავალ მის თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო და ახალი რეისი დაენიშნა. პრეზიდენტობის პირველივე კვირაში დაგეგმილ მეორე უმაღლესი დონის შეხვედრაზე საფრანგეთის ლიდერს სავარაუდოდ უკეთესი იღბლის იმედი ექნება.

XS
SM
MD
LG