ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვუჰანიდან აშშ-ში ევაკუირებულთა შესახვედრად პერსონალი მზად არ იყო" - "ვაშინგტონ პოსტი"


გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან ევაკუირებულ ამერიკის მოქალაქეებს კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე მოუმზადებელი პერსონალი დახვდა.

როდესაც ევაკუირებულ მოქალაქეებს დახვდნენ, მათ არ ეკეთათ ნიღბები და არც ვირუსის პრევენციის გეგმა ან ინფექციის კონტროლის ტრენინგი ჰქონდათ გავლილი - ისინი არ იყვნენ მზად მისიისთვის - წერს გამოცემა ორ ფედერალურ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

ხუთშაბათს გვიან საღამოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ მამხილებლის ანგარიშის თანახმად, ამერიკის ოფიციალური პირები დაბნეულნი შეხვდნენ 200-მდე ევაკუირებულ პირს, რომლებსაც კოვიდ-ინფექცია არ დაუდასტურდათ. მამხილებლის საჩივრის საფუძველზე ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა შიდა მოკვლევა დაიწყო, გამოძიებას კი კონკრეტული საბჭო ზედამხედველობდა.

გაზეთის ცნობით, ის პერსონალი, რომელიც კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე ვუჰანიდან ევაკუირებულებს შეხვდა, სპეციალური დამცავი საშუალებებით აღჭურვილი არ იყო, რადგან მათ უთხრეს, რომ ეს საზოგადოების თვალში ცუდად გამოჩნდებოდა.

ჯანდაცვის სამსახურის გენერალური საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელიც დონალდ ტრამპმა დანიშნა, მამხილებლის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და ამტკიცებდა, რომ მისი ცნობები წინააღმდეგობრივ იყო. სპეციალური საბჭოს ხელმძღვანელმა ჰენრი კერნერმა კი ხუთშაბათს პრეზიდენტ ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში განმარტა, რომ მამხილებელმა უდიდესი გამბედაობა გამოიჩინა ამ ბრალდებების წინ წამოწევით.

​მსოფლიოში ამჟამად 101 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, ამერიკაში კი კოვიდ-19 25 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG