ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს თქმით უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემებით


გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისია უკრაინაში აცხადებს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში “ათასობით” უფრო მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემები, 3381 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ.

ჟენევაში, მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა თქვა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მარიუპოლი “შავ ხვრელად” იქცა, რაც ართულებს გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომას. მარიუპოლში უკრაინის ხელისუფლება ათობით ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლის შესახებ საუბრობს.

ამავდროულად, გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამშაბათს რეზოლუცია მიიღეს, რომლის შედეგადაც შესაძლოა ორგანიზაციის რუსეთის რეგიონული ოფისი დაიხუროს. ეს ორგანიზაციის პასუხია რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე უკრაინის წინააღმდეგ.

ევროპის რეგიონის წარმომადგენლებმა რეზოლუციას 43 ხმით 3-ის წინააღმდეგ უყარეს კენჭი. სამი ხმა რუსეთს, ბელარუსსა და ტაჯიკეთს ეკუთვნოდა. რეზოლუციის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია მოსკოვის იზოლირებისთვის.

რეზოლუცია უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციას უწოდებს და საუბრობს იქ მასობრივ მსხვერპლსა და ინფექციური და ქრონიკული დაავადებების გამწვავებაზე, რაც შედეგად მოჰყვება რუსეთის სამედრო აგრესიას.

რუსეთის წარმომადგენელი ანდრეი პლუტნიცკი რეზოლუციას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ "უკიდურესად იმედგაცრუებულია". თუმცა ზოგი, ვინც რეზოლუციას აკრიტიკებს, ამბობს, რომ ის საკმარისად მკაცრი არ არის.

XS
SM
MD
LG