ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.
რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, დაშინებაზე, მოსყიდვაზე, დამკვირვებელთა შევიწროებაზე, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციაზე და მათ დამცირებაზე როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე მათ გარეთ.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.
ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ ტექსტში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ“.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ევროკავშირის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს. სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამას არ ემხრობა მინიმუმ ოთხი სახელმწიფო: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი.
ივანიშვილთან ერთად, რეზოლუცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს რეზოლუციის ერთი შესწორება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციას სახელწოდებით: "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.
დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: "ევროპის სახალხო პარტიამ", "სოციალ-დემოკრატებმა", "მწვანეებმა", "ლიბერალებმა" და "ევროპელმა კონსერვატორებმა".
18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში გაგზავნის ტექნიკურ მისიას. მისი თქმით, ეს იქნება „პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს, თუ რა მოხდა“.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია [დემოკრატიის] უკუსვლის გამო. ადგილზე სიტუაცია საჭიროებს შემოწმებას, გაანალიზებას და სწორედ ამას ემსახურება ტექნიკური მისია“, - განაცხადა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში მიიწვევს და გამოჰკითხავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.