ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ ე.წ. გაყრის შეთანხმებას შესაძლოა კვლავ საფრთხე დაემუქროს. ამის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლონდონმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად, შემდეგი თვე დაასახელა. ეს შესაძლოა კიდევ ერთი, ახალი კრიზისი აღმოჩნდეს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების 4-წლიან საგაში, რომელიც 2016 წელს, არჩევნებში, ევრობლოკის დატოვების მომხრეთა მცირე უპირატესობით გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა, როგორც ირკვევა, ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომლითაც იანვარში ხელმოწერილი, ევროკავშირის დატოვების შეთანხმების ნაწილი, სხვაგვარად დარეგულირდება. თუმცა ამან, შესაძლოა, მთელ შეთანხმებას ძირი გამოუთხაროს და ასევე კვლავ პრობლემები შექმნას ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით. ამ კუთხით სპეციალური გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმისთვის, რომ სამხრეთით, ირლანდიასთან მყარი საზღვრის შექმნა თავიდან ყოფილიყო აცილებული.
ბრიტანეთი აცხადებს, რომ ის ე.წ. "გაყრის ხელშეკრულებას" პატივს სცემს და რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით დამატებითი სიცხადის შესაქმნელად განმარტებების შეთავაზება სურს, რათა სამომავლოდ, საკანონმდებლო სირთულეები აიცილოს თავიდან.
Facebook Forum