ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგო და გამონაკლისი უნგრეთს - ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი


ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. 30 მაისი, 2022 წ.
ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. 30 მაისი, 2022 წ.

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს ეტაპობრივად განახორციელებს. რუსეთიდან საწვავის იმპორტის აკრძალვა თანდათან ამოქმედდება და დიდი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ევროკავშირის შეთანხმებაში უნგრეთისთვის სახმელეთო მილსადენებით მიწოდებულ საწვავზე ჯერჯერობით გამონაკლისია დაშვებული.

კვირების მანძილზე გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ, 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკი რუსეთისთვის ისტორიულად ყველაზე მკაცრ სანქციებზე შეთანხმდა. ემბარგო რუსული ნედლი საწვავის ევროკავშირში იმპორტის დაახლოებით 90%-ს შეეხება. "მიზანი რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის შეწყვეტაა" - თქვა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა.

ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობის 2/3 ბლოკში ტანკერების საშუალებით შედის, 1/3 კი - მილსადენით "დრუჟბა". საზღვაო იმპორტზე ემბარგო ფაზებად დაინერგება, ნედლ საწვავზე 6 თვის მანძილზე განხორციელდება და გადამუშავებულ პროდუქტებზე - 8 თვის განმავლობაში, განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ეს ნიშნავს, რომ ფორმალური პროცესების შემდეგ, იმპორტირებული ნავთობის 90%-ზე საბოლოო აკრძალვა სრულად 2023 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

რაც შეეხება უნგრეთისთვის მიცემულ დროებით შეღავათს, ამ შემთხვევაში საუბარია იმპორტის დარჩენილ 10%-ზე. უნგრეთის გარდა, "დრუჟბის" მილსადენით მიწოდებულ ნავთობზე დაშვებული გამონაკლისით, ასევე ისარგებლებენ სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.

შემდეგი სამიზნე რუსული გაზია?

ევროკავშირმა მანამდე ემბარგო რუსეთიდან იმპორტირებულ ქვანახშირზე დააწესა. სანქციები უკვე დაწესებული აქვს ბევრ რუსულ ფინანსურ უწყებას, თუ კერძო პირს. სანქციების ეს ახალი, მეექვსე რაუნდი შეეხო რუსეთის უდიდეს ბანკ "სბერბანკს", რომელიც "სვიფტის" საერთაშორისო სისტემიდან გაირიცხა.

იმის მიუხედავად, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას სურს, რომ სანქციები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზეც გავრცელდეს, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საკმაოდ კატეგორიული განცხადება გააკეთა. "გაზი ვერ იქნება შემდგომი სანქციების ნაწილი... რუსული საწვავის კომპენსაცია გაცილებით იოლია... გაზი კი სულ სხვა საკითხია,"- თქვა მან.

ევროპა დამოკიდებულია რუსული გაზის მიწოდებაზე. ბრიუსელმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ზამთრის დადგომის წინ, ბუნებრივი აირის რეზერვი 80%-ით შეავსონ. ამ ეტაპზე რეზერვი საშუალოდ 46%-ით არის სავსე.

ოთხშაბათს მოსკოვმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ნიდერლანდებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდებმა არ დააკმაყოფილა კრემლის მოთხოვნა, ნედლეულის საფასურის რუსული "რუბლით" გადახდის თაობაზე. მანამდე რუსეთმა იგივე ზომები მიიღო პოლონეთის, ბულგარეთის და ფინეთის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG