შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, სადაც უკვე კვირაზე მეტია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების უმეტესობა, ვისაც “ამერიკის ხმა” ბოლო დღეების განმავლობაში ესაუბრა, გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლას და საქართველოში კერძო პირების მიმართ სანქციების დაწესებას ემხრობა.
„ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს“,- აცხადებს ბენ კარდინი - შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ფიქრობს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია:
„ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა!", - ამბობს კონგრესმენი და დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის აგრესია უცხო და ახალი არაა.
"ამასთან, [ქართველები] ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი... თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი “, - აცხადებს უილსონი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც მაისში ე.წ. "მეგობარი აქტი" წარადგინა. ის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გულისხმობს და იმ პირთა პასუხისმგებლობას აყენებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის.
"მეგობარი აქტი" ივლისში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა, თუმცა "ამერიკის ხმის" კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა კონგრესის ამ მოწვევის ბოლო სესიის დასრულებამდე მის სრულ პალატაში კენჭისყრას, უილსონმა ცოტა ხნის წინ უპასუხა: "ვმუშაობთ, რათა "მეგობარი აქტი" კენჭისყრისას დადებითად გადაწყდეს". კონკრეტული ვადები მას არ დაუსახელებია, თუმცა იმეორებს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და საქართველოს ხელისუფლებას "დე-ფაქტო მთავრობად" მოიხსენიებს.
ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ასევე სანქციების დაწესებას ემხრობა. შაჰინი უმთავრესი ავტორი და წარმდგენია კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტის, რომელიც ასევე მაისში "ქართველი ხალხის აქტის" სახელით დარეგისტრირდა.
„მთელი საქართველოს მასშტაბით არის მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის მცდელობები, რაც ზრდის ძალადობას, ხდება თავდასხმა ოპოზიციის ლიდერებზე. ჩვენ ქართველ ხალხს და მის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, რათა მოსახლეობამ გააგრძელოს დასავლეთისკენ ყურება, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა; ვისაუბრეთ ზოგიერთ შესაძლო ქმედებაზე, რაც ჩვენი მხრიდან ამ პრობლემის მოგვარების მცდელობაა... ვფიქრობ, საქართველოში რამდენიმე ადამიანს სანქციები უნდა დაუწესდეს და ვიმედოვნებ, მთავრობა ამას გააკეთებს“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
მათგან რამდენადმე განსხვავებული მოსაზრება აქვს კონგრესმენ ადამ სმითს, რომელიც მიიჩნევს, რომ ზოგადად, სანქციების დაწესება შეიძლება საუკეთესო გამოსავალი არ იყოს.
„ვფიქრობ, ახალ კონგრესთან და ადმინისტრაციასთან ერთად, უნდა განვიხილოთ ის, თუ რა ხდება საქართველოში და რა უფრო შედეგიანი იქნება. ამ საკითხზე მტკიცე მოსაზრება არ გამაჩნია... თუკი ბევრ ქვეყანაში ბევრ რამეზე სანქციებს დავაწესებთ, ამით ბევრი [ქვეყნის] გაუცხოებას, ჩამოშორებას შევუწყობთ ხელს. ამიტომ, საკითხი უკეთ უნდა შევისწავლოთ. ვიცი, რომ პრობლემურ ნაბიჯებს დგამენ, ვიცი რა კანონები მიიღეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სანქციები ჩვენს ინტერესებს აწინაურებდეს, ასე რომ საქმეს ამ კონტექსტშიც უნდა შევხედოთ“, - ამბობს სმითი.
2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ, სანქციები დაუწესეს. ამის მიზეზად მათ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ხელყოფა დაასახელეს. სანქცირებულ პირებს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
საქართველოს მთავრობამ ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ელჩები 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, სადაც დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებმა ამ ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯის თაობაზე შეშფოთება გამოხატეს.
ამის შემდეგ, სანქციებზე განცხადება კიევმაც გააკეთა. 5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.
5 დეკემბერსვე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები პროცესებზე რეაგირებისთვის მის ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალების გამოსაყენებლად ემზადება. ამ დრომდე ამერიკამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, შეაჩერა 100 მილიონამდე ის დახმარება, რომელსაც ქვეყნის მთავრობას უწევდა, პენტაგონმა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი".
საქართველოში უკვე კვირაზე მეტია მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა პროევროპულ აქციებზე 338 პირი დააკავეს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, ზოგ მათგანს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული ოპერაციებიც დასჭირდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათი განმარტებით, ის არის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.
Facebook Forum