ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი - ინტერვიუ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტთან


გასული წლის 14 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის ეგიდით, კოვიდ-19-ის ვაცქინის პირველი დოზა, ვაქცინაციაში ჩართულ პირველ მსურველს გაუკეთეს. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, საგანგებო ავტორიზაცია თავდაპირველად „ფაიზერის“, ოდნავ მოგვიანებით „მოდერნას“ ვაქცინას მიანიჭა. ორივე მათგანმა, კლინიკური კვლევებისას, 94-95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამ დრომდე, უკვე აცრილია 9 მილიონამდე ამერიკელი - პანდემიასთან, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი მედპერსონალის ნაწილი და ასაკობრივი რისკჯგუფებუს წარმომადგენლები.

„ფაზიერის“ ვაქცინის სგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ვაქცინა კამერების წინ გაიკეთეს. ასვე, ვაქცინაციაში საჯაროდ ჩაერთო აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელმაც კამერების წინ „მოდერნას“ ვაქცინა გაიკეთა.

ვაქცინაციაში ჩართულ ამერიკელ მედიკოსებს შორისააა ქართული წარმოშობის ამერიკელი ექიმი, გიორგი კურდღელაშვილი. კურდღელაშვილი, ოკლაჰომა სითის ფედერალური საავადმყოფოს მედიცინის განყოფილების დეპარტამენტის უფროსია.

გიორგი ექიმმა, ვაქცინის პირველი დოზა 16 დეკემბერს მიიღო, მეორე 6 იანვარს. როგორია მისი გამოცდილება? რა გვერდითი ეფექტები გამოავლინა ვაქცინამ? ჯგუფები, რომელებიც ვაქცინის კლინიკურ კვლევაში არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად, არ არსებობს კვლევები, მათზე ვაქცინის მოქმედების შესახებ; ნიშნავს თუ არა აცრა პირბადეზე უარის თქმას და საბოლოოდ, როდის შეიძლება ველოდოთ პანდემიის დასრულებას - ეს არის საკითხები, რაზეც ოკლაჰომას ფედერალური საავადმყოფოს მედიცინის დეპარტამენტის უფროსს ვესაუბრეთ.

გიორგი ექიმო, როგორი იყო ვაქცინაციის პროტოკოლი უშუალოდ თქვენს საავადმყოფოში და როგორია თქვენი გამოცდილება, ვაქცინის გაკეთების შემდეგ?

გადაუდებელი ავტორიზაციის ეგიდით, თავიდავნე გაიწერა გეგმა, რომლის ფარგლებში შეირჩა 20-მდე ფედერალური საავადმყოფო, რომელიც პირველი მიიღებდა ვაქცინას. მათ შორისაა ოკლაჰომა სითის ფედერალური საავადმყოფო, რომელსაც ვაქცინით ამერიკის ვეტერანთა ფედერალური საანეტო ამარაგებს. პირველ ეტაპზე, საავადმყოფომ ვაქცინის 975 დოზა მიიღო. თავდაპირველად, ვაქცინაციაში ჯანდაცვის ის მუშაკები ჩაერთვნენ, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ კოვიდ-19-ით ინფიცრებულ პაციენტებთან. მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, რესპირატორული თერაპევტები, რომლებიც ვენტილატორების მართვაში მონაწილეობენ.

ჩემს შემთხვევაში, ვაქცინაცია ძალიან კარგად წარიმართა. მქონდა მხოლოდ ლოკალური, ადგილობრივი გვერდითი ეფექტი. ეს იყო ნანემსარის ტკივილი, 24 საათის განმავლობაში. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ღამით უბრალოდ ვიგრძენი, რომ მხრის მოძრაობის დროს ტკივილი მქონდა. ამ შეგრძნებამ და ტკივილმა მეორე დღეს სრულად გამიარა. ჩემს შემთხვევაში, არ გამოვლენილა სხვა ხშირი, მსუბუქი გვერდითი ეფექტებიც კი. არ მიგრძვნია დაღლილობა, თავის ტკივილიც კი.

ადმიანებს აშფოთებთ ცნობები, რომლებიც ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ ესმით, ან სოციალური ქსლების საშუალებით ნახულობენ. ხშირ შემთხვევაში, ეს ინფრომაცია არაზუსტია და გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულადაც კი ვრცელდება. როგორია გვერდითი ეფქტები, რომლებიც ამ ვაქცინებმა კლინიკური კვლევის ეტაპზე აჩვენა?

თუ მივყვებით სამეცნირო კვლვებს, რომლებიც ავტორიტეტულ ჟურნალებში გამოქვეყნდა, კველვაში ჩართული პოპულაციების მიხედვით არსებობს მონაცემები, რა გვერდით მოვლენებთან გვაქვს საქმე. ეს მონაცემები განსაკუთრებით მრავლად გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით.

