ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ კორონავირუსის შედარებით ახალი შტამის პირველი შემთხვევა მათ შტატშიც დაფიქსირდა. საუბარია ვირუსის ახალ ვარიაციაზე, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს.
ახალი კორონავირუსის ამ შტამს თითქმის 70%-ით უფრო მეტი გავრცელების უნარი აქვს, ვიდრე სხვა მუტაციებს. "დეპარტამენტი შემთხვევას [აშშ-ის] დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად იძიებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ხუთშაბათს გამოაქვეყნა.
ვირუსის ის შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ, კოლორადოელ მამაკაცს აღმოაჩნდა, მეორე შემთხვევა კალიფორნიის სამხრეთში დაფიქსირდა. რადგან სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს ბოლო ხანს არსად უმოგზაურიათ, ჯანდაცვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ამ მუტაციის კიდევ ბევრი სხვა შემთხვევაა უკვე გავრცელებული.
ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინაციის წყალობით, ამერიკის მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ მომავალი წლის შემოდგომისთვის შეიძლება გამოუმუშავდეს. ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტის აზრით, ნორმალური ცხოვრება "გარკვეული სახით“ მხოლოდ 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდება. ფაუჩი ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.
იმის მიუხედავად, რომ მასობრივი ვაქცინაცია ამერიკაში უკვე დაწყებულია, ჯანდაცვის სპეციალისტები პრევენციული მეთოდების მაქსიმალური დაცვის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ. ესაა ისევ და ისევ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება.
Facebook Forum