ახალი წლის დილით, ამერიკის სამხრეთში მდებარე ქალაქ ახალ ორლეანში საჭესთან მჯდომი მძღოლი ადამიანთა მოზეიმე ჯგუფს შეეჯახა. მანქანის დამტვრევის შემდეგ, მძღოლმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ორი ოფიცერი დაჭრა. 1 იანვარს მომხდარი თავდასხმის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა.
ინციდენტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორისტული აქტის მუხლით იძიებს. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
თავდასხმა დილის საათებში, 3:15-ზე ფრანგულ კვარტლად წოდებულ უბანში მოხდა, რომელიც ქალაქში ჩასული ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ და გასართობ ადგილს წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე ახალი ორლეანის პოლიციის უფროსის ანე კირპატრიკის განცხადებით, ეჭვმიტანილი ცდილობდა, "რაც შეიძლება მეტი ადამიანი ემსხვერპლა".
ახალ ორლეანელებს სოციალურ ქსელ X-ზე უკვე მიუსამძიმრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, თავდასხმა "აბსოლუტურად მიუღებელი" ფაქტია და მსგავსი "ძალადობის არანაირი გამართლება არ არსებობს".
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილის სახელია შამსუდ-დინ ჯაბარი. ის 42 წლის ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ტეხასში ცხოვრობდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ჯაბარის მანქანაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს.
ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მას ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ის წარსულში წლების მანძილზე შეერთებული შტატების არმიაში მსახურობდა. ეჭვმიტანილის მიერ ნაქირავებ მანქანაში ასევე ნაპოვნია შეიარაღება და სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობებიც.
Facebook Forum