ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“უნდა დაწესდეს სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა მათთვის, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს, “ - კრამერი და კელი


საქართველოს მეგობრები ამერიკიდან, დიპლომატი იან კელი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, ამბობენ, რომ „საქართველოში პუტინი იმარჯვებს“ და მოუწოდებენ დასავლეთს მიიღოს მკაცრი ზომები, მათ შორის დააწესონ სანქციები და შემოიღონ მოგზაურობის აკრძალვები ადამიანებისთვის, რომლებიც მათი თქმით საქართველოს მომავალს საფრთხეს უქმნის.

„შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, რათა დაეხმარონ ამ დესტრუქციული ძალების შეკავებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებსაც სურთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება. დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები მათთვის ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს,“- წერია დევიდ კრამერისა და იან კელის მიერ გამოქვეყნებულსტატიაში.

კრამერიც და კელიც საქართველოს კარგად იცნობენ და მოვლენებს თვალს ახლოდან ადევნებენ, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში არსებული ვითარება რუსულ მოდელს ჰგავს.

„უკრაინაში კრიზისის პირობებში საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს რუსულ მოდელს ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით,“- წერია „ბულვარკში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ საართველო ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე დგას, რაც ქვეყნის დასავლურ მომავალს აზიანებს. სტატიის ავტორები საუბრობენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო ყველაზე შემაშფოთებელი ნაბიჯი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება იყო. გვარამიას დაკავებას ავტორები სტატიაში „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ.

სტატიის ავტორები მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ციხეში ყოფნის დროს სააკაშვილის „ჯანმრთელობა გაუარესდა“ და მას „ციხეში ცუდად მოეპყრნენ“.

იან კელი და დევიდ კრემერი სტატიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს და მთავრობა „ ანადგურებს ინსტიტუტებს, რომლებსაც შეეძლოთ ამ ძალაუფლების კონტროლი“.

ამის ერთ-ერთ მაგალითად კი სტატიაში საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზე. „ქართული ოცნების მთავრობამ გააუქმა აშშ-სა და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებული შეთანხმება, აუცილებელი საარჩევნო რეფორმების განსახორციელებლად,“- წერია სტატიში.

იან კელი და დევიდ კრამერი ასევე წერენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უკრაინის მიმართ „შემაშფოთებელია“ და ამატებენ, რომ ამერიკას შეუძლია სანქციები დაუწესოს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგალითისთვის კი მოჰყავთ უკრაინელი ოლიგარქი იჰორ კოლომოისკი და მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომლებიც დასანქცირებულები არიან

„ძალიან საჭიროა და დიდი ხანია ამის დრო მოვიდა ივანიშვილის შემთხვევაშიც,“- წერია სტატიაში.

ვრცლად სტატიას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

XS
SM
MD
LG