მსოფლიოს რამდენიმე უდიდესი მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ პლატფორმებზე "ინფოვორსის" (InfoWars) მასალებს წაშლიან. "ინფოვორსი" ულტრა-მემარჯვენე, ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი წყაროა.
ვებგვერდი, რომელმაც შეთქმულების არაერთი თეორიას განავითარა და გაავრცელა. ამ თეორიებს შორისაა მისი დამფუძნებლის, ალექს ჯონსის თეორიები იმის შესახებ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა ამერიკის მთავრობის მიერ იყო მოწყობილი. ასევე მისი მტკიცებით, კონექტიკუტის შტატში სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობაც ამერიკის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.
"ეფლმა" განაცხადა, რომ "აითუნსიდან" და სხვა აპლიკაციებიდან წაშალა "ინფოვორსის" ასობით პოდკასტი. "ფეისბუქმა" ალექს ჯონსის კუთვნილი ოთხი გვერდი დაბლოკა. "სპოტიფაიმ" კი, სადაც მუსიკის გაზიარებაა შესაძლებელი, გასულ კვირას უკვე წაშალა მათი მასალების ნაწილი, ახლა კი კიდევ არაერთი პოდკასტის წაშლას აანონსებს.
ჯონსი ასევე ხშირად იყენებს სიძულვილის გამაღვივებელ ლექსიკას ტრანსგენდერი ადამიანებისა და მუსლიმების წინააღმდეგ. "ფეისბუქის" თქმით, სწორედ ამგვარი გამონათქვამები იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მისი მასალები წაიშალა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის გამოსახატად პლატფორმა უნდა მივცეთ, მაგრამ ასევე გვინდა, რომ ყველა, ვინც "ფეისბუქს" იყენებს, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. ამიტომ გვაქვს შესაბამისი სტანდარტები და ვშლით ყველაფერს, რაც ამ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, მათ შორის, სიძულვილის ენას, რომლითაც თავს ესხმიან სხვებს და მათ დეჰუმანიზაციას ახდენენ", ვკითხულობთ სოციალური ქსელის ოფიციალურ განცხადებაში.
თავად ალექს ჯონსის პირადი "ფეისბუქის" გვერდი ქსელმა ივლისში დაბლოკა "შევიწროვებისა და სიძულვილის ენის გამო".
"ეფლმა" "ინფოვორსი" 6 შოუდან 5 შოუ ყველა თავის პლატფორმაზე დაბლოკა. ახლა iTunes-ში მათ მიერ შექმნილი მხოლოდ ერთი პოდკასტი იძებნება.
"ჩვენ გვაქვს მკაფიო რეგულაციები და მითითებები, რომლებსაც შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები და დეველოპერები უნდა დაემორჩილონ. ჩვენ უნდა ვთავაზობდეთ უსაფრთხო გარემოს ყველა ჩვენს მომხმარებელს". გვჯერა, განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენის მნიშვნელობის, თუმცა ისე, რომ ამ განსხვავებული მოსაზრებებში პატივისცემა იყოს დაცული", წერს "ეფლი".
Youtube-მა კი დღეს ნაშუადღევს ჯონსის ანგარიში, რომელსაც 2.4 მილიონი გამომწერი ჰყავდა, დაბლოკა, სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არღვევდა სიძულვილის ენის შესახებ ქსელის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
ალექს ჯონსი ბოლო კვირებში კიდევ უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან კონექტიკუტის მასობრივი სროლის მსხვერპლთა მშობლებმა მას ცილისწამებისთვის უჩივლეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსი ახლა თავის გამონათქვამებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს სროლა სულაც არ იყო შეთქმულების ნაწილი, მაინც ამტკიცებს, რომ მისი მოსაზრებები გამოხატვის თავისუფლების შესახებ ამერიკის კანომდებლობით იყო და უნდა ყოფილიყო დაცული.
ივლისში ჯონსი სპეციალურ გამომძიებელ რობერტ მალერს დაემუქრა. "მალერი არის დემონი, რომელსაც დავამხობ, ან ამის მცდელობისას მოვკვდები", თქვა ჯონსმა და ხელით იარარის გასროლის იმიტაცია გააკეთა.
მიუხედავად არაერთი საჩივრისა და მისი საქმიანობის მიმართ ფართო კრიტიკისა, 2015 წლის დეკემბერში, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ალექს ჯონსის გადაცემაში გამოჩნდა და მას ინტერვიუ სატელიტის მეშვეობით განხორციელებული ჩართვისას მისცა. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ მას "გასაოცარი რეპუტაცია" აქვს და მას "არ დააღალატებდა".
Facebook Forum