ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ლონდონის წინააღმდეგ გზებს ეძებს


ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის ხუთშაბათს დაუგეგმავი მოლაპარაკებები გაიმართა. საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმაზე, რომლის თანახმადაც "გაყრის შეთანხმების" ზოგიერთი ნაწილი იზღუდება.

ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებლები ამბობენ, რომ ბრიტანეთი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს და შეთანხმების ნაწილის შესრულებას არ აპირებს. ბრიუსელი ლონდონის წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს ეძებს. ამ შეხვედრების პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზეც.

სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებში თანხმობა ჯერ კიდევ არაა მიღწეული სახელმწიფო დახმარებისა და თევზჭერის საკითხებზე. ამ შეთანხმების გარეშე კი დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის ვაჭრობას 2021 წლის დასაწყისში გაურკვეველი ბედი ელის.

ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ლონდონს სამართლებრივად დაუპირისპირდნენ, თუმცა რეზოლუცია წლის ბოლომდე მაინც ვერ იქნება მიღებული. რადგან ბრიტანეთმა ევრობლოკი სრულად სწორედ ამ დროისთვის უნდა დატოვოს.

მოლაპარაკებებში ჩართული ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ თუკი ბრიტანეთი შეთანხმების ნაწილის დარღვევას იმისთვის აპირებს, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებში მეტი უპირატესობა მოიპოვოს, მას ეს არ გამოუვა.

ბრიტანეთის ხელისუფლება კი ამბობს, რომ მისი კანონპროექტი, რომელიც ოთხშაბათს წარმოადგინა, მხოლოდ გარემოებების დაზუსტებას ისახავს მიზნად და მისი პრიორიტეტი ჩრდილოეთ ირლანდიის 1998 წელს მიღებული სამშვიდობო შეთანხმებაა. კანონპროექტზე ორშაბათს იმსჯელებენ.


ამჟამად, უთანხმოების უმთავრესი საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიის თემაა, რომელსაც საზღვარი აქვს ირლანდიასთან. ეს უკანასკნელი კვლავ ევროკავშირის წევრია.

1998 წლის შეთანხმების მიხედვით, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის მყარი საზღვარი არ უნდა იყოს. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ბრიტანეთისა და ევროკავშირის "გაყრის შეთანხმება" მოუწოდებდა ჩრდილოეთ ირლანდიას, გაეგრძელებინა ევროკავშირის ზოგიერთი რეგულაციის შესრულება.

თუმცა, ამ კვირას წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი, ზოგიერთი ამ რეგულაციის შეცვლისა თუ უგულვებელყოფის საშუალებას იძლევა. ევროკავშირი კი ამას ლონდონის მხრიდან საერთაშორისო რეგულაციების და კანონმდებლობის წინააღმდეგ ქმედებად მიიჩნევს.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი. პელოსიმ თქვა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ასევე საფრთხეს შეუქმნის ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო მოლაპარაკების კონგრესში დამტკიცებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG