ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საინფორმაციო ომის გაკვეთილები საქართველოსა და დასავლეთისთვის


ამერიკასა თუ ევროპულ ქვეყნებში რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის შემდეგ და ამერიკის ახალი სანქციების ფონზე - ვაშინგტონში გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ დასავლეთის ქვეყნებმა უკვე არსებული გამოცდილება.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გასულ კვირას რუსეთის 3 მოქალაქეს და მათთან დაკავშირებულ 5 კომპანიას სანქციები დაუწესა. ხაზინის განმარტებით, ეს პირები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ და მათ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე კიბერ-თავდასხმების მოწყობაში ეხმარებოდნენ. სანქციების თანახმად, გაიყინება ქონება, რომელსაც ეს პირები და კომპანიები შეერთებულ შტატებში ფლობენ. ნებისმიერ ამერიკელს კი მათთან ბიზნეს-საქმიანობა ეკრძალება.

"შეერთებული შტატები აგრძელებს მავნე აქტორების წინააღმდეგ ბრძოლას, ძალისხმევას მათ წინააღმდეგ, ვინც მუშაობს რუსეთის ფედერაციის, მისი თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების დავალებით იმისთვის, რომ გაზარდონ რუსეთის კიბერ-თავდასხმის შესაძლებლობები", - განაცხადა სტივენ მნუჩინმა, ხაზინის მდივანმა.

საქართველო და უკრაინა არის რუსეთის პრაქტიკის, მისი გავლენისა და კიბერ-ქმედებების ლაბორატორია
ჰეთერ კონლი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი

ამერიკასა და რუსეთს შორის საინფორმაციო ომს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მიმომხილველები განსაკუთრებული ყურადღებით იხსენებენ პრეზიდენტ რეიგანის მმართველობის პერიოდს. დროს, როდესაც ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

სეტ ჯონსი, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ თუკი მაშინდელ დოკუმენტებს გადავხედავთ, და სიტყვა "საბჭოთას" - "რუსეთით" ჩავანაცვლებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც იმის განსხვავება, თუ ისტორიის რომელი პერიოდის შესახებაა საუბარი.

"რონალდ რეიგანმა ბევრ სხვა ღონისძიებასთან ერთად, შექმნა სააგენტოთაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მოეყარა თავი დაზვერვის სხვადასხვა წყაროს ინორმაციისთვის და გამოევლინა საბჭოთა ხელისუფლების მავნე ქმედებები მთელ მსოფლიოში", - ამბობს ჯონსონი და იქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ინფორმირების ნაწილიც. სწორედ ამიტომ ამ ჯგუფს საჯაროდ უნდა აეხსნა რას და რატომ აკეთებდა.

გასულ კვირას, ვაშინგტონში, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ შეკრებილმა ანალიტიკოსებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად ახერხებს ამერიკა და დასავლეთი რუსული დეზინფორმაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად გამიზნული სხვა ქმედებების გამოვლენას და წარსული გამოცდილების გამოყენებას.

მაიკლ ჰეიდენი, CIA-ის ყოფილი დირექტორი
მაიკლ ჰეიდენი, CIA-ის ყოფილი დირექტორი

„დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს“ ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი ამბობს, რომ გამოცდილების მსგავსებასთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი "ცივი ომის" პერიოდის დროინდელი ვითარებისგან განსხვავებულია:

"ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ის, თუ როგორ იღებ ახალ ამბებს. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ნასწავლი გვაქვს, რომ ახალი ამბები ჩვენი გამოცდილების შესაბამისად მივიღოთ. ვიცით, რომ ჩვენამდე ახალი ამბები გადამუშავებული ნაკადით, კარგად შერჩეული წყაროებიდან მოდის. არც ერთი ჩვენგანი ასეთ სამყაროში აღარ ცხოვრობს. ახალი ამბების მიღებასთან დაკავშირებული ჩვენი ეს ჩვევები უკვე აღარ შეესაბამება ახალ რეალობას, რომელშიც ჩვენ, ყველა, უზარმაზარი მოცულობის, არასანდო ინფორმაციას ვიღებთ", - ამბობს "დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს" ყოფილი დირექტორი.

ევროპისა და რუსეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ გარდა ამერიკისა თუ სხვა ქვეყნების საკუთარი გამოცდილებისა, მნიშვნელოვანი მაგალითი იყო საქართველოსა და უკრიანის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი არა თუ ამ ქვეყნებისთვის, არამედ სხვებისთვისაც:

“სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" ევროპის პროგრამის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტი ჰეთერ კონლი "ამერიკის ხმასთანს" საუბარში ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა არის "რუსეთის პრაქტიკის, მისი გავლენისა და კიბერ-ქმედებების ლაბორატორია".

"ორივე ქვეყანა გადაურჩა ამ თავდასხმებს, გამოიმუშავეს მდგრადობა, ატარებენ რეფორმებს, ქმნიან ინსტიტუტებს, რომლებსაც ხალხი ენდობა, რომლებიც გამჭვირვალე იქნება. საჭიროა ინსტიტუტები ნაკლებად იყოს დამოკიდებული მათ ხელმძღვანელ პირებზე და მეტად სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე. ესაა საუკეთესო გზა, რუსეთის მავნებლური ქმედებების დასამარცხებლად", - ამბობს კონლი და დასძენს, რომ დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ეს ყველაფერი არც ისე ადვილია. რადგან სანქციების პირობებშიც კი შეერთებული შტატების მთავრობის ერთიანი სტრატეგია რუსეთის მიმართ ნათელი და მკაფიო არ არის.

მისი თქმით, სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელსაც განმეორებით ვიყენებთ რუსეთის მთავრობის ქმედებების შესაცვლელად. თუმცა კონლი განმარტავს, რომ სანქციების პარალელურად, ამერიკის ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ამსახველი, ყოვლისმომცველი პოლიტიკისა თუ სტრატეგიის ჩვენებაა საჭირო.

ჰეთერ კონლი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი
ჰეთერ კონლი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი

"ისე ჩანს, თითქოს ისინი არის განცალკევებული უფრო ფართო სტრატეგიისგან. მაშინ, როცა ხაზინა მეტ პირსა და ორგანიზაციას უწესებს სანქციებს, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი "დიდ რვიანში" უნდა დავაბრუნოთ. ასე რომ არსებობს დაბნეულობა და თითქოს ორი განსხვავებული ტიპის პოლიტიკა", - ამბობს კონლი. მისი თქმით კარგი იქნებოდა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას ჰქონოდა ერთიანი, ყოველისმომცველი სტრატეგია რუსეთთან დაკავშირებით, მისი მავნე გავლენებისა და ქმედებების წინააღმდეგ, პოლიტიკა - რომელიც მიემართება მის ქმედებებს უკრაინაში, სირიაში თუ ევროპაში. "ეს უნდა იყოს ყოველისმომცველი პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის ხელისუფლების ყველა რგოლი მიჰყვება და ასრულებს."

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე კონლიმ ასევე ვრცლად ისაუბრა იმაზეც, რომ კრემლის მავნე ქმედებების, პროპაგანდისა თუ საინფორმაციო ომებისას გამოყენებული სხვა ტექნოლოგიების წინააღმდეგ ღონისძიებები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს, ესენია: იდენტიფიცირება, სტაბილიზება და მობილიზება. ანალიტიკოსი ხსნის, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობისთვის იმის ახსნა თუ "რა ხდება და ვინ ვინ არის", საჭიროა გამჭვირვალობა, როგორც სახელმწიფო ისე არასახელმწიფო ინსტიტუტებისა, დაფინანსების წყაროების, მფლობელები გამოვლენა იქნება ეს თუ სხვა სახის ღიაობა. მას შემდეგ კი, როცა ყველაფერი ცხადია, საჭიროა ყველა არსებული რესურსის მობილიზება და სტრატეგიის შესრულება ამ ქმედებების წინააღმდეგ.

კონლი ამბობს, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება რთულია, როდესაც ევროპის წამყვან სახელმწიფოებშიც კი შერყეულია ნდობა ზოგიერთი ინსტიტუტიტს მიმართ და არ არსებობს "ერთიანი ევროპის" პოზიცია. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, გამჭვირვალობა და ძლიერი ინსტიტუტების შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ აგრესიული მეზობლის ჰიბრიდული თავდასხმები მოიგერიონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG