ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს გვიქმნის, რასაც რეაგირება მოჰყვება


დღეს მოსკოვმა ღიად განაცხადა, რომ ფინეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მტრული ნაბიჯი იქნება, რაც რუსეთის უსაფრთხოებას "დანამდვილებით" ემუქრება. შესაბამისად, კრემლი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მათი მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

მოსკოვი კონკრეტულად არ ამბობს, თუ რა შეიძლება მან მოიმოქმედოს ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში. თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ახლოს მიწევს ალიანსი სამხედრო ძალებს რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ორ ქვეყანას შორის საზღვარი დაახლოებით 1 300 კილომეტრზეა გადაჭიმული.

რუსეთი ვალდებული იქნება გადადგას "სადამსჯელო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნოლოგიური, ისე სხვა სახის, რათა შეაჩეროს მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შექმნა... ჰელსინკიში უნდა იცოდნენ ასეთი სვლის პასუხისმგებლობის და შედეგების შესახებ" - განაცხადა დღეს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

ფინეთი და აქამდე ნეიტრალური შვედეთი ბოლო თვეებია გახსნილად საუბრობენ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. ეს რუსეთის მიერ 24 თებერვალს მეზობელ უკრაინასთან დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის უშუალო შედეგად განიხილება. რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ, კრემლი კი დაბეჯითებით იმეორებს, რომ ნატოს ექსპანსიას არ დაუშვებს და უკრაინის წინააღმდეგ "სპეცოპერაციის" მიზანიც რუსეთის საზღვრებთან ალიანსის დაუშვებლობა იყო. ნატო ამაზე პასუხად ამბობს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხეს არავის უქმნის.

"ფინეთი შეუერთდა ევროპის კავშირის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებს. ეს ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს და წარმოადგენს საპასუხო სიმეტრიული ზომების მიზეზს" - თქვა დმიტრი პესკოვმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს რუსეთს, პესკოვმა განაცხადა: "დანამდვილებით. ნატოს ექსპანსია ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს არ გახდის".

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინტენსიური დაბომბვების შედეგად, უკრაინის ქალაქები - ნანგრევებად, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე, კრემლს დედაქალაქ კიევიდან უკანდახევა მოუწია, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე სამხედრო წარმატებას უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში მაინც მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG