ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი მზად არაა რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის


ბრიუსელმა ვერ მიაღწია შეთანხმებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საკითხზე. გაერთიანება ამ კუთხით არაა ერთიანი. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები ორშაბათს და სამშაბათს პრინციპულ განაცხადს გააკეთებენ, რომ იმპორტი უნდა აიკრძალოს. რამდენიმეკვირიანი საუბრის შემდეგ, ისინი საბოლოო გადაწვეტილებას იმის თაობაზე, თუ პრაქტიკაში ამას რა შედეგები ექნება, მომავლისთვის ტოვებენ.

„ჩვენ ვაღწევთ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტის წინ.

„როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების ტექსტი, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, ამბობს, რომ რუსეთიდან ნავთობს იმპორტი აიკრძალება, თუმცა გამონაკლისი დაშვებული იქნება ნედლ ნავთობზე, რომელიც მილსადენითაა მიწოდებული.

ტექსტის მიხედვით, გათვალისწინებულია ზღვით მიწოდებული ნავთობის სანქცირება, ხოლო მილსადენით მიწოდებული ნავთობის საკითხი, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის, გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება განხილული.

"ჯერ აქამდე ვერ მივედით", - თქვა ურსულა ფონ დერ ლეინმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე საუბრისას.

გადაწყვეტილების მიღწევა, ესტონეთის პრემიერის თქმით, უფრო რეალურია გაერთიანების სამიტზე, რომელიც ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი. ბლოკის განცხადებით, ისინი ეცდებიან გამონახონ გზები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი შეჯიბრი, მათ შორის ვინც რუსულ ნავთობს იღებს და ვინც მის იმპორტს კრძალავს.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უდიდესი ბანკის „სბერბანკის“ სვიფტის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირში რუსული მედიის საქმიანობის აკრძალვას და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქის აქტივების გაყინვას.

კიდევ ერთი შესაძლო გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს სესხების გამოყოფას, რათა მთავრობამ მომდევნო ორი თვის მანძილზე ხელფასების გადახდა და ფუნქციონირება შეძლოს. მოგვიანებით გადაწყდება, თუ როგორ შეგროვდება ეს თანხები.

ასევე, სამიტის გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიის მიხედვით, ლიდერები მხარს დაუჭერენ საერთაშორისო ფონდის შექმნას, უკრაინის მომავალი აღდგენის მიზნით. ეს ასევე უკავშირდება რუსი ოლიგარქებისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო წრისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს და მის ლეგალურ მხარეებს.

ლიდერები ასევე დადებენ პირობას, დაეხმარონ უკრაინას განაგრძოს მისი მარცვლეულის ექსპორტი, რკინიგზით და სატვირთო მანქანების მეშვეობით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ფლოტი, შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას ახორციელებს.

ბრიუსელს სურს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეჩერების მიზნით, ფასებზე კონტროლის დაწესება.

თუმცა კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ბრიუსელი ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას ისაა, რომ წინადადება აკრძალულიყო ევროკავშირში რუსებისთვის უძრავი ქონების შესყიდვა, ჩავარდა, მას შემდეგ რაც მას კვიპროსმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

XS
SM
MD
LG