მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების და საძიებო სისტემის აღმასრულებელი ხელმძღვანელები სექტემბერში ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგებიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. მათ მოუწევთ განმარტონ, თუ რას აკეთებს Facebook-ი, Twitter-ი და Google იმისთვის, რომ უცხო ქვეყნების საინფორმაციო თავდასხმები აღკვეთოს.
ამის შესახებ, ოთხშაბათს, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ბარმა და წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა გააკეთეს.
უორნერის თქმით, 5 სექტემბრის მოსმენის მიზანი იმის გაგება იქნება, თუ რა გეგმები აქვთ სოციალური მედიის გიგანტებს, ასევე მათზე ზემოქმედება კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მეტი გააკეთონ და ერთად იმუშაონ ამ გამოწვევის წინააღმდეგ.
„მათ შეუძლიათ უკეთ დაიცვან ჩვენი დემოკრატია. მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ 18 თვის შემდეგაც კი, როცა საქმე რუსეთის საინფორმაციო ომს ეხება, ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვკაწრავთ“,- ამბობს უორნერი.
ბარი კი აცხადებს, რომ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები შეუქცევად ზიანს აყენებს ამერიკული დემოკრატიის საფუძვლებს, რომელზეც მთელი ქვეყანა დგას.
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს ქმედებები 2016 წლის არჩევნებით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა", - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი. მისი თქმით, ხშირად ამგვარად დაგეგმილი ოპერაციები სცილდება ონლაინ სივრცის ფარგლებსაც. მაგალითად, როდესაც ამერიკელები გაუცნობიერებლად და რეალური მიზნის ცოდნის გარეშე მონაწილეობენ ღონისძიებაში, რომლებიც "ფეისბუქით" სწორედ ამერიკის დემოკრატიის შესუსტების მიზნით დაიგეგმა.
"ფეისბუქმა" სამშაბათს განაცხადა, რომ მან დაბლოკა 32 ანგარიში "ფეისბუქსა" და ინსტაგრამზე. კომპანიის ცნობით ეს გვერდები/პირები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კოორდინირებულ ქმედებაში ისე, რომ მათ სამიზნეს მემარცხენე ამეირკული პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენდნენ, თავად ანგარიშები/გვერდები კი არ იყო ნამდვილი. სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ ადრეა იმის დანამდვილებით თქმა, იმართებოდა თუ არა ეს ანგარიშები რუსეთის მიერ, მაგრამ "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარები ამბობენ, რომ არსებობს "კავშირი რუსულენოვან სამყაროსთან".
"ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის" მიერ გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში ვკითხულობთ, რომ არსებობს მსგავსება ამ გვერდების ქმედებებსა და "რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" ქმედებებს შორის, მათ შორის ენობრივი მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებს, რომ ინგლისური მათი მშობლიური ენა არაა, რომ მუდმივად არის თარგმანის უზუსტობა და ის, რომ გამუდმებით ხდება ფოკუსირება ისეთ საკითხებზე, რომლებზეც კონკრეტულ პერიოდში საზოგადოებაში ყველაზე დიდი განხეთქილებაა.
"ფეისბუქის" განცხადებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე "მაიკროსოფტმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს წლევანდელ შუალედურ არჩევნებში კონგრესის წევრობის კანდიდატთა კამპანიები. "მაიკროსოფტის" ცნობით, ეს თავდასხმები, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიებზე თავდასხმას, თავიდან აიცილეს. გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ ციფრული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის მიმართ ძლიერ კრიტიკულად განწყობილი დემოკრატი სენატორი კლერ მაკკასკილი გახდა.
ოთხშაბათს სენატში გამართული სხდომისას ბევრმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ საფრთხე იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ 2016 წლის ან 2018 წლის არჩევნებში ჩარევა და ეს პირდაპირ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევაა. სხვადასხვა შეფასებით, ამგვარი თავდასხმების რისკის ქვეშაა ისეთი სფეროებიც, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და არაერთი სხვა.
Facebook Forum