ვაქცინის გვერდითი ეფექტები - გიორგი კურდღელაშვილი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00

კლინიკური კვლევის პოპულაციურ ჯგუფებში, ძირითადად, 16-დან 90-წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ. მაგრამ მათ შორის არ ყოფილან ადამიანები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული ალერგიული დაავადებები, ანაფილაქსიური რეაქციების ისტორიები აქვთ. კვლევაში არ მონაწილეობდნენ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები, გარდა აივ ინფექციის მქონე ადამიანებისა - ისინი კვლევაში ჩართულნი იყვნენ. თუმცა, სხვა იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვინც იღებენ წამლებს, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებს, კვლევაში არ მონაწილეობდნენ. კვლევაში ასევე არ მონაწილეობდნენ ორსულები. ამიტომ, ამ ადამიანებმა, ვაქცინაციაში ჩართვის გადაწყვეტილება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ინდივიდუალურად, ყველა რისკის აწონვის შემდეგ უნდა მიიღონ.

„ფაიზერის“ ვაქცინა, სხვა ვაქცინებთან ერთად, რეაქტოგენურ ვაქცინებს მიეკუთვნება, როგორიცაა მაგალითად, ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა. რეაქტოგენური ვაქცინების დროს, შედარებით ხშირია ადგილობრივი, ასევე სისტემური რეაქციები. ადგილობრივი რეაქციები ეს არის, მაგალითად, ნანემსარის შესიება, შეწითლება, ტკივილი. ასევე, მსუბუქი სისტემური რეაქციები, როგორიც არის თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. თუმცა, ეს ერთიდან, რამდენიმე დღე გრძელდება, შემდეგ გადის.

რა შეგიძლიათ თქვათ გვერდით ეფექტებზე, რომლებიც უშუალოდ პრაქტიკაში, ვაქცინაციის დროს გამოვლინდა?

„ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ალერგიული რეაქციის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. მათ შორის, ორი ბრიტანეთში და ორი ალასკაში. ბრიტანეთის შემთხვევაში, ვაქცინა გაუკეთეს ადამიანებს, რომლებსაც ალერგიული ფონი, მანამდე ანაფილაქსიის ისტორია ჰქონდა. ორივე მათგანს ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა, საბედნიეროდ ისინი გადარჩნენ. ასევე, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა ერთ-ერთს ალასკაში, მეორეს უბრალოდ ალერგიული რეაქცია. სწორედ ამ შემთხვევების შემდეგ, FDA-მ (ამერიკის სურსათისა და მეედიკამენტების ადმინისტრაცია) გამოსცა განკარგულება, თვალი ვადევნოთ ამ მონაცემებს. ყველა ცენტრი, სადაც ვაქცინის ადმინისტრირებას ახდენენ, სათანადო მედიკამენტებითაა აღჭურვილი - იქნება ეს ანტიჰისტამინები თუ ადრენალინის ინჯექტორები. ასევე, შესაძლო ყველაზე რთულ შემთხვევებთან გასამკლავებლად, ცენტრები სპეციალური ტექნიკითაა არჭურვილი. ჯერჯერობით, ვაქცინაცია უმრავლეს შემთხვევაში კარგად მიმდინარეობს. ჩვენს ცენტრში, ვაქცინაციის მიმდინარეობისას, არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდაერა. საგულისხმოა ისიც, რომ სპეციალისტები სწავლობენ ალასკას შემთხვევას. ორივე შემთხვევა ერთ ცენტრში დაფიქსირდა, ამიტომ სპეციალისტები სწავლობენ იმასაც, ხომ არ დარღვეულა ვაქცინისთვის საჭირო პირობებ ან მოხმარების წესები, ხომ არ იყო რაიმე გადაცდენა ვაქცინასთან მოპყრობისას.

მაშინ, როცა ინფექციონისტები, მსოფლიო ლიდერები, ადამიანთა დიდი ნაწილი პანდემიის დასრულების იმედს ვაქცინაზე ამყარებს. თუმცა, არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურადა არიან განწყობილი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეთქმულების თეორიებს და მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიასაც უკავშირდება. მაგრამ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უჭირთ გადაწყვეტა, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს ვაქცინა. რას ეტყვით მათ?

საკმაოდ რთული საკითხია, მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის მხოლოდ ქართული, ან რუსული მოვლენა. შეგნებულად თუ უნებლიედ, ასეთი განწყობების გავრცელება ამერიკაშიც ხდება. განსაკუთრებით სოციალური ქსელების საშუალებით. რა აგრესიაც არ უნდა გამოავლინოს „ანტივაქსერთა“ ჯგუფებმა, ვფიქრობ არ შეიძლება გავბრაზდეთ, ან აგრესიით ვუპასუხოთ. მე, ჩვენი მედიკოსების მოვალეობად, რაც შეიძლება ზუსტი, ობიექტური მონაცემების მიწოდება მიმაჩნია. ამ ობიექტურ და ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება მისთვის მართებული.

სკეპტიცისზმი ვაქცინის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს 6 თვის, ერთი, ორი ან მეტი წლის მონაცემები, ამ დროისთვის დაგროვეული გამოცდილებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდ-19-ით დასნევობნებას ჯანმრთელობისთვის გაცილებით მაღალი და მეტი რისკები ახლავს, ვიდრე ეს რისკები ვაქცინაციის დროს შეიძლება არსებობდეს.

სწორედ ამიტომ, ადამიანებს ყოველთვის ობიექტურ, ზუსტ ინფორმაციას ვაწვდი. თუმცა, ასევე მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა ეპოქაში, ვაქცინების გამომუშავებისა და დანერგვის შედეგია ის, რომ კაცობრიობა ასე თუ ისე ჯანმრთელია. ბევრ მაგალითს არ მოვიყვან, მაგრამ თუნდაც ის, რომ ჩვენი შვილები მძიმედ არ გვიავადდებიან დიფტერიით, პოლიომელიტით, ეს მეცნიერების, პროგრესისა და ადამიანთა გონიერების დამსახურებაა. ვაქცინას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რისკი. ცხადია, 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით ახლა, ვაქცინის შემუშავება დაჩქარებული ტემპით მოხერხდა და ეს მისასალმებელია. გლობალური პანდემია მეცნიერებს არ აძლევდა საშუალებას 3, 4, 5 წლის განმავლობაში ემუშავათ ამ ვაქცინაზე. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

ადამიანთა, სახელმწიფოთა ნაწილიც კი, იმედს პოპულაციურ, ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე ამყარებენ. თუმცა, წამყვანი ინფექციონისტები ყოველთვის უსვამენ ხაზს იმას, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ვაქცინაცია აუცილებელია. როგორ მიიღწევა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი და რატომ არის ეს აუცილებელი, თუნდა იმ ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, ვაქცინაციაში ვერ, ან არ ერთვებიან?

ბუნებრივი გზით პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა ნიშნავს ძალიან ბევრი ადამიანის გარდაცვალებას და ასევე, ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც მწვავე ინფექციას შესაძლოა ერთჯერადად გადაურჩნენ, მაგრამ შესაძლოა რთული პოსტკოვიდური სინდრომი ჩამოუყალიბდეს.

პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად, მოსახლეობის, დაახლოებით, 80%-ის ვაქცინაციაა აუცილებელი. „ფაიზერის“ პირველი ფაზის კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ საშუალო გეომეტრიულ რაოდენობას თუ გაზომავენ, უფრო მეტი რაოდენობის გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოიქმნება, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის შემთხვევაში ყალიბდება. ეს ძალიან საიმედო მონაცემია. ამიტომ, თუ მივაღწვეთ იმას, რომ ამ ვაქცინის მიმღებლობა 90% იქნება, ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი, რაც აუცილებელია ასეთი დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

პოპულაციური იმუნიტეტი - გიროგი კურდღელაშვილი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00

ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს ვაქცინას თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან ალერგიულები არიან, ან სხვადასხვა თანმხლები დაავადბა, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ. ზოგერთ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს საშუალებას ესა თუ ის ვაქცინა მიიღოს. ასეთივე მდგომარეობა გვქონდა, მაგალითად, წითელას ვაქცინაზე. მაგრამ, ეს ადამიანები ცოცხლობენ იმის ხარჯზე, რომ პოპულაციური იმუნიტეტი არსებობს - სხვა ადამიანები იცრებიან, რაც სწრაფ გავრცელებას ხელს უშლის. ეს კი იცავს იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის გამო, ვაქცინის მიღება არ შეუძლიათ. ამიტომაცაა აუცილებელი, პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა.

როგორ უმკლავდება ამერიკული ჯანდაცვის უწყებები ანტი-ვაქცინურ განწყობებს? უკვე 9 მილიონი ამერიკელია აცრილი და საუბარია იმაზე, რომ ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. თუმცა იქამდე, ვიდრე FDA “ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას მიანიჭებდა, გამოკითხულ ამერიკელთა საკმაოდ დიდ ნაწილს არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, მიიღებდა თუ არა ვაქცინას. კვლევები აჩვენებს, რომ ავტორიზაციის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს ვაქცინის მიღების მზადყოფნას.

