ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მომდევნო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მსჯელობენ


სენატორი მარკო რუბიო
სენატორი მარკო რუბიო

შუალედურ არჩევნებამდე ას დღეზე ნაკლები რჩება. სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მიერ 32 ანგარიშის გაუქმებიდან ერთი დღის შემდეგ, ამერიკელ კანონმდებლებს აფრთხილებენ, რომ რუსეთის მცდელობა ჩაერიოს 2018 წლის შუალედურ არჩევნებში სერიოზულია. რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს ეს საკითხი ერთნაირად აღელვებთ.

“რუსეთის მანიპულაციები 2016 წელს არ დასრულებულა. არჩევნების მომდევნო დღეს რუსეთმა ნაბიჯებს აუჩქარა”, ამბობს ჯონ კელი, კომპანია “გრაფიკის” აღმასრულებელი დირექტორი.

“ფეისბუქის” მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმებით პრობლემის სიმწვავე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

“სოციალური მედია თანამედროვე საჯარო ფორუმია, მას იყენებენ იმისთვის, რომ დაგვყონ”, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი მარკ უორნერი, რომელიც სენატში უშიშროების კომიტეტის წევრია.

ამავე კომიტეტის მოსმენაზე, იმედგაცრუება გამოთქვა რამდენიმე კანონმდებელმა.

“რუსეთს ჩვენ სანქციები დავუწესეთ, როგორც ჩანს, ამან მათზე გავლენა არ იქონია”, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა სიუზან კოლინსმა.

სოციალური ქსელების მმართველები ამ საკითხზე სასაუბროდ კომიტეტის წინაშე მომდევნო თვეში წარსდგებიან. უორნერი ამბობს, რომ იმ კომპანიებს შორის, ვისი ლიდერებიც სენატორების კითხვებს უპასუხებენ, არიან კომპანიები “გუგლი”, “ფეისბუქი”, “ტვიტერი”, “ინსტაგრამი” და “იუთუბი”.

“სოციალური ქსელები არ არიან და ვერ იქნებიან ჩვენი დემოკრატიის და საჯარო დისკუსიის ერთადერთი დამცველები. ჩვენ მოგიწოდებთ სასწრაფოდ გამოავლინოთ გავლენის მოხდენის მსურველები და მოსახლეობა 2018 წლის არჩევნებისთვის მოვამზადოთ” - ამბობს “ახალი ცოდნის” ცენტრის კვლევების დირექტორი რენე დირესტა.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ რუსეთის ჩარევის გამოძიებიდან ერთი წლისთავზე, ნათელია, თუ რა სურს მოსკოვს.

“ეს სხვა არაფერია, თუ არა საინფორმაციო ომი. ეს არის ომის ახალი სახეობა, ასე ებრძვის ვლადიმირ პუტინი შეერთებულ შტატებს”, ამბობს მარკო რუბიო, რესპუბლიკელი სენატორი.

ნოემბრის არჩევნებში ჩარევისთვის რუბიო რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ემხრობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG