ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურსულა ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია


ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. ის წერს, რომ წუხს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპის კავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას:

„ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება ქართველი ლიდერების ხელშია“, – წერს ფონ დერ ლეიენი და ქსელში აზიარებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.

"ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხსა და მის არჩევანთან - ჰქონდეს ევროპული მომავალი. ევროკავშირში შესასვლელი კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია", - წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მართა კოსის ერთობლივ განცხადებაში.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში უკვე მესამე დღეს მიდის უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები, რაც მოჰყვა 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG