ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უკანონო და პოლიტიკურად  მოტივირებული“ - არასამთავრობო სექტორი გვარამიას პატიმრობაზე


თბილისის საქალაქო სასამართლომ, „მთვარი არხის“ გენერალური დირექტორი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, რასაც სსკ-ის 220-ე მუხლი ითვალისწინებს, დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი დღეს გამოაცხადა და ნიკა გვარამიას სასჯელის სახით, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მოსამართლე გვარამიასთვის კიდევ ერთ, მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წაყენებული ბრალი 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა და ამ ნაწილში სასჯელად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა განუსაზღვრა.

"სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა, ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

„ყოჩაღ!“ - ამ რეპლიკით შეხვდა სასამართლო დარბაზში მყოფი ნიკა გვარამია, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას. გავარიამია თავს დამნაშავედ არ სცონობს. მან ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთანაც ისაუბარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სამი სხვა მუხლით - 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 221-ე (კომერციული მოსყიდვა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება).

დაცვის და ბრალდების მხარეთა პოზიციები

ადვოკატები, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. თუმცა, დიმიტრი საძაგლიშვილის იმედი არ აქვს, რომ შემდეგი ინსტანციის სასამართლო განაჩენს შეცვლის.

სამართლებრივად ჩვენ, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ. ოღონდ არა იმიტომ, რომ აპელაციაში გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო დაგვხვდება, არა. უბრალოდ, ესენი ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას, უბრალოდ აჟღერებენ. როგორც [მოსამართლე] ჩხიკვაძეს არ ეყო დამოუკიდებლობა და გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იგივე იქნება ზედა ინსტანციებშიც. მაგრამ, ჩვენ სამართლებრივად მაინც მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გამოტანილი განაჩენის საპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს პროკურატურაც.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის 6 763 509 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, „თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას, ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.“

პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, კანონით დადგენილ ვადებში გეგმავს.

არასამთავრბო სექტორის შეფასებები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტელეკომპანია „მთვარის“ გენერალური დირექტორის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებას, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, „რაც დამატებით შეუწყობს ხელს, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.“

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებითვე, საბოლოოდ, საქმეზე განაჩენის 2022 წლის 16 მაისს გამოცხადებით, დაირღვა საქმის განხილვის 24 თვიანი ვადაც. კერძოდ, სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG