5 დეკემბერს, რამდენიმე გავლენიანი ამერიკელი სენატორი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. განცხადების მიხედვით, სენატორებს - ჯიმ რიშს (რესპუბლიკელი, აიდაჰოს შტატი), ჯინ შაჰინს (დემოკრატი, ნიუ-ჰემპშირის შტატი), ბენ კარდინს (დემოკრატი, მერილენდის შტატი), კრის კუნსს, (დემოკრატი, დელავერის შტატი), ლინდსი გრემსა (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინის შტატი) და დიკ დურბინს (დემოკრატი, ილინოისის შტატი) - საუბარი ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილთან. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და როგორც განცხადების ავტორები უწოდებენ, საქართველოში შექმნილი "სულ უფრო შემაშფოთებელი პოლიტიკური ვითარება" იყო.
„ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა გადაგვეცა ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერა მისი ხელმძღვანელობის მიმართ და გამოგვეთქვა ჩვენი სერიოზული შეშფოთება მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობრივი და სასტიკი პასუხის გამო, [ასევე] საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ - შეეჩერებინა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
დღეების განმავლობაში, ქართველი ხალხი მშვიდობიანი პროტესტის უფლებას იყენებს, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც სურთ, რომ ევროკავშირში მომავალი ჰქონდეთ. საქართველოს მოსახლეობას აქვს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა [ამერიკის მხრიდან]. ეს შეხსენება უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის", რომ ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში.
ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და ხალხის წინააღმდეგ ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად ნაბიჯებს გადადგამენ. მომავალი დღეები კრიტიკული იქნება საქართველოს მომავლისთვის და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს თავისი 32-წლიანი ტრადიცია მყიფე, მაგრამ მედგრად მებრძოლი დემოკრატიის მხარდასაჭერად",- ნათქვამია ამერიკელი aსენატორების ერთობლივ განცხადებაში.