პირველი რიგში, სწორი ინფორმაციის მიწოდება. ექიმთა პროფესიული ორგანიზაციების ლიდერები მაგალითს აძლევენ, შემდეგ კი თავად ექიმები ამას ცხოვრებაში, პრაქტიკაში ახორციელებენ. ჩვენი ვალია, ადამიანებს ინფორმაცია ობიექტურად მივაწოდოთ. არაფრის გალამაზება, ან ცუდ ფერებში დახატვა არ შეიძლება. ჩვენ მათ უბრალოდ რეალობის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და თავად გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა ამ ვაქცინის გაკეთება. ჩვენი ვალია, ვიდრე ვაქცინა მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, და ეს ამერიკაში მალე, რამდენიმე თვეში იქნება, შევამზადოთ ეს ადამიანები, მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა ინფორმირებული იყვნენ. მას შემდეგ, რაც FDA ვაქცინას ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცებს და არა მხოლოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციით, როგორც ახლა, შემდგომში ეს ყველაფერი კამპანიის სახეს მიიღებს. ვიდრე ვაქცინა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის ქვეშაა, ვაქცინის რეკლამირება, სერიოზული კამპანია შებოჭილია.

ჩვენ, ვინც ახლა ვაქცინაციაში ჩავერთეთ - ჯანდაცვის მუშაკები, თავად ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს გადაწყვეტილებაზე. თავად ჩემს შემთხვევაში, ის რაც ვაქცინის შესახებაა ცნობილი, იმედი მომცა, რომ მიმეღო გადაწყვეულება და გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით და უფასოდ.

თვქენ საუბრობდით ადამიანთა ჯგუფებზე, რომლებმაც ობიექტური, ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობის გამო, შესაძლოა ვერ შეძლონ ვაქცინის მიღება. ასევე ახსენეთ, რომ კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართულნი ორსულები. მათ შემთხვევაში როგორია პროტოკოლი, როცა ვიცით, რომ ისინი რისკჯგუფში არიან?

ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ამიტომ ვერ ვამბობთ, რომ ორსულთა შემთხვევში ვაქცინა აუცილებლად უკუმაჩვენებელი, ან მეტი გვერდითი ეფექტის მაჩვენებელი იქნება. შესაძლოა მშვენივრადაც გადაიტანონ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ამიტომ, ფეხმძიმეებთან დაკავშირებით პროტოკოლი არ არსებობს. მათ ექიმებთან ერთად, ინდივიდუალური გადაწვეტილება უნდა მიიღონ. ვიცით, რომ ორსული ქალები რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, თუ კოვიდ-19-ით ინფიცირდებიან. საბოლოოდ, ამ ჯგუფები კლინიკურ კვლევაში ჩართვა უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, ალბათ, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება.

როგორ მოქმედებს ვაქცინა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ ადამიანს აღარ სჭირდება, მაგალითად, პირბადის ტარებდა და აღარ არის საშიში ირგვლივ მყოფთათვის?

ვაქცინის მიღების შემდგომ, პირველი დოზიდან, მეშვიდე-მერვე დღეს, განსაკუთრებით მეტორმეტე დღეს, უკვე ჩანს დამცველობითი ფუნქცია, - ანტისხეულების წარმოქმნა დაწყებულია. კვლევაში მონაწილე ადმიანების მიხედვით, მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე სრულად არის ჩამოყალიბებული ანტისხეულების ოპტიმალური მარაგი, რომელმაც ჩვენი ორგანიზმი ინფექციისგან უნდა დაიცვას. ეს ვაქცინა, 95 %-ით გვიცავს არა მხოლოდ ინფექციისგან, აგრეთვე გვიცავს მძიმე ფორმებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ნიღბის ტარება და ინფექციის კონტროლი გრძელდება. ჯერჯერობით, ვაგრძელებთ პირბადის ტარებას და ინფექციური კონტროლის წესების დაცვას.

დარწმუნებული ვარ რთულია ამ პროგნოზის გაკეთება და მეციერებს არ მოსწონთ, როცა ადამიანები მათგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე თუ როდის დასრულდება პანდემია და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ, ნორმალურ სტილს. მაგრამ, ეს ისაა, რაც ყველას აინტერესებს - როდის დასრულდება პანდემია?

ამერიკით რომ ვიმსჯელოთ და ყველაზე რეალისტური სურათი დავხატოთ, თუ კომპანიები შეძლებენ ვაქცინით სრულად უზრუნველყოფას და ამ ვაქცინას საუკეთესო მიმღებლობა ექნება ადამიანთა შორის, საუკეთესო შემთხვევაში, 2021 წლის დასასრულისკენ, ან უფრო 2022 წლის დასაწყისში, უკვე უნდა გქვონდეს ხელშესახები საიმედო შედეგები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG