ევროკავშირი დღეს ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. სანქციების მიზანი პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოზე ზეწოლის გაზრდაა. ევროპის ქვეყნები ლუკაშენკოს რეჟიმს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არალეგალური მიგრანტების გადასვლის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
ეს ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული პირველი სანქციები არ იქნება. 2020 წლის აგვისტოში დემონსტრანტების დარბევისა და დაპატიმრების, ასევე არჩევნების გაყალბების გამო, ევროკავშირმა ბელარუსს უკვე დაუწესა სანქციები, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე შესამჩნევი გავლენა მოახდინა.
საკუთარი მოქალაქეებისადმი უკანონო მოპყრობასთან ერთად, ახლა ევროპის ბევრი ქვეყანა ლუკაშენკოს რეჟიმს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის არალეგალ მიგრანტებს ერაყიდან, ირანიდან და აფრიკიდან ბელარუსის გავლით ეხმარება ევროპაში შესვლაში. ევროპაში ამბობენ, რომ ლუკაშენკოს მიზანი ეკონომიკური ბლოკის დესტაბილიზაციაა.
„უფრო მკაცრი სანქციების დაწესება გვჭირდება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ სანქციები დავადოთ იმ ე.წ. ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ამ ფრენებს ახორციელებენ“, თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2021 წლის აგვისტოს შემდეგ, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ამბობენ, რომ ბელარუსიდან გადასული არალეგალური მიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ისინი ამაში ოფიციალურ მინსკს ადანაშაულებენ.
Facebook Forum