ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს" - ევროკავშირის ელჩი


აველ ჰერჩინსკი
აველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხად, ევროკავშირისგან სანქციების დაწესებაა საჭირო.

დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე, პერსონალური სანქციების დაწესებას „27-ივე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“. ელჩი იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.

იგი ამბობს, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.

„ევროკავშირის დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმეტესობამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ვთანხმდებით, რომ უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს“, - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველოს წლების განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა; დაბოლოს, კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს აკავშირებდა საქართველოსთან ბოლო 10 წლის განმავლობაში, გადახედვას საჭიროებს. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ.

სანქციებთან დაკავშირებით კითხვაზე მან განაცხადა, რომ „ძალიან რთულია სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირისათვის, რადგან საჭიროა 27-ვე ქვეყნის ერთსულოვნება“.

„თუმცა, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული“.

„მე ვფიქრობ, - მე ვიმედოვნებ, - რომ ყველა დედაქალაქისათვის რთული იქნება იმ დონის ძალადობასა და სისასტიკეზე თვალის დახუჭვა, რასაც ვხედავთ. ვნახოთ, ორშაბათს დაწესდება თუ არა სანქციები“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება:

„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების კონკრეტულ კატეგორიები შეიძლება დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება მიღებული“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.

მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე მთავრობა ასევე უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

XS
SM
MD
LG