ასობით ადამიანი ვარშავისა და კრაკოვის ქუჩებში გამოვიდა და მიგრანტებისადმი უკეთესი მოპყრობა მოითხოვა. მიგრანტების უმრავლესობა ბელარუსიდან ევროკავშირის წევრი მეზობელი ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას ცდილობს. მათი დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდანაა.
საპროტესტო გამოსვლები კვირას გაიმართა. მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ახალი, უფრო მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადა.
ვარშავაში, პარლამენტის ქვედა პალატის წინ შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "შეწყდეს საზღვარზე წამება". ისინი დეპორტაციების შეწყვეტას და მიგრანტებთან უკეთეს მოპყრობას მოითხოვდნენ. პოლონეთმა საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა.
ევროკავშირის ლიდერები და წევრი სახელმწიფოების მეთაურები ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ლუკაშენკოს რეჟიმი დასავლეთის სანქციების პასუხად, მიგრანტებს ახლო აღმოსავლეთიდან ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხსნის და ამით ევროპას ახალ საფრთხეს უქმნის. ამ გზას უკვე უწოდეს "ბელარუსის მარშრუტი" და ლიეტუვისა და პოლონეთის მსგავსად, სხვა ევროპული სახელმწიფოებიც შეშფოთებულნი არიან. მიგრანტთა უმეტესობა ერაყიდან, სირიიდან, იემენიდან და ირანიდანაა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ ქვეყანას მაღალი, მტკიცე და მოძრაობის სენსორებით და სათვალთვალო სისტემებით კარგად აღჭურვილი ბარიერი სჭირდება იმისთვის, რომ ეს ნაკადები შეაჩეროს. ბარიერების გაძლიერების კუთხით შესაბამისი დოკუმენტაცია პარლამენტის დასტურს ელოდება. თუმცა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გაეროს ლტოლვილთა ორგანიზაცია აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ზომები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციას და რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას მოითხოვონ თავშესაფარი.