ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიულ უკუსვლას და რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი მოჰყვება - ევროკომისია


ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის სხდომათა დარბაზში. ბრიუსელი, ბელგია.
ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის სხდომათა დარბაზში. ბრიუსელი, ბელგია.

"თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, აწყდება სასტიკ, უკანონო ძალას პოლიციისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 10 დეკემბერს გაავრცელა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა. ევროკომისიის განცხადებით, 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ "დამატებით ზომებზე" იმსჯელებს.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს "რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოითხოვს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას".

ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაასრულოს "მოქალაქეების ფართო დაშინება, პოლიტიკური დევნა, სავარაუდო წამება და არასათანადო მოპყრობა".

"ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ დეესკალაციისკენ და ამ გარემოს დასრულებისკენ, რომელიც ქართველ ხალხს ძვირად უჯდება. ძალადობა არაა პასუხი დემონსტრანტების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის სპიკერის თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება "ქართული ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია:

"მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას და ბოლო დროს ხელისუფლების მიერ რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი ექნება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე", - ვკითხულობთ ტექსტში.

ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 დეკემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე განიხილავენ, რომლის დროსაც ისინი "დამატებით ზომებზე" იმსჯელებენ.

9 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც. მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.

დემონსტრაციების ძალისმეირ დაშლაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან ჩამოთვალა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესება „27-ივე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება.

მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი 2028 წლამდე არ დადგება დღის წესრიგში.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-მდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG